რეზიუმე: 8-10 დეკემბერს თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას, ევროპარლამენტარებმა მართველი გუნდის ბოლოდროინდელი ქმედებები გააკრიტიკეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში აშკარად არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. ასევე იმ მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითეს, რომელსაც აღნიშნული პროცესების გაგრძელების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან უნდა ველოდოთ.

ანალიზი

2019 წლის 8-10 დეკემბერს თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიური სესია გაიმართა. ასამბლეის მიმდინარეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ შეაფასა, მისი თქმით: „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებები.“ „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სისწორით დაინტერესდა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს. განცხადებების ძირითადი ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის დროს დაკავებულ პირთა გათავისუფლებას, ასევე სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობასა და მმართველი გუნდის მხრიდან დემოკრატიული კურსიდან გადახვევას ეხებოდა. განსაკუთრებული კრიტიკით ევრონესტის თავმჯდომარე, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი გამოირჩეოდა. მმართველი გუნდის მიერ დაპირების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობაში, დავკარგეთ ნდობა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ირიბად მიუთითა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება, არჩევნებში დამარცხების შიშით იყო განპირობებული. მისივე თქმით, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია პირდაპირაა დამოკიდებული ქართული დემოკრატიის ხარისხსა და განვითარებაზე- „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა პრინციპს - მეტი მეტის სანაცვლოდ და ნაკლები ნაკლების სანაცვლოდ. ძალიან პრაქტიკული და მკაფიო პრინციპია. თუ ერთი მხრიდან იქნება ნაკლები დემოკრატია, მეორე მხრიდან იქნება ნაკლები ინტეგრაცია. ეს უნდა გავითვალისწინოთ“.

კუბილიუსი, ასევე აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტებს შეეხო. მისი განცხადებით, „პროტესტის მონაწილეების მიმართ დევნის დაწყება და მათი ციხეში გამოკეტვა, ეს მოსკოვს უფრო მახსენებს, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას“. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით, კუბილიუსმა შემდეგნაირად უპასუხა: „ეს ნამდვილად არ არის ევროპული ტრადიცია, რომ გყავდეს ხალხი საპატიმროში, ანდა (გყავდეს ხალხი) გასამართლებული ხელისუფლების მიერ, თავიანთი პოლიტიკური აქტივობების გამო. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან. ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით არ გამოგვიძიებია კონკრეტული საქმეები; ჩვენ უბრალოდ ვიცით: თუკი არის დემონსტრაციები და 80 ადამიანი (მეტი ან ნაკლები) გასამართლდება, ეს არ არის კარგის ნიშანი“.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა ყურადღება პოლიტიკურ პატიმრებსა და სამართლიან სასამართლოზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, რაც კანონის უზენაესობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მთავარი წინაპირობაა.

არჩევნების მნიშვნელობასა და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის აუცილებლობაზე ისაუბრა პეტრას ოუშტრავიჩუსმა. მან „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ODIHR რეკომენდაციების პატივისცემისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, ევროპასთან სამომავლო ურთიერთობებისათვის ფუნდამენტური პირობაა. „ერთი მესიჯი ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეპორტიორისგან - ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს და არჩევნები დემოკრატიული კრიტერიუმის ნაწილია. ეს ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის ფუნდამენტური პირობაა. ისინი, ვისაც არ ესმით დემოკრატიული კრიტერიუმების მნიშვნელობა, ცდებიან. იგივე სიტუაცია გვქონდა მოლდოვასთან ორი წლის წინ და არ მინდა ვიხილო საქართველო დემოკრატიულობის პირობების სრულად არ შემსრულებელთა სიაში. ამიტომ ჩვენი გზავნილი მძლავრია და მოველით, რომ დიალოგი შედეგებს მოიტანს. საბოლოოდ, კეთილი ნების ნიშნად კოალიციას მოვუწოდებ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, რომლებიც მიმდინარე წელს დააკავეს"- განაცხადა მან.

ზემოხსენებული კომენტარები ნათლად მოწმობს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და მმართველი გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი. რიგ შემთხვევებში, ისინი პირდაპირ უთითებენ, რომ მმართველი გუნდის მიერ არჩეული კურსის გაგრძელებას ევროპიდან მძიმე და ხისტი პასუხები მოჰყვება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის მრავალმხრივი საპარლამენტო დიალოგი წარიმართება საერთო ინტერესის სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა ურთიერთობა და სხვა. ევრონესტის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეა 120 დეპუტატისაგან შედგება.აქედან, 60 წევრი ევროპარლამენტიდანაა (ეს დელეგაცია ევროპარლამენტში 2009 წლის შემოდგომაზე შეიქმნა), დანარჩენი დეპუტატები კი 6 პარტნიორი ქვეყნის ( საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) პარლამენტების წარმომადგენლები არიან. ამ დროისთვის ბელარუსსა და აზერბაიჯანს მკვეთრად არადემოკრატიული პროცესების გამო ევრონესტის წევრობა შეჩერებული აქვთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი