რეზიუმე: დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. დაზარალებულის განმარტების მიხედვით, სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა, პირს ადგებოდეს მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და ზიანი მიყენებული იყოს დანაშაულებრივი ქმედებით. გარდა ამისა, აღნიშნული კოდექსის მიხედვით, დაზარალებული მთელი რიგი უფლებებით არის აღჭურვილი. მას ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს კანონმდებლობა არ იძლევა მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, არის მცდარი.

ასევე, მცდარია გენერალური პროკურორის მტკიცება იმის შესახებ, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირებაზეა დამოკიდებული. საქართველოს კანონმდებლობაში არსად არ არის მითითებული, რომ დაზარალებულის სტატუსი პირის ბრალდებულად ცნობაზე/მის იდენტიფიცირებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, თავად სასამართლომ განმარტა, რომ ,,პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან’’.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაკო გომურს (და კიდევ 15 პირს) სტატუსის მინიჭებაზე უარი არა შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობის ან მისი ხარვეზის გამო, არამედ იმიტომ უთხრა, რომ საქმეში დანაშაულის დასაბუთებული ვარაუდით ჩადენა ვერ დაადგინა. ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რამდენად მიუკერძოებელი და სამართლიანია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა აშკარაა, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის განცხადება, საფუძველს მოკლებულია.

ანალიზი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ 16 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. აღნიშნულ პირებს შორის არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც სამართალდამცველთა მოქმედებების შედეგად თვალი დაკარგეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე აღნიშნულ 16 პირს უარი უთხრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი საფუძვლით თქვა:

„დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია,მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსსკ) 3(22)-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებული შეიძლება იყოს სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. აღნიშნული განმატების მიხედვით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, საჭიროა 1. პირს ადგებოდეს მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი; 2. აღნიშნული ზიანი მიყენებული იყოს დანაშაულებრივი ქმედებით.

საიას განცხადებით, ყველა პირს (მათ ინტერესებს საია იცავს), 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს მიღებული. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები საპროტესტო აქციაზე მიიღეს. შესაბამისად, აშკარაა დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო პირველი წინაპირობა - ფიზიკური ზიანი.

რაც შეეხება მეორე წინაპირობას (დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო ჩადენა), კანონმდებლობის თანახად, პირს დაზარალებულის სტატუსს გამოძიების სტადიაზე პროკურორი ანიჭებს. ამ სტადიაზე, იმისთვის, რომ პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა დადგინდეს, გამოიყენება ისეთი დაბალი სტანდარტი, როგორიცაა დასაბუთებული ვარაუდი. დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა დაესკვნა. კანონში პირდაპირ არაა მითითებული, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად დასაბუთებული ვარაუდის არსებობაა საჭირო, თუმცა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლადაც დასაბუთებული ვარაუდი გამოიყენება.

გარდა ამისა, სსსსკ-ის 56(6)-ე მუხლის მიხედვით, თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, დადგენილება შეიძლება, გაუქმდეს. აღნიშნული ნორმა იმაზე მეტყველებს, რომ დაზარალებულისთვის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო სტანდარტი დაბალია.

აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძის განცხადების მიხედვით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირებაზეა დამოკიდებული. „როდესაც დაფიქსირებულია კონკრეტული პირის ბრალეული ქმედება და ამ ბრალეული ქმედებით დაზიანებული მოქალაქის სიკეთე, მაშინ ხდება ამ მოქალაქის დაზარალებულად ცნობა“ - განაცხადა მან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე საუბრისას. გენერალური პროკურორის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსად არ არის მითითებული, რომ დაზარალებულის სტატუსი პირის ბრალდებულად ცნობაზე/მის იდენტიფიცირებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, თავად სასამართლომ განმარტა, რომ ,,პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან’’.

ვინაიდან აღნიშნულ 16 დაზარალებულ პირს დაზიანებები სამართალდამცველების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების შედეგად მიადგა, განსახილველ მუხლს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსსკ)-ის 333-ე მუხლი (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება).

პოლიციის შესახებ კანონის 31(1)-ე მუხლის მიხედვით, ,,პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პოლიციელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას“.

იმისთვის, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტი დადგინდეს, თითოეულ შემთხვევაში მისაღწევ მიზანთან სპეციალური საშუალების გამოყენების პროპორციულობა უნდა გაირკვეს. ჩვენს ხელთ არსებული საჯარო მასალები არ იძლევა დაზარალების ყველა შემთხვევის შეფასების საშუალებას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც - 19 წლის მაკო გომურის შემთხვევა. გარდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც დაზიანების 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად მიღებას ადასტურებს, არსებობს ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც.

კადრებში ჩანს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია. ასევე, ჩანს, რომ დაზარალებული არავის ესხმის თავს და არც დანაშაულებრივ ან საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებაშია ჩართული. მიუხედავად ამისა, მას ტყვია სახის არეში ხვდება. ეს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცველის მხრიდან ტყვიის გამოყენების კანონიერებასაც ეჭვქვეშ აყენებს. შეგახსენებთ, რომ პოლიციის შესახებ კანონის 33 (3-გ) მუხლის მიხედვით, პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ,,ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს“.

კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცველს არალეტალური ჭურვის გამოყენების კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი რომც ჰქონოდა, ქმედების არაპროპორციულობა მაინც აშკარაა, რადგან ნასროლი ტყვია ადამიანს თვალში მოხვდა. აღნიშნული კი იმაზე მეტყველებს, რომ ტყვიის გასროლა იარაღის გამოყენების წესის დარღვევით მოხდა.

ადამიანის უფლებათადამცველ საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა, „სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს საბაზისო პრინციპებზე’’ შესაბამისი გზამკვლევი შეიმუშავა.

გზამკვლევის მიხედვით, ძალადობრივი მოქმედებების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისას, სამართალდამცველებმა ძალადობაში უშუალოდ ჩართული და მშვიდობიანი პირები უნდა განასხვავონ. იქვე მითითებულია, რომ დაუშვებელია კინეტიკური ჭურვების სროლა ხალხის ჯგუფის მიმართულებით. გასროლა დასაშვებია მხოლოდ იმ კონკრეტული პირების მიმართულებით, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული სხვა პირების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში და მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალადობის აღკვეთის სხვა საშუალებები გამოუსადეგარია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზამკვლევის მიხედვით, დაუშვებელია კინეტიკური ჭურვის სროლა სხეულის ზედა ნაწილში და კატეგორიულად არის აკრძალული მისი „ასხლეტით“ სროლა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელდა კითხვა, თუ რამდენად შეიძლება დაკვალიფიცირდეს პოლიციელის ქმედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებად და, შესაბამისად, დანაშაულად, თუკი მათ არ ჰქონიათ მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანების განზრახვა და ადგილი გაუფრთხილებლობას ჰქონდა?

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, რომლის ჩადენაც შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსსკ-ის მე-9(3) მუხლის მიხედვით, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც, თუკი პოლიციელს არ ენდომებოდა მსგავსი შედეგის დადგომა (ვინმეს მძიმედ დაზიანება) ქმედება მაინც შეიძლება დაკვალიფიცირდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებად.

რაც შეეხება გაუფრთხილებლობას, თუკი საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რომ ქმედება გაუფრთხილებლობითაა ჩადენილი, გამოძიება შესაძლოა, სსსკ-ის 342-ე მუხლით წარიმართოს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. შესაბამისად, სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხის გამორიცხვა არც გაუფრთხილებლობის შემთხვევაში შეიძლება.

ზემოთ მოყვანილი კანონმდებლობიდან/სტანდარტებიდან და საჯაროდ გავრცელებული მასალებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა დამატებითი მტკიცებულება დააკლდა სასამართლოს (პროკურორზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. მკითხველს კი შეუძლია თავად შეაფასოს, რამდენად მიუკერძოებელი იყო სასამართლო, როდესაც საქმეში დანაშაულის დასაბუთებული ვარაუდით ჩადენა ვერ დაადგინა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი