რეზიუმე: ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა უარყოფითი სავაჭრო სალდოს სახით, ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადავიხადეთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში, ვიდრე უცხოელებმა გადაიხადეს საქართველოდან გატანილ პროდუქციაში.

2018 წლის წინასწარი მონაცემით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, 2018 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2018 წელს, წინასწარი მონაცემით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებულმა უარყოფითმა სავაჭრო სალდომ, 394 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 0.4%-ით არის შემცირებული. 2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო, ძირითადად, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. გამონაკლისი იყო 2015 და 2017 წლები.

2004-2012 წლების პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის დეფიციტი მუდმივად იზრდებოდა, გარდა 2009 წლისა. თუმცა, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით უარყოფითი სალდო არასდროს დაფიქსირებულა. ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა მაქსიმუმ 754 მლნ აშშ დოლარი, 2012 წელს იყო. როგორც აღვნიშნეთ, 2018 წლის წინასწარი მონაცემით, ეს სხვაობა 394 მილიონი აშშ დოლარია.

ანალიზი

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „ტვ პირველში“ სტუმრობისას, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „მხოლოდ სოფლის მეურნეობაში გვქონდა 900 მლნ დეფიციტი. დღეს ეს ჩამოვიდა 300 მილიონზე“.

უარყოფითი სავაჭრო სალდო ნიშნავს, რომ საქონლის იმპორტი აღემატება ექსპორტს ე.ი. ცალკეული ქვეყანა იხდის უფრო მეტს საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში, ვიდრე უცხოელები იხდიან ამავე ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის შესაძენად. მსგავს შემთხვევაში საქონლის ვაჭრობიდან შემოდის ნაკლები ვალუტა, ვიდრე გადის ქვეყნიდან, რაც უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე, თუ მისი დაბალანსება არ მოხდება სხვა წყაროებიდან. როცა უარყოფით სალდოს შემცირების ტენდენცია აქვს, მცირდება ვალუტის ის დანაკლისი რისი დაბალანსებაც ქვეყანას უწევს სხვა წყაროებიდან, რაც დადებითი ტენდენციაა. წყაროები, საიდანაც ხდება სავაჭრო დეფიციტის დაბალანსება, შესაძლებელია იყოს მომსახურების ექსპორტი (ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება) და უცხოური კაპიტალის მოზიდვა, მათ შორის საგარეო ვალის აღება. საგარეო ვალის ხარჯზე დეფიციტის დაბალანსება ყველაზე ნაკლებად სასურველი ალტერნატივაა.

2018 წლის წინასწარი მონაცემით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (21%), სიგარეტი (16%), სპირტიანი სასმელები (13%), მინერალური და მტკნარი წყლები (11%), თხილი (პირველადი და გადამუშავებული სახით (8%), ცხვრის ხორცი (4%), ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (3%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%), თევზის ფქვილი ( 2%), ციტრუსი (2%) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ საქართველოდან განხორციელებულ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში მხედველობაში არ მივიღებთ სიგარეტისა და თამბაქოს ექსპორტს (ძირითადად რეექსპორტი), 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 67.3 მლნ აშშ დოლარით (9.2%-ით) არის გაზრდილი, რასაც ყურძნის ნატურალური ღვინოების, მინერალური და მტკნარი წყლების, ცხვრის ხორცის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და მოხალული თხილის ექსპორტის ზრდა იწვევს.

2018 წლის წინასწარი მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 96 ქვეყანაში განხორციელდა, 2017 წელს კი 93 ქვეყანაში. აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (25%), აზერბაიჯანი (16%), ევროკავშირი (15%), უკრაინა (9%), ყაზახეთი (7%) და ა.შ.

რაც შეეხება იმპორტს, 2018 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ძირითადად იმპორტირებულია სიგარეტი-14%, ხორბალი და მესლინი-8%, ფრინველის ხორცი-5%, შაქარი-4%, შოკოლადის ნაწარმი-4%, დანარჩენი პროდუქტები-65%. აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება: რუსეთი - 23%, ევროკავშირი-22%, უკრაინა-21%, თურქეთი-10% და ა.შ.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა - სოფლის მეურნეობის პროდუქცია (2012 – 2018 წლები)

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2012 წელს („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს), აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა უარყოფითი იყო და 753 მილიონ დოლარს შეადგენდა და არა 900 მილიონს, როგორც პრემიერი ამბობს.

2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნული, დიდწილად რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად ექსპორტის მოცულობის ზრდით შეიძლება აიხსნას. თუმცა, აქვე აღსანიშნავია არასტაბილურ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მატების შედეგად გაზრდილი რისკები. მეორე მხრივ, 2015-2016 წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდა და ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება) ხელს უწყობდა იმპორტის ზრდის შეზღუდვას, ცალკეულ წლებში კი შემცირებას, ვინაიდან ლარის კურსის შემცირება იმპორტული საქონლის გაძვირებასთან ერთად, უცხოელთათვის აიაფებს ქართულ პროდუქციას, კურსის ეფექტიც ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იყო. ზრდის ტენდენციის შემდგომ, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო სალდო 6.6 პუნქტით არის გაზრდილი, 2018 წელს კი წინა წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 0.4 პუნქტით შემცირდა.

პრემიერი აღნიშნულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელ წელს იყო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის 900 მილიონიანი სხვაობა. რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგადად არსებულ მდგომარეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან ადარებენ, ჩვენ 2004-2012 წლების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა განვიხილეთ.

ცხრილი 1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი 2004-2012 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილის მიხედვით, 2004-2012 წლებში სავაჭრო ბალანსი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი არის 2009 წელი. თუმცა, აგრარული სექტორის ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა 900 მილიონი დოლარი ამ წლების განმავლობაშიც არ დაფიქსირებულა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი