რეზიუმე: სახელმწიფო საწარმოების ჯამურმა ზარალმა 2017 წელს 562 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ მოცულობაში ძირითადი კომპონენტი ე.წ. ბუღალტრული ზარალია, რაც ცალკეული კომპანიების აქტივების ჩამოფასებითაა გამოწვეული. კერძოდ, შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაგრძელებაზე უარის თქმის შედეგად 2010-2012 წლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის ღირებულება 383 მლნ-ით შემცირდა. 250 მლნ ლარის მოცულობით ზარალი სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში ასევე აქტივების (ელექტროგადამცემი ხაზები) ჩამოფასებით არის გამოწვეული. აღნიშნული აღიარებული გაუფასურების ზარალის გარეშე სახელმწიფო კომპანიების ჯამური მოგება 71 მლნ ლარს შეადგენს.

შესაბამისად, თუნდაც ე.წ. ბუღალტრული ზარალის მოცულობის ჩათვლით, მილიარდიან ზარალზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. თუმცა, სახელმწიფო საწარმოების ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტურობაზე მითითება სავსებით სამართლიანია, ვინაიდან ორგანიზაციების საბოლოო შედეგს მოგების მიღება უნდა წარმოადგენდეს და არა ზარალის მინიმიზება. 2017 წელს კი 5 მლრდ ლარზე მეტი კაპიტალდაბანდების მქონე 236-მა ორგანიზაციამ მთავრობის სასარგებლოდ დივიდენდის სახით, მხოლოდ, 300 000 ლარი გადაიხადა[1].

დასახელებული ცალკეული ორგანიზაციების შემთხვევაში დეპუტატის განცხადების პათოსი ძირითადად სწორია. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფით გავლენას, მენეჯმენტის შესაძლო არაეფექტურობასთან ერთად, ხელისუფლების ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელი, თუმცა სოციალური ასპექტის მქონე პოლიტიკური გადაწყვეტილებები ახდენს. მათ შორისაა ენერგომატარებლებზე ტარიფის შენარჩუნების მიზნით გატარებული ღონისძიებებიც (მაგ. გაზის ტარიფის სუბსიდირება). აღნიშნული პოლიტიკის მიზნშეწონილობა კითხვებს ბადებს, თუმცა საკითხზე მსჯელობა საკუთარ თავში სახელმწიფოს როლის შესახებ იდეოლოგიურ შეხედულებებს შეიცავს, შესაბამისად, ფაქტ-მეტრი მოცემული საკითხის განხილვაში არ შედის.

ანალიზი

სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ მაჩვენებლებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმაერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანრომან გოცირიძემ განაცხადა: „გაკოტრებულია ყველა სახელმწიფო საწარმო, მათ შორის ასეულ მილიონობით ზარალი აქვს ელექტროგადაცემას, გაზის სექტორი მთლიანად დეგრადირებულია, ნაცვლად იმისა, რომ მოგებაზე გადიოდეს მცირდება, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, იგივე ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია და ა.შ. შარშან სახელმწიფო სექტორმა მილიარდ ლარზე მეტი ზარალი განიცადა“.

სამართლებრივად, სახელმწიფო საწარმოდ მხოლოდ ის ორგანიზაციები განიხილება სადაც სახელმწიფო[2] პირდაპირ ფლობს წილს. თუმცა, სახელმწიფო საწარმოებზე საუბრისას, მათ რიგში შესაძლებელია ვიგულისხმოთ ორგანიზაციები, რომლებიც მათგან თვისობრივად არ განსხვავდებიან. ასეთი შესაძლებელია იყოს: ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ დაფუძნებული საწარმოები; სახელმწიფო საწარმოების შვილობილი კომპანიები; სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ავტონომიური რესპუბლიკების სსიპ-ების მიერ დაფუძნებული კერძო საწარმოები. აღნიშნულ კატეგორიებში მოქცეული ორგანიზაციების შესახებ აგრეგირებული სრულყოფილი მონაცემების მიღება, სიღრმისეული კვლევის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, მოცემული სტატიის მიზნებს აკმაყოფილებს ფისკალური რისკების ანალიზისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების შესახებ მონაცემები. ასეთად მიიჩნევა შემდეგი სახელმწიფო ორგანიზაციები: ა) ცენტრალური მთავრობის ყველა საწარმო; ბ) მუნიციპალური საწარმოები, რომელთა წლიური ბრუნვა აღემატება 200 ათას ლარს, ან გაცემული ხელფასები 15 ათას ლარს. დანარჩენი სახელმწიფო საწარმოები, შეიძლება ითქვას, მხოლოდ იურიდიულად არსებობს, ან მათი როლი და მნიშვნელობა არა არსებითია.

მოყვანილ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მყოფ ფისკალური რისკისთვის მნიშვნელოვან საწარმოთა რიცხვმა, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 286 ერთეული შეადგინა[3]. 236 სახელმწიფო საწარმოდან 159 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 77 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია. მუნიციპალიტეტების მფლობელობაში არსებულ სახელმწიფო საწარმოებიდან 32 კომპანია არის თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში და მათი წილი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული საწარმოების მთლიანი ბრუნვის 94%-ზე მეტს შეადგენს. ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არსებული 159 საწარმოდან 111 საწარმო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში იმყოფება; 26 საწარმო შექმნილი საპარტნიორო ფონდის წილობრივი მონაწილეობით; 3 ერთეული მართვის უფლებით კერძო ორგანიზაციებზეა გადაცემული, დანარჩენი ორგანიზაციები კი, სხვადასხვა სამინისტროს მართვაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ნეგატიურ მაჩვენებლების მქონე ორგანიზაციებზე ზედამხედველობა ეკისრება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს[4], რომელიც ახორციელებს კომპანიის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, პრივატიზაციის ან შერწყმის სამუშაოებს. ამგვარი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სააგენტოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიების რაოდენობა 2009-2017 წლებში 1 315-დან 106-მდე შემცირდა. 2018 წლის განმავლობაში გაკოტრებული საწარმოების რაოდენობა 9, შერწყმული საწარმოების ოდენობა კი, 10 ერთეულს შეადგენს, პრივატიზებულია 2 საწარმო. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ გაკოტრება, როგორც წესი, წლების მანძილზე უფუნქციო ორგანიზაციების მიმართ გაკოტრების სამართლებრივი პროცედურების ფორმალურად განხორციელებას გულისხმობს და არა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესს რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ტერმინ „გაკოტრების“ ქვეშ მოიაზრება[5].

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების აგრეგირებულ ფინანსურ მაჩვენებლებს. 2017 წლის მდგომარეობით, გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიებში მთლიანი შემოსავლები 10%-ით გაიზარდა. დანახარჯების ზრდა შემოსავლების ზრდას აღემატება და 12%-ს შეადგენს. საერთო ზარალმა კი 2017 წლისათვის 562.1 მლნ ლარი, ხოლო 2016 წელს - 434.7 მლნ ლარი შეადგინა, შესაბამისად, ზარალი გაიზარდა 127.4 მლნ ლარით. თუმცა, ზარალზე საუბრისას, სრულყოფილი სურათის დასანახად, მნიშვნელოვანია გაირკვეს მისი მაფორმირებელი კომპონენტები. 2017 წლის ზარალიოდენობა ძირითადად განაპირობა აუდიტორული კომპანიის მიერ აქტივების ჩამოფასების ოპერაციამ. კონკრეტულად, საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში აუდიტორული კომპანია KPMG-ს მიერ ფუჭ აქტივად იქნა აღიარებული 382.6 მლნ ლარის 2010-2012 წლებში წარმოებული მშენებლობა[6] (შემოვლითი რკინიგზის პროექტი), ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში 250.1 მლნ ლარის. აღნიშნულზე კორექტირებით, 2017 წლის შედეგებით, წმინდა მოგება შეადგენს 70.6 მილიონ ლარს, რაც წარმოადგენს 434.8 მილიონით გაუმჯობესებას 2016 წელთან შედარებით. თავის მხრივ 2016 წლის ზარალი დიდწილად მოდის „მარაბდა-კარწახის რკინიგზაზე“ რომელიც მშენებლობის პროცესში იყო, გასწევდა ხარჯებს, თუმცა შემოსავლების გენერირებას არ ახდენდა. შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების მიერ დაფიქსირებულ მილიარდიან ზარალზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, არაეფექტურობაზე მითითება სავსებით სამართლიანია, ვინაიდან ორგანიზაციების საბოლოო შედეგს მოგების მიღება უნდა წარმოადგენდეს[7] და არა ზარალის მინიმიზება. 2017 წელს კი 5 მლრდ ლარზე მეტი კაპიტალდაბანდების მქონე 236-მა ორგანიზაციამ მთავრობის სასარგებლოდ დივიდენდის სახით მხოლოდ 300 000 ლარი გადაიხადა. უშუალოდ დეპუტატის მიერ დასახელებული ორგანიზაციების მოგების მოცულობის ცვლილებას გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1: წმინდა მოგება გადასახადის გადახდის შემდგომ (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აღსანიშნავია სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალის სპეციფიკური ასპექტი. კერძოდ, 2017 წლის ფინანსური ზარალი (320 მლნ ლარი) ძირითადად გამოწვეულია შვილობილი კომპანია შპს „ენერგოტრანსის“ აქტივების ჩამოფასებით (250 მლნ ლარი). აუდიტორების მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა კომპანიის აქტივების ჩამოფასების აუცილებლობა ტრანზიტიდან მისაღები შემოსავლების შემცირების გამო[8], 400 კვ-იანი გადამცემი ხაზის დატვირთვის შემცირების შედეგად. აღნიშნული არ არის ორგანიზაციის შიდა მიზეზებით გამოწვეული და მენეჯმენტის გავლენის ფარგლებში არ ექცევა.



[1] არ მოიცავს აქტივების გადაცემასა და სხვა არაფინანსურ ტრანსფერებს

[2] ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ დაფუძნებულ საწარმოებში თეორიულად სახელმწიფო არ არის წარმოდგენილი მესაკუთრედ

[3] 236 საწარმო და ამ ორგანიზაციების შვილობილი 50 კომპანია, ჯამში 286 ერთეული

[4] შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში

[5] რეალურად წარსულში გაკოტრებული საწარმოების ფორმალურად გაკოტრებულად გამოცხადება

[6] ზარალი ბუღალტრულად იქნა აღიარებული 2017 წელს, მაგრამ ქრონოლოგიურად არ განეკუთვნება ამ პერიოდს

[7] გარდა ცალკეული შემთხვევისა, როცა საწარმო სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება

[8] აქტივის დღევანდელი ღირებულება დადებით კორელაციაშია აქტივის გამოყენების შედეგად მომავალში მისაღები ფულადი ნაკადების ოდენობასთან. მისაღები ნაკადების შემცირება აქტივის ღირებულების შემცირებას განაპირობებს

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი