საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ბაზაში 283 271 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 90 156 ოჯახს შეადგენს.დღეის მდგომარეობით (1 აგვისტოს ჩათვლით),საცხოვრებელი ფართით 40 826 ოჯახია უზრუნველყოფილი (დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 45.3%). შესაბამისად,საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ 49 330 ოჯახია დარჩენილი (54.7%).

ქართული ოცნებისხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2013 წლიდან 1აგვისტომდე) საცხოვრებელი ფართი 12 705 დევნილ ოჯახს გადაეცა. მათგან3 257 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა. სულ 2013-2018 წლებში საცხოვრებელი ფართით 11 617 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა (2019 წელს 1 აგვისტს ჩათვლით ბინა 1 088 დევნილ ოჯახს გადაეცა),წელიწადში საშუალოდ1 936 ოჯახი. თუ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ამავე ტემპით გაგრძელდება,დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კიდევ დაახლოებით 26 წელი დასჭირდება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი ფართით 3 796 დევნილი ოჯახი უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათ შორის, პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში 1 700 იქნებოდა საცხოვრისით უზრუნველყოფილი. ახალაშენებულ კორპუსებში კი დაახლოებით 2 096 ოჯახი მიიღებდა ბინას. ოფიციალური ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, „სოფლად სახლი“ პროგრამის ფარგლებში 1 321 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა (დაგეგმილზე 379 ოჯახით ნაკლები), ახალაშენებულ კორპუსში კი ბინა 1 684 დევნილ ოჯახს გადაეცა (დაგეგმილზე 412 ოჯახით ნაკლებს). სულ 2017-2018 წლებში საცხოვრებელი ფართით 3 005 ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც სამოქმედო გეგმასთან შედარებით 791 ოჯახით ნაკლებია.

2013-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში შემდეგი რაოდენობის თანხა გამოიყო:

ცხრილი 1: 2013-2018 წლებში დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები (მლნ ლარი)

წყარო:საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მიმდინარე წელს დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის 52.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე 1 885 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით (აქედან, 1 088 დევნილ ოჯახს ბინა უკვე გადაეცა).

საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ პირობებში უწევთ დევნილ ოჯახებს ცხოვრება. დევნილთა განსახლების სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახულია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა. თუმცა გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი 28 ობიექტი დაიხურა. დახურული ობიექტებიდან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 337 ოჯახი განსახლდა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით (2018 წლის საპარლამენტო ანგარიში(გვ. 319-322)), პრობლემას წარმოადგენს ის საკითხი, რომ ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რაოდენობის შესახებ. სამინისტრო ყოველწლიურად ამოწმებს გარკვეული რაოდენობის ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობას. თუმცა ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შემოწმება ვერ მოიცავს ყველა იმ ობიექტს, რომელიც შესაძლებელია, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის. სამინისტროს განმარტებით, ობიექტების დახურვისას პრიორიტეტი მიენიჭა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ობიექტებს და ასევე, გათვალისწინებული იქნა გასანაწილებელი ფართების რაოდენობა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ობიექტების სრულად დახურვა. სახალხო დამცველის მიერ საექსპერტო დასკვნების ანალიზისას კი გაირკვა, რომ ზოგიერთი დახურული ობიექტი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ის ობიექტები, რომლებიც არ დახურულა და დევნილები დღემდე ცხოვრობენ. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, დაზიანებულ შენობებიდან დევნილთა განსახლებისას, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ოჯახებს, რომლებიც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობენ.

2019 წელს დევნილთა განსახლების სამოქმედო გეგმას ორი პროგრამა დაემატა: ვეტერანთა განსახლება და თბილისში რეგისტრირებულ დევნილთა თანადაფინანსებით საცხოვრებლის შესყიდვის პროგრამები. ჩვენ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესს თვალს მივადევნებთ და განახლებულ ინფორმაციას მკითხველს პერიოდულად მივაწვდით.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი