გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარი გორიდან დაახლოებით 35 კილომეტრის მოშორებითაა. ცხინვალიდან კი უფრო ახლოს, 18 კილომეტრში მდებარეობს. ამ სოფლის ოკუპაცია ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო. გუგუტიანთკარში გასული წლის შემოდგომით შეჩერებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, მიმდინარე წლის 20 იანვარს ისევ განახლდა. სოფელში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო ინსტალაციებს მართავენ და მას ლითონის ღობეების მონტაჟისთვის ამზადებენ. ამ ეტაპზე, უკანონო სამუშაოების შედეგად, გუგუტიანთკარელების შენობა-ნაგებობები დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოქცეულა, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი სოფლის სასაფლაოს და ეკლესიას თანდათან უახლოვდება. თუ გასული წლის აგვისტოში გუგუტიანთკარში საოკუპაციო ღობე, დაახლოებით, 500 მეტრზე გაავლეს, ამჟამად, სოფლის პერიმეტრზე საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე არის გაგრძელებული. გუგუტიანკარელებისთვის უცნობია, სადამდე აპირებენ საოკუპაციო ძალები უკანონო ინსტალაციების მოწყობას. მათი განმარტებით, ოკუპირებული სოფლის, დისევის, მისადგომებიდან დაწყებული მონიშვნები, იმავე მიმართულებით გაგრძელების შემთხვევაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებზე- კოშკასა და ქერეზეც გაივლის.

მცოცავი ოკუპაცია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებში 2008 წლის შემდეგ შეინიშნებოდა. უკანონო „ბორდერიზაცია“ 2011 წლიდან გააქტიურდა. ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა. მწვანე ღობეები, მავთულხლართები და აბრები თავდაპირველად ხურვალეთსა და ნიქოზში, შემდეგ კი მეჯვრისხევსა და მერეთში გამოჩნდა. გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლეს, სადაც მცოცავი „ბორდერიზაცია“ დვანში, თამარაშენსა და ატოცში დაფიქსირდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 353 კმ-ია. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის ხელოვნური ბარიერი დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგის, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. მთლიანობაში, საქართველოს ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 500 კმ-ზე მეტია. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.

ამის პარალელურად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ თემად ჩორჩანა - წნელისის მონაკვეთზე რუსი ჯარისკაცების გამოჩენა რჩება. 28 აგვისტოდან სოფელ ჩორჩანას მცხოვრებლებმა სოფლის სიახლოვეს რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკის, ჯავშანმანქანების და ასევე რუსი სამხედროების გადაადგილება შენიშნეს. ადგილობრივების განმარტებით, ეს ის ტერიტორიაა, სადაც ჩორჩანელებს მიწის ნაკვეთები არ აქვთ, სოფლიდან მოშორებითაა და პირუტყვის საძოვრებადაც თითქმის არ იყენებენ. დასახელებული ადგილები, ძირითადად ტყიანი ფართობებია და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვის გამო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილობრივები იქ მიახლოებას ერიდებიან.

აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, წნელისის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. უწყებამ აღნიშნული ქმედება პროვოკაციად შეაფასა. ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ამ სოფელს თბილისიდან დაახლოებით 110 კილომეტრი აშორებს და ის ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება. ჩორჩანასა და წნელისს ერთმანეთისგან ტყე (რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით) ჰყოფს. ჩორჩანას მცხოვრებლებმა რუსი სამხედროების და ჯავშანმანქანების მოძრაობა სწორედ ამ ტყეში შენიშნეს, რაც მათივე თქმით, მანამდე არ დაუფიქსირებიათ.

რუსების ამ ქმედების საპასუხოდ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ქართულმა პოლიციამ სპეციალური საგუშაგო განათავსა და ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგო გააძლიერა. ეს ფაქტი ცხინვალის რეჟიმმა კონფლიქტის ესკალაციად შეაფასა და ქართულ მხარეს საგუშაგოს დემონტაჟი მოსთხოვა. სავარაუდოდ, დაგეგმილი სამუშაოები საოკუპაციო ძალებმა გაურკვეველი ვადით სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო შეაჩერეს.

მანამდე (2019 წლის 29 აგვისტოს), ცხინვალიდან, ქართული საგუშაგოს დემონტაჟის მოთხოვნით ულტიმატუმი გაისმა. კერძოდ, თუ ქართული საგუშაგო „სასაზღვრო ტერიტორიიდან“ 30 აგვისტოს დილის 06:00-მდე არ მოიშლებოდა, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. სუსის საპასუხო განცხადებით, ქართული მხარის გადასაწყვეტია, თავისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე როგორ მოიქცევა. ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართველი პოლიციელები სოფელ წნელისში იყვნენ განლაგებულნი. ქართული მხარის განმარტებით კი, პოლიციის პოსტი სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. 29 აგვისტოსვე საღამოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში 95-ე შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელიც ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლაში ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ ვაშინგტონი დაადანაშაულა.

სწორედ, ამ ვითარებას უკავშირდება ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახალგორის გამშვებ პუნქტს იქამდე არ გახსნის, ვიდრე ქართული პოლიცია ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული საგუშაგოს დემონტაჟს არ მოახდენს. შექმნილი მდგომარეობის ფონზე კი ახალგორელები თითქმის 5 თვე ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფებოდნენ. 24 იანვარს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის გახსნა.

რამდენიმე დღის წინ კი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა“ ე.წ. საზღვართან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კონკრეტულად კი, ახალგორის იმ მცხოვრებლების გატარება, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობა“ არ გააჩნიათ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტით, ორ თვეში ერთხელ განხორციელდება.

ამ ფონზე კი დე ფაქტო რეჟიმის ბიუჯეტი ქართული მხიდან გადარიცხული ე.წ ჯარიმის თანხით იზრდება, რასაც კონფლიქტის ზონაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულთა ახლობლები მათი გათავისუფლების სანაცვლოდ იხდიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2009 -2019 წლებში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს სულ 3170 მოქალაქე დააკავეს, აქედან, 1330-მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, 1840 - კი აფხაზეთის მიმართულებით.

გრაფიკი 1: ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეთა დაკავების სტატისტიკა 2009-2019 წლებში.

როგორც ცხრილიდან ჩანს, გასულ წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ 106 ადამიანი დააკავეს. აქედან-20 აფხაზეთის, 86- ცხინვალის მიმართულებით. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე იყო, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 14 ნოემბერს გავრცელდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის დარღვევას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 20 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორის) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა. 28 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

გამყოფ ხაზთან ადამიანების გატაცების ფაქტებმა სისტემატური ხასიათი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. სუს-ის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცხინვალის შემთხვევაში 2015 წელს, აფხაზეთის მიმართულებით კი, 2013 წელს დაფიქსირდა. ბოლო ოთხ წელში კი, კლების ტენდენცია შეინიშნება (გატაცებების სტატისტიკაზე აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე იხ. ასევე „ფაქტ-მეტრის“ სტატია) თუმცა არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ცხინვალის იზოლატორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პატიმრობის ხანგრძლივობა გაზრდილია. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს პირველ და განმეორებითი შემთხვევის დროს, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, მესამედ დაკავების შემთხვევა კი ხშირად ცხინვალისა და აფხაზეთის საპატიმროებში თავისუფლების რამდენიმეთვიანი აღკვეთით სრულდება. ცხინვალის საპატიმროში ყოფნის პერიოდი დაკავებულის ახლობლების მხრიდან ე.წ. ჯარიმის გადახდის დროზეა დამოკიდებული. ამ საკითხზე სუსში ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ და ვერც იმას აკონკრეტებენ, გასულ წლებთან შედარებით, ცხინვალის იზოლატორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პატიმრობის ხანგრძლივობა გაზრდილია თუ შემცირებული. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სასამართლოს ჩატარების შემდეგ დაკავებულ პირს 2-თვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებენ. ე.წ. ჯარიმის გადახდაც დაკავებულთა ახლობლებმა სწორედ ამ ვადაში უნდა შეძლონ.

ორი წლის წინ დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ჯარიმის თანხა 2 000 რუბლიდან 5 000 რუბლამდე გაზარდა (200 ლარამდე), მეორე ჯერზე დაკავების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. რადგან ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, 2008-2019 წლებში, მშვიდობიანი მოქალაქეთა დაკავების 3 170 შემთხვევაა გამოვლენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში დე ფაქტო ერთეულების ბიუჯეტებმა, მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ, მინიმუმ 6 340 000 რუსული რუბლით ისარგებლეს, რაც დაახლოებით 292 039 ლარია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი