2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კახეთში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის, 318 662 ლარი იყო გათვალისწინებული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა თვეში 5 900 ლარია (წელიწადში - 70 800 ლარი). გუბერნატორის პირველი მოადგილის შრომის ანაზღაურება თვეში 3 900 ლარს შეადგენს (წელიწადში 46 800 ლარი). 3 050 - 3 050 ლარით არის განსაზღვრული გუბერნატორის მეორე და მესამე მოადგილეების ხელფასი (წელიწადში 36 600 ლარი).

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა თანხები იხარჯებოდა კახეთის გუბერნატორის აპარატში შრომის ანაზღაურებაზე გასულ წლებში.

სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელსაც თანამდებობაზე საქართველოს მთავრობა ნიშნავს. მისი უფლებამოსილების სფეროს საქართველოს მთავრობის რეგიონული პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მთავრობის სხვა დავალებების შესრულება წარმოადგენს. გუბერნატორი და მისი მოადგილეები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან.

2008 წლის მაისში კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნა. მისი ხელფასი 2 950 ლარს შეადგენდა.გუბერნატორის პირველი მოადგილის ხელფასი 2 360 ლარი იყო, მეორე მოადგილის ანაზღაურება კი - 2 250 ლარი. კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით,2008 წელს გუბერნატორის ადმინისტრაციაში 21 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო შრომის ანაზღაურებებისთვის 344 471 ლარი იყო გათვალისწინებული.

სხვადასხვა დროს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებების მიხედვით,ათი წლის მანძილზე გუბერნატორისა და მისი მოადგილეების ხელფასის ოდენობა არ შეცვლილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად, პრემიას წელიწადში რამდენჯერმე იღებდნენ.

2017 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი დაამტკიცა. აღნიშნული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განსაზღვრული ყველა რანგის სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს ზღვრულ მაჩვენებელს აწესებს. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას, საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართი(მუხლი 5.3)შეგიძლიათ იხილოთ პირველ ცხრილში.

ამავე კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევა (მუხლი 20, მუხლი 21). აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილეები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, შესაბამისად, კანონის მიხედვით, ისინი სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს აღარ იღებენ.

კანონი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. 2018 წლის 29 იანვარს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება დაამტკიცა, რის შედეგადაც, გუბერნატორის ხელფასის ოდენობა გაორმაგდა და 5 900 ლარით განისაზღვრა.გაიზარდა გუბერნატორის მოადგილეების სარგოების მოცულობაც. ამდენად, მიმდინარე წლიდან გუბერნატორები ყოველთვიურად იმ რაოდენობის ხელფასს იღებენ, რასაც ისინი წინა წლებში ხელფასის, პრემიის და დანამატის ჯამის სახით იღებდნენ, თუმცა მათ აღარ აქვთ პრემიის და დანამატის მიღების საშუალება.

რაც შეეხება გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობას, 2014 წლამდე საშტატო ნუსხით განსაზღვრული რიცხოვნობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ექვსზე მეტი მუნიციპალიტეტია 53 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ექვსზე და ნაკლები მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 46 ერთეულს. თუმცა, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებები შემცირდა (მათ შორის, მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა), რამაც ადმინისტრაციის დასაქმებულ პირთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია და 2014 წლიდან ეს მაჩვენებელი 32-31 ერთეულით განისაზღვრა. თანამდებობრივი სარგოების მოცულობა კი, უცვლელი დარჩა.

2008-2012 წლებში უწყებაში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათი თანამდებობრივი სარგო ასე გამოიყურება:

ცხრილი 1: თანამშრომელთა რაოდენობა 2008-2012 წლებში და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურება

წლები

თანამშრომელთა რაოდენობა

წლიური თანამდებობრივი სარგო

2008

21

344 471

2009

28

325 000

2010

50

488 984.26

2011

50

488 475.66

2012

50

517 511


2013 წლის დეკემბერში კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ირაკლი შიოლაშვილი
დაინიშნა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, გუბერნატორისა და მისი მოადგილეების ხელფასის ოდენობა არც ამჯერად შეცვლილა, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, 2014-2015 წლებში, შიოლაშვილმა გუბერნატორებს შორის ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი და პრემია აიღო (41 ათასი ლარი).

2014 წლიდან კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 52-დან ეტაპობრივად 22-მდე შემცირდა, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანხა, ბოლო სამ წელში, თითქმის, უცვლელი დარჩა.

2016 წლის სექტემბერში კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წინამორბედების ტრადიცია არც ქადაგიშვილმა დაარღვია და 2016 წელს სახელფასო დანამატის სახით 158 616 ლარი, ხოლო პრემიებზე 123 754 ლარი გასცა. ამავე კვლევის თანახმად, 2017 წელს კახეთის ადმინისტრაციაში გაცემულმა სახელფასო დანამატმა 65 415 ლარი, პრემიამ კი ცხრა რეგიონს შორის ყველაზე მეტი - 53 050 ლარი შეადგინა.

ცხრილი 2: თანამშრომელთა რაოდენობა 2013-2018 წლებში და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურება

წლები

თანამშრომელთა რაოდენობა

წლიური თანამდებობრივი სარგო

2013

52

506 074

2014

51

402 717

2015

29

294 970

2016

31

320 586

2017

26

315 500

2018

22

318 662

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ბიუჯეტს კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე ყველაზე მეტი ხარჯის გაწევა 2012 წელს მოუხდა (517 511 ლარი). 2015 წელს წელს სამხარეო ადმინისტრაციისთვის ხარჯი თითქმის განახევრდა. ბოლო წლებში (2015-2016) ხარჯის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობას, ბოლო წლების განმავლობაში კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. თუ გუბერნიაში 2013 წელს 52 ადამიანი იყო დასაქმებული, წელს მათი რიცხვი 22-ია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი