პროექტი „აჭარაში რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრის ფორმირება და ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის ორგანიზაცია“ 2017 წლის ნოემბერში მომზადდა. მისი მიზანი ლოჯისტიკის ერთიანი სისტემის ორგანიზაციული ფორმირება იყო. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებდა, რომ ლოჯისტიკური ცენტრები უზრუნველყოფდა ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით შეფუთვასა და რეალიზაციას.

ხუთი აგრომომსახურებისა და ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაიგეგმა. აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, ქვეპროგრამის განსახორციელებლად 2017 წლის ხარჯი (ფაქტი) 1 917 800 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს ფაქტობრივმა ხარჯმა 639 500 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებელს, ქვეპროგრამისთვი 84 000 ლარია გათვალისწინებული. ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ დაკვეთით მომზადებული ბიზნესგეგმის მიხედვით, პროექტის მთლიანი ღირებულება 2 804 340 ლარით განისაზღვრა.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობისთვის უკვე 1 214 346 ლარია დახარჯული.

გრაფიკი 1. ხუთი აგრომომსახურეისა და ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაზე დახარჯული თანხის მოცულობა მუნიციპალიტეტების მიხედვით

მუნიციპალიტეტი

დახარჯული თანხა, ლარი

ქობულეთი

175 665

ბათუმი (ხელვაჩაური)

335 652

ქედა

235 204

შუახევი

79 137

წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარდა ამისა, ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან დახარჯულია 83289 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ათვისებულია 1 074290 ლარი - აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის აღჭურვისთვის.

ცხრილი 2. აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის აღჭურვისთვის დახარჯული თანხა და დანიშნულება

დანიშნულება

რაოდენობა

ღირებულება, ლარი

პროდუქციის დამხარისხებელი და შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზი

2 ერთეული

151 866

ბოსტნეულის დამუშავების ხაზი

3 ერთეული

258 000

ექსტრუდორი

2 ერთეული

ხილის საშრობი კარადა

5 ერთეული

162 156

ოთხთვალა ურიკა სტელაჟებისთვის

5 ერთეული

4 649

უჟანგავი ქვაბი საშრობი კარადისთვის

5 ერთეული

4 944

მაცივარ-კამერა

120 კვმ

312 010

ელექტროტვირთამწე

1 ერთეული

45 902

ჰიდრავლიკური შტაბელერი და პნევმატური ურიკა

4 ერთეული

9 617

პალეტების შესაკრავი მასალა

16 000 ერთეული

10 990

ელექტროსასწორი

6 ერთეული

9 434

პროდუქციის ეტიკეტირება

300000 ერთეული

7 540

25 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთი

3000 ერთეული

19 420

12 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთი

2000 ერთეული

3 115

ქვეში (პადი)

2000 ერთეული

37 760

სატვირთო და მაცივარრეფრეჟერატორი

7 ერთეული

220 424

პოლისტიროლის თეფში

150000 ერთეული

8 850

წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებში „ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის შესახებ წერია, რომ

ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ფერმერების მიერ წარმოებული ნამატი პროდუქციის ფულად ქცევა და საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ზრდა. დოკუმენტის თანახმად, რეგიონის მთავრობამ სწორედ, ამ მოტივით გადაწყვიტა სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა, რაც წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირებას, შეფუთვას, დასაწყობებას, შენახვასა და რეალიზაციას ერთიან სივრცეში მოაქცევდა.

დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების მშენებლობა 2018 წელს დასრულდებოდა. თუმცა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა ჯერაც დაუსრულებელია. უწყება განმარტავს, რომ ამის მიზეზი მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევა გახდა, რის გამოც ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიუხედავად ამისა, 79 137 ლარი მაინც დაიხარჯა.

რაც შეეხება ხულოს, აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 383 283 ლარია, არც იქ დასრულებულა.

ცენტრების მშენებლობასა და აღჭურვაზე დახარჯული თანხა, ჯამურად, 2 288 636 ლარს შეადგენს.

როგორც ვხედავთ, აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების მშენებლობის დასრულება და მოწყობა ვერც 2019 წელს მოხერხდა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა, ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებს.

აქედან გამომდინარე, უკვე ორი წელია, რაც სამინისტროს მიერ დახარჯულ თანხას შედეგი არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებს ცენტრისგან სრული სერვისი 2018 წელს უნდა მიეღოთ: პროდუქციის ცენტრამდე ტრანსპორტირება, ერთიანი საინფორმაციო პროგრამული უზრუნველყოფა, მომსახურების მიმღების რეგისტრაცია, კოდის მინიჭება და სხვა.

პროექტის თანახმად, ლოგისტიკის ცენტრში სარეალიზაციოდ გამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წლიური ბრუნვა უკვე 11 ათას ტონას უნდა აღემატებოდეს. მშრალ საწყობში შესაძლებელი უნდა იყოს 104 ტონა პროდუქციის განთავსება, ხოლო სულ ლოჯისტიკის ცენტრის სამაცივრე კამერებსა და მშრალ საწყობში ერთჯერადად - 158 ტონა პროდუქციის დასაწყობება; ლოჯისტიკის სისტემის გამართული ფუნქციონირების შემთხვევაში, სულ წლის განმავლობაში ლოჯისტიკის ცენტრის სასაწყობო მეურნეობაში

ტვირთბრუნვის მაჩვენებელი, საშუალოდ, 11534 ტონა უნდა იყოს.

როგორც ვხედავთ, პროექტის ამ ნაწილის განხორციელება ჯერაც მომავლის პერსპექტივაა, თუმცა უწყებამ მომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების საშტატო განრიგი და ხელფასების ოდენობაც წინასწარ მაინც განსაზღვრა.

ცხრილი 3. მომსახურების ცენტრის საშტატო განრიგი პროექტის მიხედვით

თანამდებობა

საშტატო ერთეული

სახელფასო ფონდი

თვე

წელი

აგრომომსახურების ცენტრი

ცენტრის მენეჯერი

1

1 100

13 200

ტექნოლოგი

1

1 000

12 000

ბუღალტერი

1

600

7 200

მძღოლი

1

500

6 000

მუშა

2

1 000

12 000

ლოჯისტიკური ცენტრი

ცენტრის მმართველი

1

1 500

18 000

დისტრიბუტორი

2

2 000

24 000

ტექნოლოგი

1

1 000

12 000

ბუღალტერი

1

600

7 200

მძღოლი

1

500

6 000

მუშა

2

1 000

12 000

წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში, „ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისთვის, რეგიონის მთავრობამ 433 000 ლარი გაითვალისწინა. შემდეგ ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ თანხა 84 000 ლარამდე შემცირდა.

ამ ეტაპზე აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. სამინისტროს პასუხის თანახმად, რეგიონში ლოჯისტიკის სისტემის ორგანიზაციული ფორმირება 2020 წლის პირველ ნახევარში გახდება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც შუახევში აგრომომსახურების ცენტრის მოწყობა დასრულდება.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი