გასული წლის 27 ნოემბერს საქართველო (6 თვის ვადით) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს აერთიანებს.

საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს, შესაძლოა, რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესტუმრონ, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დარღვეული აქვს.

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გვერდის ავლით აპირებს, რუსეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლოს.

პრეზიდენტის ამ განცხადებას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის შიგნითაც განსხვავებული აზრები დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლის საკითხის შეფასებისას განაცხადა: „ხაზგასმით აღვნიშნავ, ვერავინ, ვინც არ უნდა განაცხადოს ეს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დროც და ყველაფერი გაკეთდება საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით". იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გაიზიარა და განაცხადა, რომ რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის არშემოშვება საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება, რამდენადაც საქართველო ევროსაბჭოს სტატუტისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმების მონაწილეა.

რუსეთის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობას აქვს დისკრეცია, გააკეთოს გამონაკლისი („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონიდან), თუ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის და რაციონალური ინტერესებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ხალხის რეაქცია (ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში) იქნება მშვიდობიანი, მაგრამ უმწვავესი. „ერთი ვინმემ ახსნას მანდ, რა რაციონალური ინტერესია ლავროვის შემოყვანა ქვეყანაში, როცა ოკუპაციაა, როცა თვითონ იძახიან, რა ხდება ახალგორში, ოთხოზორია, ტატუნაშვილის მკვლელობაზე მათი საქციელის ფონზე. იმიტომ კი არა, რომ მტერს არ უნდა ელაპარაკო. უნდა ელაპარაკო და რაღაც მომენტში შეიძლება შეხვედრაც შედგეს და მოიწვიო კიდეც, ოღონდ ეს რაღაცისთვის უნდა კეთდებოდეს, რაც ეროვნულ ინტერესშია“ - განაცხადა მან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით, ლავროვის არშემოშვებით შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორები გავაბრაზოთ. „აი, ქართველები როგორები ვართ, ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ, რამდენად მიუღებელია ჩვენთვის ეს. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს დავანახებდი, რამდენად მიუღებელია ოკუპაცია ქართველებისთვის, რამდენად შეუძლიათ ამის გაკეთება მათ ევროპული სტანდარტით და რამდენად ვუწევთ ანგარიშს იმ ადამიანებს, ვინც, საბოლოო ჯამში, უტაქტოდ დაპატიჟა ლავროვი საქართველოში”, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

29 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სალომე ზურაბიშვილის ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს. შეფასების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს უთხრის ძირს. „პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომლის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს განსაზღვრავს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს აწესებს და განსაზღვრავს, რომელი მიმართულებებითაა დასაშვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვედრა; ასევე, აწესებს გამონაკლისებს შეზღუდვებიდან და ადგენს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, გარდა ამ მუხლში მოცემული მიმართულებებისა, აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით . ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განსაკუთრებულ შემთხვევაში გაიცემა, თუ ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება.

თავის მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება, ხოლო არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ რამდენჯერმე აქვს დარღვეული. ის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არაერთხელ იმყოფებოდა. 2017 წელს სოხუმში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ე.წ. საელჩოს ახალი შენობა გახსნა. მიუხედავად ამისა, სერგეი ლავროვის ქვეყანაში შემოშვების შემთხვევაში, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქართული კანონმდებლობით ვერ დადგება, რამდენადაც, მას იმუნიტეტი იცავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 (4) მუხლის მიხედვით, თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი, აგრეთვე, სხვა პირი, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულს ჩაიდენს, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით გადაწყდება. აღნიშნულ მუხლში არაა მითითება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, გარდა დიპლომატიური წარმომადგენლებისა, იმუნიტეტით სარგებლობენ, ასევე, ქვეყნის პრეზიდენტები, მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები. სერგეი ლავროვი, გარდა იმისა, რომ სარგებლობს პერსონალური იმუნიტეტით (ratione personae), როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, ის, ასევე ისარგებლებს ფუნქციური იმუნიტეტით (ratione materiae), როგორც საკუთარი სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტი საქართველოში იქნება არა მისი პირადი, არამედ ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში უფლებამოსილების/ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ვიზიტი). შესაბამისად, რომ არა იმუნიტეტი, ლავროვის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა და პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტდა, დაიწყებდა თუ არა დევნას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს არის „ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გენერალური შეთანხმების მონაწილე ქვეყანა. შეთანხმების მე-9 მუხლის მიხედვით, ქვეყნების წარმომადგენლები მინისტრთა კომიტეტში, მათი ფუნქციების განხორციელებისას და შეხვედრების ადგილებამდე ან ამ ადგილებიდან მგზავრობის დროს, სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, მათ შორის, პირადი დაკავების ან დაპატიმრების იმუნიტეტით. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს წესდების მე-40 მუხლის მიხედვით, „ევროპის საბჭო, წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და სამდივნო, თითოეული მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია მათი ფუნქციების განსახორციელებლად“.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ, საქართველოს მხრიდან ზემოაღნიშნული შეთანხმების გაუთვალისწინებლობა, კონსტიტუციისა და საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა იქნება.

გამოსავალი?

იმ ვითარებაში, როდესაც ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მათი ფუნქციების განხორციელებისას იმუნიტეტი პირადი დაკავების ან დაპატიმრებისგან იცავს, ისმის კითხვა, აქვს თუ არა ბერკეტი საქართველოს, საერთოდ არ შემოუშვას სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, რომელთაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული?

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი ჩამოთვლის მიზეზებს, რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე. ერთ-ერთ საფუძვლად მოყვანილია შემთხვევა: „თუ საქართველოში უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“. ასევე: „თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა“.

აღნიშნული მუხლი დისკრეციული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა, რაც გულისხმობს, რომ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სამართლებრივად უპირატესობა საერთაშორისო კანონმდებლობას ენიჭება, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას. მაღალი ალბათობით, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მწვავე პროტესტს გამოიწვევს. ბუნებრივია, საბოლოოდ ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შემოუშვას თუ არა სერგეი ლავროვი საქართველოში, რაც მას შესაძლოა სანქციების ფასად დაუჯდეს.

აღსანიშნავია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის დეპუტატი სერგეი მარკოვი არ შემოუშვეს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა. ამის გამო ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სანქცია არ დაუწესებია.

2013 წელს საქართველოში ორი რუსი დეპუტატის არშემოშვებას სანქციის გარეშე არ ჩაუვლია. სერგეი კალაშნიკოვს და ვასილ ლიხაჩოვს, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიით საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაკვირვებოდნენ, საქართველოში შემოსვლაზე უარი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო ეთქვათ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს სანქცია დაუწესა, რომლის თანახმადაც, ორი წლის განმავლობაში საქართველოში, ევროსაბჭოს ეგიდით, ღონისძიება არ უნდა გამართულიყო.

რაც შეეხება მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარების შესაძლებლობას, რადგანაც ყოფილა შემთხვევები, როცა მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარებულა, ნაცვლად კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნისა, სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეძლო მისი თბილისში ჩატარება აერიდებინა. მაგალითად, 2013 წელს, იმ პერიოდში, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იყო ანდორა, 123-ე მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდა. ასევე, 2012 წელს, როდესაც მინისტრთა კომიტეტს გაერთიანებული სამეფო თავმჯდომარეობდა, 122-ე მინისტერიალი სტრასბურგში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველომ ერთ-ერთი ღონისძიება თბილისში უკვე გამართა. მას ევროსაბჭოს წევრი და სხვა არაწევრი ქვეყნებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ. მინისტრთა კომიტეტის შეხვედრები (სესიები), ჩვეულებრივ, ყოველი წლის მაისში იმართება და მას, როგორც წესი, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

------------------------------------------------------------------------------

[1] აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

[2] Arrest Warrant of 11 April 2000 (Democratic Republic of the Congo v. Belgium), ICJ Reports 2002, 3, 20-21, para.51.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი