2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც 2 დეკემბერს ნიკა მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ის ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში კი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა. ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დამატებით სასჯელად კი 2 წლითა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები იმავეს იმეორებს, რასაც კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი. როგორც კონსტიტუცია, ასევე პარლამენტის რეგლამენტი, ერთი მხრივ, პირდაპირ ჩამოთვლის, თუ რა ხდება პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი წყვეტს. მუხლის მსგავსი ფორმულირება გარკვეულ კითხვებს აჩენს, თუ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე,საბოლოო სიტყვა ვისზე/რაზეა დამოკიდებული , პარლამენტის ნებაზე თუ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ საფუძვლებზე. თუკი მივიჩნევთ, რომ (როგორც უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა [1]), პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება ამ შემთხვევაში ავტომატური, მექანიკური თემაა, მაშინ გაუგებარია, თუ რატომ არის კონსტიტუციისა და რეგლამენტის მუხლი ამგვარად ფორმულირებული: „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი“ და გადაწყვეტილების მიღებას დადგენილების მიღებისთვის საჭირო პროცედურის გავლა რატომ სჭირდება. კონსტიტუციის მიხედვით, უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილების მიღებას დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები.

საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, პარლამენტის მიერ დამატებით გადაწყვეტილების მიღება მართლაც ფორმალური ხასიათისაა. მაგალითად: გარდაცვალება ან უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტისთვის პირადი განცხადებით მიმართვა. ასეთ შემთხვევებში, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა. თუმცა, როდესაც საქმე სასამართლოს მიერ გამოტანილ და ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს ეხება, პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ფორმალური ხასიათის ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრი/წევრები სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება არ დაეთანხმონ. საკითხთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ერთ მხრივ, უშვებს დეპუტატისთვის უფლებამოსილების აღდგენას, თუმცა, მეორე მხრივ, ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორც ვნახეთ, კონსტიტუცია არ აკონკრეტებს, პარლამენტარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს რომელი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი წამოადგენს. თუმცა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოცემული სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპები, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე უშვებს. კერძოდ, აღნიშნული გამომდინარეობს რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტიდან, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების, დაპატიმრების ან/და თავისუფლების აღკვეთის ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და კომპენსაცია დაკავების, დაპატიმრების ან/და თავისუფლების აღკვეთის დროის შესაბამისად მიეცემა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, შესაძლებელია, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდეს სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით და შემდგომ ეს გადაწყვეტილება გამამართლებლით შეიცვალოს (სასამართლოს ზედა ინსტანციის მიერ). აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე მიიქცევა. მიუხედვად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლის შემთხვევაში დეპუტატისთვის უფლებამოსილების აღდგენას ითვალისწინებს, დროის ფაქტორის გამო, ეს პრინციპი ფაქტობრივად გამოუსადეგარია. პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დეპუტატს, რომელსაც უფლებამოსილება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლით შეუწყდება, პარლამენტის დადგენილებით, უფლებამოსილება იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა და, ამასთანავე, მის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრს დეპუტატის მანდატი არ მიუღია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით (მუხლი 295), სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში გამოაქვს, საკასაციო სასამართლო კი საჩივარზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა. ამ ვადების ფონზე, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (მუხლი 130), საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილს სხვა კანდიდატი 1 თვის ვადაში იკავებს [2], ხოლო საპარლამენტო უფლებამოსილების აღდგენა დასაშვებია მაშინ, თუ არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა მოასწროს მომჩივანმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მომდევნო ინსტანციებში ისე, რომ ამასობაში მისი ადგილი ადგილმონაცვლემ არ დაიკავოს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, პირმა აღიდგინოს საპარლამენტო უფლებამოსილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლის შემთხვევაში.

რაც შეეხება მანდატის აღდგენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულს საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, კერძოდ, შესაბამისი წესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონშია მოცემული. ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში 2019 წლის 23 დეკემბერს გასაჩივრდა. მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში მის ადვოკატთან, გიორგი კონდახაშვილთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები იცავენ. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი 14 თებერვალს განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აღსანიშავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შესაბამისი დადგენილების (პარლამენტის დადგენილება საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე) ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება. იმის გათვალისწინებით, რომ 17 იანვარს პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილი ცნო, საინტერესოა, გამოიწვევს თუ არა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შესაძლო აღდგენა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ავტომატურად დაკარგვას. აღსანიშნავია, რომ ბასიშვილის კანდიდატურის კენჭისყრას პარლამენტში ბოიკოტის გამო ოპოზიცია არ ესწრებოდა, ხოლო უმრავლეობის დეპუტატთა ნაწილი მისი კანდიდატურის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო.

---------------------------------------------------------------------------------------------

[1] ,,აქ დეპუტატის მხარდაჭერა ავტომატური, მექანიკური თემაა, იმიტომ, რომ კანონით და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ასეთ შემთხვევაში დეპუტატის მანდატი წყდება’’- გია ვოლსკი.

[2] საარჩევნო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი