რეზიუმე: ირაკლი აბესაძე საუბრობს საჯარო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ ერთ ნაწილზე, რომელთა ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. აღნიშნული მაჩვენებელი სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეს მოიცავს, მიუხედავად მათი თანამდებობრივი პოზიციისა. ამდენად, ამ მაჩვენებლის ქვეშ მხოლოდ „ჩინოვნიკები“ არ მოიაზრება, ვინაიდან დამკვიდრებულ განმარტებაში „ჩინოვნიკის“ ქვეშ უმეტესად სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირები მოიაზრება და არა რიგითი თანამშრომლები, რომლებიც რაოდენობრივად დასახელებული მაჩვენებლის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხოვნობის საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლისთვის, ჯამურად, 112 100 პირია. ეს მაჩვენებელი 2010-2015 წლებში ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2016 წელს პირველად შემცირდა. რაც შეეხება 2018-2019 წლების მაჩვენებლებს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია, მაგრამ განცხადებაში დასახელებულ პერიოდთან, 2012 წელთან შედარებით, 2019 წლის დასაქმებულთა რიცხოვნობის საპროგნოზო მაჩვენებელი 9 100 პირით მეტია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დასაქმებულთა რიცხოვნობის მაჩვენებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ყველა რანგის მოსამსახურებას მოიცავს და ის საჯარო სექტორის მხოლოდ ერთი ნაწილია. მუნიციპალური ან ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტიდან ანაზღაურების მიმღები თანამშრომლები ამ რაოდენობაში გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება მთლიანად საჯარო სექტორს, ბოლო წლებში, ამ სექტორში დასაქმების ნომინალური და ფარდობითი მაჩვენებლები იზრდება.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბესაძისთქმით, „დღეს, სახელმწიფო ბიუჯეტში მითითებული მაჩვენებლების შესაბამისად, 11 ათასით მეტი ჩინოვნიკი ემსახურება ამ ფუნქციების [ბიუჯეტის პროგრამების შესრულება] შესრულებას, ვიდრე ამას ემსახურებოდა 2012 წელს“.

დეპუტატი თავის განცხადებაში საჯარო სექტორის მხოლოდ ერთ ნაწილზე (გრაფიკი 1-ზე მწვანე ფერით აღნიშნული კვადრატი), სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში არსებულ მხარჯავ დაწესებულებებზე საუბრობს, რომელებიც სამინისტროების, მათდამი დაქვემდებარებული სსიპ-ების და სხვა, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების განმკარგავი დაწესებულებების დასაქმებულთა რიცხოვნობას ასახავს. აღნიშნული მაჩვენებელი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას არსებულ, დამტკიცებულ და საპროგნოზო მაჩვენებლებს გულისხმობს. თუმცა, აღსანიშნავია ტერმინთან „ჩინოვნიკთან“ დაკავშირებული საკითხი, რომელიც საჯარო განცხადებებში უმეტესად ნაგულისხმევი და აღქმულია, როგორც მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურეები. მაგალითად, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირები, I რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და ა.შ. თავის მხრივ, პარლამენტის წევრის მიერ ნახსენები მაჩვენებელი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურეს მოიცავს და ეს მონაცემები მხოლოდ მაღალ რანგს არ უკავშირდება.

გრაფიკი 1: საჯარო სექტორის სტრუქტურა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების დასაქმებულთა რიცხოვნობა 112 100 პირია, რომელიც 2012 წელთან შედარებით, 9 100-ით მეტია. 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხოვნობა 103 000 პირი იყო.

გრაფიკი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების დასაქმებულთა რიცხოვნობა (ათასი პირი)

წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდა 2010 წლიდან დაიწყო, როცა ეს მაჩვენებელი 98 900 ადამიანს გაუტოლდა. 2017 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 116 800-ს მიაღწია, მაგრამ შემდეგ წლებში კლება დაიწყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოდგენილი მონაცემების ზრდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატებში მომუშავეთა ზრდას ნაკლებად უკავშირდება. ეს ზრდა, ძირითადად, კანონის საფუძველზე ამ პერიოდში შექმნილ სსიპ-ებთან არის დაკავშირებული.

გარდა უშუალოდ განცხადების გადამოწმებისა, საინტერესოა მთლიანად საჯარო სექტორში არსებული დასაქმების მაჩვენებლების მიმოხილვა. თავის მხრივ, მთლიანად საჯარო სექტორი მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს და საჯარო კორპორაციებს. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 16 000 პირით გაიზარდა, რომელიც 299 800 ადამიანს შეადგენს და მთლიან დასაქმებაში 17.7%-იანი წილი უჭირავს.

გრაფიკი 3: ინსტიტუციური სექტორების მიხედვით დასაქმება (ათასი პირი; %)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 287 ათას პირს შეადგენდა, რაც მთლიანი დასაქმების 17.29% იყო. 2013 წლიდან კი საჯარო სექტორში დასაქმება მნიშვნელოვნად შემცირდა. კონკრეტულად, 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 252 100 ადამიანის შეადგინა (მთლიანი დასაქმების 15.34%), 2014 წელს კი - 258.8 ათასი პირი (მთლიანი დასაქმების 15.28%). 2015 წლიდან საჯარო სექტორის დასაქმების აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები იზრდება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი