რეზიუმე: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, ხარჯვითი თვალსაზრისით, გადასახდელების გეგმასა და შესრულებას შორის ფარდობას გულისხმობს. ბიუჯეტის გეგმები კვარტალურ და წლიურ ჭრილშია მოცემული.

მიმდინარე წლის I კვარტლის გადასახდელების შესრულებამ 95.3% შეადგინა. 2013-2018 წლებში ეს მონაცემი საშუალოდ 91.5% იყო. ამდენად, 2019 წლის I კვარტალში გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია.რიგი ფაქტორების გათვალისწინებით,გეგმიური მაჩვენებლის 100%-ით შესრულება პრაქტიკულად მიუღწევადი ამოცანაა, არსებული ჩამორჩენის მოცულობა კი, ნაკლებად საგანგაშოა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გეგმიდან ჩამორჩენაზე მითითება არარელევანტურია.

რაც შეეხება ბიუჯეტის წლიურ შესრულებას, 2014 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების წლიური შესრულება ერთი შეხედვით გაუმჯობესდა (ამ წელს გეგმასთან მიმართებით 99.8% იყო) და 2015 წლიდან გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი 100%-იან მაჩვენებელს აღემატება. თუმცა, მოცემული რიცხვების მიუხედავად, ნარჩუნდებოდა ხარვეზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარჯავი დაწესებულების - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სახსრების ათვისების ნაწილში. 2015 წლის ნოემბერში გეგმიური მაჩვენებელი დაზუსტდა და 945.5-დან 869.5 მლნ ლარამდე შემცირდა. ანალოგიური ცვლილებებს გასული წლის ბოლოს ჰგონდა ადგილი. გეგმიური მაჩვენებლის შემცირება და მისი ფაქტობრივად მიღწევად ნიშნულამდე ჩამოწევა მხოლოდ ხელოვნურად აუმჯობესებს შესრულების მაჩვენებელს.

რომან გოცირიძემ სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯებზე, კონკრეტულად საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში ასათვისებელი სახსრების თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებზე, გაამახვილა ყურადღება. 2013-2018 წლებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მისთვის გამოყოფილ ასიგნებებში კაპიტალური ხარჯების შესრულების მაჩვენებელი, საშუალოდ, 98.8%-ია, ხოლო 2017-2018 წლებში კი ამ მაჩვენებელმა 101.2% და 105.5% შეადგინა. თუმცა, გასულ წელს ამ სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და მოცემული რიცხვების ანალიზი სრულ სურათს არ ასახავს. კერძოდ, დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. არსებობს ეჭვი, რომ ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებული იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან ფორმალურად გადაირიცხა.

ანალიზი

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას, „ნაციონალური მოძრაობისწევრმა რომან გოცირიძემ ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით,კვლავ გრძელდება ტენდენცია, მეოთხეთვე მიდის, კვლავ ჩამორჩენააბიუჯეტის ხარჯვაში. 6 წელიწადი ჯანდაბას, მაგრამ მეშვიდეწელსაც იგივე სურათია ბიუჯეტის ხარჯვაში. იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ აშენებს ამ გზებს“.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ოპერატიულ მონაცემებს ხაზინა ყოველთვიურად აქვეყნებს, რაც თვის დასრულებიდან 20 დღის შემდეგ ხდება. ამდენად, აპრილის (მე-4 თვის) ჩათვლით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები განცხადების გაკეთების მომენტში უცნობი იყო და ხელმისაწვდომი 20 მაისს გახდა. თუმცა, ბიუჯეტის გეგმა კვარტალურ ჭრილშია გაწერილი შესაბამისად, ჩვენ მიერ განხილული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის, ანუ წლის პირველი სამი თვის შესრულება.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების (მიმდინარე) და არაფინანსური აქტივების ზრდის (კაპიტალური) - გადასახდელების შესრულების სამი თვის მაჩვენებელი გეგმასთან მიმართებით, 95.3%-ია, რაც წინა წლებთან შედარებით, უფრო მაღალ ნიშნულს იკავებს. გასულ 6-წლიან პერიოდში და მათ შორის, მანამდეც, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების I კვარტლის შესრულების მაჩვენებელი გეგმასთან შედარებით 100%-იანი ან მეტი არ ყოფილა და შესაძლებელია ითქვას, რომ აღნიშნული გადახრა უფრო ბუნებრივია ვიდრე საგანგაშო. ეს გადახრა მომდევნო კვარტლებში შესაძლებელია გადაიფაროს ან დარჩეს არსებულ ნიშნულზე. გეგმიური მაჩვენებლიდან გადახრა შესაძლებელია შეფასდეს მნიშვნელოვნად, როცა აღნიშნული ცალკეული პროექტების ჩავარდნით ან გეგმიდან ჩამორჩენით განხორციელებით არის გამოწვეული (მაგ. გასულ წელს ავტობანის მშენებლობის მიმდინარეობა) და დიდ მასშტაბებს აღწევს. ამ ეტაპზე მსგავს სცენარზე საუბარი ნაადრევია.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება (%)[1]

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

ვინაიდან რომან გოცირიძე განცხადებაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე ამახვილებს ყურადღებას და ასევე, ინფრასტრუქტურის ხარჯებზე, აუცილებელია განვიხილოთ, მთლიანად ბიუჯეტის კაპიტალური და ცალკე, სამინისტროს ასიგნებებში მსგავსი ხარჯების შესრულების მაჩვენებლები. თავი მხრივ, კაპიტალური ხარჯები, ძირითადად, იმ ტიპის ოპერაციებისთვის საჭირო ხარჯებს გულისხმობს, რაც მიმართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არაფინანსური აქტივების შექმნაზე და ა.შ. ასევე, მიჩნეულია, რომ კაპიტალურ ხარჯებს დადებითი გავლენა აქვს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კაპიტალური ხარჯების (არაფინანსური აქტივების ზრდა) შესრულებას, მიმდინარე წლის I კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 90.3%-ია. ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2014 წელს 42.9% იყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალური ხარჯების სამთვიანი პერიოდის შესრულებით მსჯელობა ნაკლებად მართებულია, ვინაიდან, ერთ მხრივ, ამის მიზეზი უშუალოდ ხარჯების ტიპია, ხოლო მეორე მხრივ, კაპიტალური ხარჯების შესრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურებს უკავშირდება. კონკრეტულად, ამ ტიპის ხარჯების გაწევა ელექტრონული შესყიდვებით ხორციელდება და ხარჯების გეგმასა და შესრულებას შორის სხვაობა ნაწილობრივ სატენდერო ეკონომიით არის გამოწვეული. ამრიგად, მეტად რელევანტურია ამ ტიპის ხარჯების ერთწლიან პერიოდში მიმოხილვა.

გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების შესრულება დეკემბერში განხორციელებული ცვლილების შემდეგ დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 103.9%-ია, ხოლო საბიუჯეტო წლის დასაწყისში არსებულ გეგმასთან შედარებით - 117.4%. აღნიშნული წინა წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია. 6-წლიან პერიოდში კაპიტალური ხარჯების შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს 86.3% იყო, რაც შემდეგ წლებში ძირითადად გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების შესრულება (%)[2]

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საჭიროა უშუალოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში კაპიტალური ხარჯების (არაფინანსური აქტივების ზრდა) განხილვა, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. მსგავსად სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი კაპიტალური ხარჯებისა, მხარჯავი დაწესებულების- სამინისტროს ასიგნებებში თვეების მიხედვით მისი შესრულების განხილვა ნაკლებად მართებულია. ამრიგად, სამინისტროს მიერ კაპიტალური ხარჯების შესრულების მაჩვენებელი ერთწლიან პერიოდში უნდა განვიხილოთ.

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალური ხარჯების კვარტალური შესრულების განხილვა ნაკლებად მართებულია, მიმდინარე წლის I კვარტალში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მიერ გამოყოფილი ასიგნებებში არაფინანსური აქტივების ზრდის შესრულების მაჩვენებელი 99.7%-ია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 96.6% და 2017 წელს კი 99.7% იყო.

გრაფიკი 3: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში კაპიტალური ხარჯების შესრულება (%)

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

2018 წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში დეკემბერში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, კაპიტალური ხარჯების შესრულებამ 105.5% შეადგინა, რაც საბიუჯეტო წლის დასაწყისში არსებულ გეგმასთან მიმართებით, 113.1%-იანი შესრულებაა. თუმცა, გასულ წელს ამ სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და მოცემული რიცხვების ანალიზი სრულ სურათს არ ასახავს. კერძოდ, დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა დაზუსტდა და 230.9 მლნ ლარით შემცირდა. არსებობს ეჭვი, რომ ბიუჯეტის დაზუსტება სწორედ გეგმის შესასრულებლად განხორციელდა. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში ათვისებულ იქნა 658.4 მლნ ლარი (დაზუსტებული ბიუჯეტის 41.56%), უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობა ხარვეზებით მიმდინარეობდა. დეკემბერში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 149.3 მლნ ლარით შემცირდა (674.5 მლნ ლარია), ასევე, დეკემბერში მოხდა მოცემული მიმართულებით ბიუჯეტიდან 491.2 მლნ ლარის ათვისება.



[1] არ მოიცავს ფინანსურ აქტივებს და ვალდებულებებს. აღნიშნული მოიცავს ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამს

[2] სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი