რეზიუმე: 2016 წელს კორცხელის ეპიზოდზე დაკავებულ პირებს, პროკურატურამ, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარუდგინა, რაც ხულიგნობას ითვალისწინებს. რაც შეეხება, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის ეპიზოდზე დაკავებულ პირებს, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) საფუძველზე წარუდგინეს ბრალი. არცერთ ხსენებულ შემთხვევაში პროკურატურას სამართალდამცველზე ძალადობის მუხლი (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი) ბრალდებაში არ მიუთითებია. განსხვავებული მიდგომა აქვს პროკურატურას 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ პირთა მიმართ. ბრალდების მხარე მათ, სწორედ, პოლიციაზე ძალადობას ედავება და ზემოხსენებული მოვლენებისგან განსხვავებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. შესაბამისად, ის, რაც პროკურატურამ მიმდინარე წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ დარღვევად მიიჩნია, დარღვევად არ მიუჩნევია არც კორცხელის და არც ეროვნული ბიბლიოთეკის ინციდენტების დროს.

ანალიზი

2019 წლის 6 სექტემბერს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტში „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრაზე, ამავე ფრაქციის თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ შერჩევით სამართალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, არც კორცხელის ეპიზოდში და არც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს ბრალში პოლიციაზე ძალადობა საერთოდ მუხლადაც კი არ წარუდგინეს. აღნიშნულ პირებს ერთი დღეც არ გაუტარებიათ ციხეში და მარტო 20 ივნისის ღამეს, სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები არიან მთავრობის მართლმსაჯულების ობიექტები.

ფაქტ-მეტრმა ოთარ კახიძის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

კორცხელის ინციდენტი

2016 წლის 24 მაისს თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ (კორცხელის ინციდენტის შესახებ იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე პირმა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მათ შორის, ორი პოლიციელი. მომხდართან დაკავშირებით, ბრალი 6 სპორტსმენს წარუდგინეს. პროკურატურამ, კობა ტყეშელაშვილს, გიორგი გიგაურს, ნოშრევან წურწუმიასა და გიორგი გოგიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა. აღნიშნული წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს . ვლადიმერ გეგეშიძეს, ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს. აქვე საყურადღებოა, რომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად გირაო მოითხოვა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულებს 239-ე მუხლის ნაცვლად, ბრალი 126-ე მუხლის საფუძველზე დაუკვალიფიცირა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ეხება ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის, იმგვარი დაზიანება, რამაც დაზარალებულის შრომისუნარიანობის დაქვეითება გამოიწვია.

სასამართლოს განმარტების თანახმად, ხულიგნობა თავის თავში სამ კომპონენტს - საზოგადოების მიმართ უპატივცემულობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ძალადობას გულისხმობს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ პირველი ორი კომპონენტის შემთხვევაში არ იყო კონკრეტული ფაქტები მოყვანილი და ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები. არსებული მტკიცებულებებით კი დაადგინა, რომ ბრალდებულები არ იგინებოდნენ უმისამართოდ, ყოველ ძალადობის ეპიზოდს ჰქონდა მიზეზი, მაგალითად, აღელვება და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შურისძიება. მისივე თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ძალადობა და არა ხულიგნობა. მსჯავრდებულებს დაეკისროთ ფულადი ჯარიმა და ასევე დაუბრუნდათ გირაოს სახით გადახდილი თანხა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ეპიზოდი

2013 წლის 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ძალადობრივ ინციდენტისას, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს თავს დაესხნენ, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. პარლამენტის დეპუტატის, ჩიორა თაქთაქიშვილისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გელა მამალაძე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ. დანარჩენ ორ პირს ბრალი დაედოთ წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ან 90 დღით პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში აშკარად ჩანს, რომ აქციის მონაწილეები, რიგ შემთხვევებში არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების მოწოდებებსა და პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობდნენ. ამისდა მიუხედავად, პროკურატურამ პოლიციელებზე ძალადობა და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაკავებულებს ბრალდებად არც კი წარუდგინა. საყურადღებოა ისიც, რომ 20 ივნისს მოლენების დროს დაკავებულ პირებს, სწორედ, სამართალდამცველების მიმართ შეურაცხყოფასა და კორდონების ძალადობრივად გარღვევას ედავება ბრალდების მხარე.

20-21 ივნისის მოვლენები

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა 19 აქტივისტი დააკავეს. გამოძიება მათ პოლიციაზე ძალადობასა და სამართალდამცაველთათვის ხელის შეშლაში სდებს ბრალს. საყურადღებოა, რომ კორცხელისა და ბიბლიოთეკის ინციდენტებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვა. 20-21 ივნისს დაკავებულთა უმეტესობა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

პროკურატურის მიერ არაერთგვაროვან მიდგომაზე მეტყველებს ქუთაისში საქართველოს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტიც. 2015 წლის 3 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე, საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელის წევრის დათო ლორთქიფანიძიის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, „თავისუფალი ზონის“ 3 წევრი (ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე, კახა გაბუნია) დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე წარედგინათ. ბიბლიოთეკისა და კორცხელის ინციდენტებისგან განსხვავებით, მოცემულ საქმეზე პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოთხოვნა პროკურატურას 20-21 ივნისის საქმეების გარდა, არც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევებში არ ჰქონია. ბუნებრივია, ეს გარემოება საგამოძიებო უწყებების მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე მიუთითებს.

ოთარ კახიძის განცხადება სიმართლეა, ვინაიდან ხსენებულ ინციდენტებში მონაწილე არცერთი პირისთვის ბრალი პოლიციელზე ძალადობის მუხლით არ წარუდგენიათ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პოლიციელის წინააღმდეგ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. როგორც საქმეთა მასალებიდან ირკვევა, პროკურატურას აღნიშნული მუხლი არცერთი ბრალდებულის მიმართ არ გამოუყენებია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი