ფართომასშტაბიანი ტესტირება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ის განსაკუთრებით ეფექტიანი ვირუსის გავრცელების ფაზაშია, რათა ტესტის საშუალებით ინფიცირებულების დროული გამოვლენა და იზოლირება მოხდეს. ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აღნიშნავს. ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა: „ჩვენ [ჯანმოს] ყველა ქვეყნისთვის მარტივი მესიჯი გვაქვს - ტესტი! ტესტი! ტესტი! ყველა საეჭვო შემთხვევაში ტესტი ჩაატარეთ. თუ ადამიანებს კორონავირუსი აღმოაჩნდებათ, მოახდინეთ მათი იზოლაცია. დაადგინეთ მათი კონტაქტები, სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე პერიოდიდან მოყოლებული და შემდეგ მათაც ჩაუტარეთ ტესტი“. ამასთან, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნებს ჩინეთისა და სამხრეთ კორეის სტრატეგიების მიბაძვისკენ მოუწოდა.

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტირება პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით ხდება. პჯრ მეთოდის გარდა, COVID-19-ის დიაგნოსტირება სწრაფი ტესტებითაც არის შესაძლებელი, რომელიც ანტისხეულების[i] ან ანტიგენების[ii] გამოვლენას გულისხმობს. სწრაფი ტესტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსის გამოვლენა მოკლე დროშია შესაძლებელი. ამასთან, ტესტის თვითღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება. ასევე, სწრაფი ტესტებით, უსიმპტომო ინფიცირებულთა გამოვლენაც შესაძლებელია. ამასთან, პჯრ მეთოდით დიაგნოსტირებისთვის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიაა საჭირო. შესაბამისად, როცა ფართომასშტაბიან ან მასობრივ დიაგნოსტირებაზეა საუბარი, სწორედ სწრაფი ტესტების გამოიყენება იგულისხმება.

პანდემიასთან ბრძოლის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში. ამის დადგენა კი ფართომასშტაბიანი ტესტირებითაა შესაძლებელი. სწრაფი ტესტით ვირუსის სწრაფი გამოვლენა ხდება, ამასთანავე რესურსების ოპტიმიზაციის შესაძლებლობასაც იძლევა. სწრაფი ტესტის გამოყენების დროს კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სწრაფი ტესტი 100%-იანი სიზუსტის არ არის, განსაკუთრებით ვირუსით ინფიცირების ადრეულ ფაზაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მისი ლაბორატორიული გადამოწმება უნდა მოხდეს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, თუ ეჭვის საფუძველი არსებობს (მაგალითად ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდა), პირი იზოლაციაში უნდა დარჩეს და შემდეგ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდეს.

ჯანდაცვის სფეროს ბევრი წარმომადგენლის პოზიციით, მასობრივი ტესტირების გარეშე პანდემიის გავრცელების შეჩერება შეუძლებელია. ვირუსის სწრაფი და დროული გამოვლენა მის შემდგომ გავრცელებას უშლის ხელს, ამასთან გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღნიშნულის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი სამხრეთ კორეაა, რომელმაც მასობრივი ტესტირებით ინფექციის გავრცელების შეკავება შეძლო, ამასთან სამხრეთ კორეაში გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. ქვეყანაში ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი ტესტი ტარდება. აღსანიშნავია, რომ იტალიის პატარა ქალაქმა ვომ, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრში იყო, სწრაფი და მასობრივი ტესტირებით ახალი ინფექციის გავრცელების შეჩერება შეძლო. მასშტაბური ტესტირების მიდგომას სინგაპურშიც იზიარებენ. დიდ ბრიტანეთში კი, თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ, ყოველდღიურად 25 000 ტესტირების ჩატარება იგეგმება.

როდის დაიწყება საქართველოში სწრაფი ტესტების გამოყენება?

მას შემდეგ, რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, სწრაფი ტესტირების აუცილებლობაზე საუბარი გააქტიურდა [iii]. მარნეული [iv] შესაძლოა ეპიდაფეთქების კერა იყოს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწრაფი გამოკვლევა და ინფიცირებულთა დროული გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა, აქედან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ტესტირების გარეშე, ეპიდსურათის შეფასება მინიმუმ არასრულყოფილია, რადგან, ვირუსი შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს განაცხადა, რომ სწრაფი ტესტები პანაცეა არ იყო. 24 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „სწრაფი ტესტები ძალიან კარგია მასობრივი კვლევების დროს. ასეთი კვლევები შეიძლება საჭირო გახდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ამიტომ, სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან საჭიროა“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 24 მარტიდან 4 აპრილამდე, ჯამში - 216 000 ერთეული სწრაფი ტესტის შემოტანა იგეგმება.

  • პირველ ეტაპზე, მიმდინარე კვირაში, ქვეყანა 3 000 ტესტს მიიღებს (საიდანაც 1 000 ტესტი ჩინეთის საჩუქარია);
  • მეორე ეტაპზე, მარტის ბოლომდე, ანტიგენის განმსაზღვრელი 5 000 და ანტისხეულების განმსაზღვრელი 3 000 ტესტი გამოიგზავნება;
  • მესამე ეტაპზე, ანტიგენის განმსაზღვრელი 5 000 ტესტი შემოვა;
  • მეოთხე ეტაპზე, 200 000 ანტიგენის ტესტს შემოიტანენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან, კორონავირუსის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ერთი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულება 5.5 აშშ დოლარია, მთლიანად შესყიდვის ღირებულება კი, ჯამში 1 182 500 აშშ დოლარს შეადგენს.

23 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში სწრაფი ტესტები 24 მარტს შემოვიდოდა.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 ტესტი მიიღო, თუმცა აღნიშნული ტესტები მეთოდოლოგიურად არის იგივე ტიპის ტესტები, რაც აქამდე გვქონდა. აღნიშნული ტესტები განკუთვნილია მარნეულის რეგიონისთვის, მისი გამოყენება 25 მარტიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად საათ-ნახევრამდე შემცირდა“. მინისტრის განმარტებით, კვირის ბოლომდე, დამატებით ტესტებს შემოიტანენ.

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა TV პირველის ეთერში განმარტა, რომ „სწრაფი ტესტი იმ ტესტს ნიშნავს, როდესაც 15-20 წუთში გვაქვს პასუხი. თუ ვლაპარაკობთ საათ-ნახევარზე, მაშინ მეთოდოლოგიურად იგივე ტიპის ანალიზზე ვლაპარაკობთ, რასაც ლუგარის ლაბორატორია აკეთებს. აქ მხოლოდ ხანგრძლივობაზე არ არის საუბარი, არამედ მეთოდებზე. ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ანტისხეული, რომელიც ორგანიზმმა გამოიმუშავა მის წინააღმდეგ. ანტიგენ ტესტით, შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ვირუსი სწრაფად, ცხვირ-ხახის ნაცხში. ან აღმოვაჩინოთ ვირუსი მოლეკულური ნაცხით, რომლითაც დღეს კეთდება საქართველოში. თუ სწრაფ ტესტებზე ვლაპარაკობთ, მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კლინიკაში. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პრჯ მეთოდზე, ეს მხოლოდ სპეციალურ ლაბორატორიებში უნდა გაკეთდეს და მასობრივი ხასიათი ვერ ექნება“. ინფექციონისტმა ტესტების მრავალფეროვნების საჭიროებას გაუსვა ხაზი. მისი აზრით, სხვანაირად სიტუაციის მართვა გაგვიჭირდება.

----------------------------------------------------------------------------------------

[i] ანტისხეული არის ცილა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილი ანტიგენების საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება

[ii] გენეტიკურად უცხო სხეული

[iii] იხილეთ ბმული 1; ბმული 2

[iv] 22 მარტს მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. ამასთან, ინფიცირებულს უშუალო კონტაქტი 90-მდე ადამიანთან ჰქონდა, კონტაქტების ჯაჭვი კი 1 700-მდეა.

განახლება:

23 მარტს საქართველომ ახალი კორონავირუსის სწრაფ ტესტების შეძენაზე ჩინურ კომპანიასთან - Shenzhen Bioeasy Technology ხელშეკრულება გააფორმა. საქმე ეხება 1 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 215 ათას სწრაფ ტესტის შეძენას.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული კომპანიისგან ტესტები ესპანეთმაც შეიძინა. ესპანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, სწრაფი ტესტების მგრძნობელობა მხოლოდ 30% აღმოჩნდა, რის შემდეგაც ტესტები მწარმოებელ კომპანიას დაუბრუნეს.

27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ Shenzhen Bioeasy Technology-სთან სწრაფი ტესტების შეძენაზე ხელშეკრულება გაუქმდა. მინისტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტების შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა კომპანიასთან. აღსანიშნავია, რომ ეს იმ 1 000 ტესტს არ ეხება, რომელიც საქართველომ ჩინეთიდან საჩუქრის სახით 24 მარტს მიიღო. აღნიშნული ტესტები არ არის სწრაფი ტესტები, ის არის PCR ტესტი, რომლის სანდოობაც მაღალია (მეთოდოლოგიურად იგივე ტესტებია, რასაც აქამდე ლუგარი იყენებდა). ამასთან, მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი ტესტის შედეგი, რომელიც ქვეყანაში შემოდის/შემოვა, ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება.

ფოტო: არჩილ კალანდია


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი