რეზიუმე: ბიძინა ივანიშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა პერიოდს ან რა მაჩვენებელს გულისხმობს. ჩვენ მიერ განხილული მაჩვენებლებისა და შერჩეული სხვადასხვა პერიოდის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლის სამჯერ შემცირება არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

თუ წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელში აღკვეთის ღონისძიებათა მთლიან რაოდენობაში პატიმრობათა ხვედრით წილს მოვიაზრებთ, ვნახავთ, რომ არა თუ შემცირდა, არამედ 2018 წლის მაჩვენებელმა (43.1%) 2012 წლის მაჩვენებელსაც (41.9%) კი გადაასწრო (1.2 პროცენტული პუნქტით). რაც შეეხება 6 წლიანი პერიოდების შედარებას, „ქართული ოცნების“ მმართველობის საშუალო მაჩვენებელი (32.5%), მხოლოდ 1.5-ჯერ ჩამოუვარდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (47.6%).

ასევე, 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებელი 1.2-ჯერ არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა (74.5%). რაც შეეხება ქართული ოცნების მმართველობის 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელს (2007-2012 წლები - 93.6%; 2013-2016 წლები - 65.5%), წინა ხელისუფლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ის 1.4-ჯერ შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, პატიმრობის შეფარდებათა შემთხვევები რაოდენობრივად მართლაც იკლებს, თუმცა მხოლოდ აბსოლუტურმაჩვენებელზე აპელირება არასწორია. ამასთან, ისევე როგორც აბსოლუტურის, ფარდობითი მაჩვენებლის კლებაც 2011 წლიდან იწყება, შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რომელ რეფორმას უნდა მივაწეროთ აღნიშნული მაჩვენებლების კლება.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მოხმობით, საზოგადოებას სასამართლო სისტემაში არსებული პროგრესი (მისი მოსაზრებით) გააცნო. მან ყურადღება აღკვეთის ღონისძიების ზომად პატიმრობის გამოყენების მაჩვენებლის შემცირებაზე გაამახვილა. ივანიშვილის განცხადებით (39-ე წთ), „სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების უკიდურეს ზომას წარმოადგენს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205- მუხლის მიხედვით, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

როდესაც წინასწარი პატიმრობის შესახებ მონაცემებს სასამართლოს დამოუკიდებლობის და „პროკურატურის მარწუხებისგან გათავისუფლების“ საზომად ვიყენებთ, საინტერესოა როგორც პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი (ვგულისხმობთ სასამართლოს მიერ წლის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიების ზომად პატიმრობის გამოყენების ხვედრით წილს), ასევე ისიც თუ როგორია პატიმრობასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებელი. თუმცა, შესაძლოა არც აღნიშნული იყოს საკმარისი ზუსტი სურათის დასადგენად. კერძოდ, არ არის გამორიცხული აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შესახებ შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებლის ზრდა/კლება არა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებით, არამედ პროკურატურის მუშაობის გაუმჯობესებით/გაუარესებითა და სხვა ობიექტური გარემოებებით იყოს განპირობებული.

უზენაესი სასამართლოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა, 2012 წლიდან მან კლება დაიწყო. ყველაზე შესამჩნევი კლება კი 2012 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში, შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებლის მკვეთრი კლება უმეტესწილად იმან განაპირობა, რომ საპროცესო შეთანხმებების გამო წინასწარ პატიმრობათა შესახებ შუამდგომლობები განუხილველად დარჩა (იხ. ცხრილი 1). თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, აღნიშნულ პერიოდში (და შემდეგ წლებშიც), სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და აღკვეთის ღონისძიების სხვა - უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების მაჩვენებელიც, ასევე, შესამჩნევად არის გაზრდილი.

ცხრილი 1: წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობათა რაოდენობა და უარის თქმის მაჩვენებელი (%)

პატიმრობის შუამდგომლობა

დაკმაყოფილდა

(%)

უარი პატიმრობაზე და შეეფარდა სხვა ღონისძიება

(%)

განუხილველად დარჩა საპროცესო შეთანხმების გამო (%)

უარი აღკვეთის ღონისძიებაზე (%)

2007

9 559

93,4

6,1

0,4

0,1

2008

8 197

95,2

4,4

0,3

0,1

2009

8 713

94,1

3,2

2,6

0,1

2010

8 761

92,6

0,9

6,5

0,0

2011

6 948

94,4

0,1

5,5

0,0

2012

4 154

91,9

2,8

5,1

0,1

2013

5 222

65,4

9,0

24,0

1,6

2014

7 176

60,8

7,9

28,7

2,6

2015

6 196

59,4

34,5

4,7

1,5

2016

5 044

61,1

33,3

4,5

1,1

2017

4 506

72,1

23,1

4,2

0,6

2018

5 784

74,5

21,6

3,7

0,2

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

2016 წლიდან წინასწარ პატიმრობათა შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელმა კვლავ ზრდა დაიწყო და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა - 74.5%.

გრაფიკი 1: 2003-2017 წლებში პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიების ზომად პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობათა რაოდენობა და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილების მაჩვენებელი (%)

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

როგორც გრაფიკიდან ირკვევა, 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებელი 1.2-ჯერ არის შემცირებული. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელს (2007-2012 წლები - 93.6%; 2013-2016 წლები - 65.5%), წინა ხელისუფლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ის 1.4-ჯერ შემცირდა.

უზენაესი სასამართლოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, წინა ხელისუფლების დროს წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, 2010 წლიდან მას კლების ტენდენცია ახასიათებს. ყველაზე შესამჩნევი კლება 2013 წელს ფიქსირდება. კერძოდ, აღკვეთის ღონისძიებების მთლიან რაოდენობაში პატიმრობათა წილი 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 15.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ამავე თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

გრაფიკი 2: 2003-2017 წლებში პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებათა რაოდენობა და მათში პატიმრობის ხვედრითი წილი (%)

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

როგორცვხედავთ, 2003-2017 წლებში აღკვეთის ღონისძიებათა მთლიან რაოდენობაში პატიმრობათა ხვედრითი წილი 2011 წლიდან მცირდება და 2013 წელს მინიმუმამდე დადის, ხოლო 2014 წლიდან მას კვლავ ზრდა ახასიათებს. მეტიც, 2018 წლის მაჩვენებელმა 2012 წლის მაჩვენებელსაც კი გადაასწრო (1.2 პროცენტული პუნქტით). რაც შეეხება 6 წლიანი პერიოდების შედარებას, „ქართული ოცნების“ მმართველობის საშუალო მაჩვენებელი (32.5%), მხოლოდ 1.5-ჯერ ჩამოუვარდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (47.6%).

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი