სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის საანგარიშო პერიოდი 2017-2018 წლებს მოიცავს. აუდიტის ანგარიშში გამოვლენილი ხარვეზების ნაწილი გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის სახელს უკავშირდება. ტენდერების გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეპუტატის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სხვა ტიპის კავშირებზეც მიუთითებს და მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალზე აპელირებს.

აუდიტის ანგარიშში საუბარი შპს „გეორგია 21“-ზეა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2000 წელს დაფუძნდა. კომპანიის თავდაპირველი დამფუძნებლები იყვნენ: ზაურ საგანელიძე (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე); ზურაბ წკრიალაშვილი (გორის ყოფილი გამგებელი), შალვა კეჩხუაშვილი (სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყოფილი უფროსი) და თემურ ხაჩიური (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე).

2018 წლის 15 ივნისამდე ამ კომპანიაში 17%-იანი წილი დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს, ეკუთვნოდა (დეპუტატმა მეუღლეს კომპანიაში წილი 2007 წელს აჩუქა). კალანდაძემ კი, თავის მხრივ, კომპანიის საკუთარი წილი 19 წლის შვილიშვილზე გადააფორმა. ამ კომპანიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, სახელმწიფო აუდიტის 66-გვერდიან დასკვნაში, 6 გვერდი ეთმობა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს კომპანიასთან შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებების გაუფორმებლობის გამო, მუნიციპალიტეტმა მინიმუმ 30 ათასი ლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გეორგია 21“-ს შორის საიჯარო ხელშეკრულება 4335 კვ.მ-ზე 2010 წელს გაფორმდა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღნიშნულ კომპანიას დროებით სარგებლობაში გადაეცა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2040 წელია მითითებული. ქონების საიჯარო ფასი ერთ კვ.მ-ზე წელიწადში 2 ლარით განისაზღვრა. ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში (2017-2018წ.წ.) შპს-მ წლიურად 8 700 ლარი გადაიხადა.

აუდიტის სამსახურმა საიჯარო ფასების საბაზროსთან შესადარებლად, შესაბამისი დამატებითი პროცედურები ჩაატარა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფართი ბაზრის ტერიტორიაა, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ვაჭრობს. საჯარო რეესტრის მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოიჯარის მიერ მიწის ფართები ქვეიჯარის ხელშეკრულებებითაა გასხვისებული.

მაგალითად, 2011წელს, აღნიშნულმა კომპანიამ ქვეიჯარით 50 კვ.მ ფართი გასცა. ერთი კვ.მ-ის ფასი წელიწადში 120 ლარით განისაზღვრა. იმავე წელს, ასევე ქვეიჯარით გაიცა 20 კვ.მ ფართი, რომლის წლიური საიჯარო თანხა 1. კვ.მ-ზე წელიწადში ამჯერად, 150 ლარს შეადგენდა. 2016 წელს კი შპს „გეორგია 21“-ემ 7 წლის ვადით ასევე ქვეიჯარით 400 კვ.მ ფართი გასცა, საიჯარო თანხა კი 1 კვ.მ-ზე წელიწადში 60 ლარით განისაზღვრა.

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მიერ წლიურად 2 ლარად იჯარით გაცემული 1.კვ მ.-ის ფართის ღირებულება, მოიჯარემ 60-150 ლარად განსაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს „გეორგია 21“-ემ მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით მიღებული ქონება, მინიმუმ 30-ჯერ უფრო ძვირად განკარგა. მაშინ, როდესაც, თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, მერიას, მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედების უფლებას აძლევდა. უძრავი ქონების მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, რომ ლარის კურსის ცვლილებების საფუძველზე, აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისთვის გადაეხედა და მასში ცვლილებები თანხის გაზრდის მიზნით შეეტანა, რაც არ გააკეთა.

არსებული რეალობის მიხედვით, აღნიშნულ ფართზე ფუნქციონირებად ბაზარში განთავსებული დახლებისთვის მოვაჭრეები დღიურად 1. კვ.მ-ზე იმდენივე თანხას (2 ლარი) იხდიან, რასაც თავად კომპანია „გეორგია 21“-ე მუნიციპალიტეტს იჯარით გაცემულ 1 კვ.მ.ფართში წელიწადში უხდის. თუ გავითვალისწინებთ, ქვემოიჯარის მიერ შპს „გეორგია 21“-სთვის 1 კვ.მ-ზე მინიმალურ გადასახდელ საიჯარო ქირას, რომელიც 60 ლარს შეადგენდა, რეგისტრირებული 4 335 კვ.მ ქონების დროებით სარგებლობაში გაქირავების შემთხვევაში ნაცვლად 8 700 ლარისა, მუნიციპალიტეტი მინიმუმ 260 ათას ლარზე მეტ შემოსავალს მიიღებდა.

აუდიტის ანგარიშში შედარებისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მიწების საიჯარო ქირის საბაზრო ფასებია მოყვანილი. შესაბამისობის დადგენისთვის , აუდიტის ჯგუფმა ასევე ის შემთხვევები შეისწავლა, როდესაც მომიჯნავედ განთავსებული ფართებიდან ნაწილი პირდაპირი განკარგვის ფორმით, ნაწილი კი აუქციონის წესითაა გაცემული. შედეგად გაირკვა, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ღირებულება აუქციონის გზით გაცემის ფასზე ბევრად მაღალია,ვიდრე პირდაპირი წესით გაქირავების დროს.

აუდიტის დასკვნით, გორის მუნიციპალიტეტს იჯარით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები აქვს გაცემული, რომლის ღირებულება საბაზრო ფასთან შედარებით არაგონივრულად დაბალია. აუდიტის ანგარიშში შესწავლილ საკითხს მერიამ ოფიციალური წერილით უპასუხა და აუდიტის სამსახურს ის დოკუმენტები გაუგზავნა, რაც მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას ადასტურებს. კერძოდ, უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, სადაც საუბარია, რომ 2019 წლის მარტში აღნიშნული ფართის საპრივატიზაციო ღირებულება 620250 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის ივლისში კი მერია მოიჯარე შპს „გეორგია 21“-ის დირექტორს მიმართავს და აღნიშნულ ფართზე საიჯარო ღირებულებას წელიწადში 1 კვ.მ-ზე ნაცვლად 2 ლარისა, 8 ლარს სთავაზობს.

აუდიტის სამსახური არ გამორიცხავს, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, არა კანონმდებლობისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არამედ, სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასევე შესაძლოა ეს პასუხისმგებელი პირების გულგრილობის შედეგია ან კონკრეტული პირების მიერ ფინანსური სარგებლის მიღების ფონზე,კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი. აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამ ეტაპზე, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გორის მაჟორიტარსა და მერს სუს-ში უჩივლა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი