ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ყველაზე მარტივად შესასრულებელი რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის წარმომადგენლები მოსახლეობას სთავაზობენ, ხელების ხშირად გულდასმით დაბანა და შენობის სველი წესით დამუშავებაა.

კორონავირუსის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა. აუცილებელ რეკომენდაციებს შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მაქსიმალური დაცვა, შენობებში პერიოდულად დეზინფექციის განხორციელება, ტუალეტების, ბუფეტების, სასადილო და სამედიცინო კაბინეტების დასუფთავება სადეზინფექციო საშუალებებითა და სხვა იყო. მოგვიანებით, მთავრობამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით, სოფლებში, რამდენად რეალური იქნებოდა ამ რეკომენდაციების დაცვა, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა, რომ არ დამდგარიყო და ზოგადად, არიან, თუ არა დაცული მოსწავლეები და პერსონალი ნებისმიერი ისეთი დაავადებისგან, რომლის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაუცველობა გახდეს.

„ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტროს ცნობით, ტერიტორიული ორგანოების რესურსცენტრების მეშვეობით, 2019 წელს ყველა საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგი განახორციელა და შემდეგი გარემოებები გამოავლინა:

ცხრილი 1. აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა ტერიტორიული რესურსცენტრების 2019 წლის მონიტორინგის მიხედვით

მუნიციპალიტეტი

საჯარო სკოლების

რაოდენობა, მათ შორის,

ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული საპირფარეშოების მიხედვით

სკოლები, რომლებშიც დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები

სიტუაცია არსებული მდგომარეობით

შენიშვნა

ბათუმი

27 (25)

22-ე, 26-ე

რეკომენდაცია გაითვალისწინა ორივე სკოლამ

ქობულეთი

46 (34)

ბობოყვათის, აჭყვისთავის, ალამბარის, ოჩხამურის, ხალას, ნაკაიძეების, მუხაესტატის, ბუკნარის

გაითვალისწინა ყველა სკოლამ.

სოფელ დაგვის საბაზო სკოლაში მიმდინარეობს რემონტი

ხელვაჩაური

35 (27)

ზემო ახალშენის, განთიადის, ახალშენის №2, სოფელ ხელვაჩაურის №1, ზემო წინსვლის, ზემო თხილნარის, ერგეს, ჭარნალის, ახალშენის №1, დაბა მახინჯაურის

გაითვალისწინა ყველა სკოლამ

ქედა

29 (25)

ხარაულის, გეგელიძეების

გაითვალისწინა ორივემ

ორივე სოფელს აქვს წყლის მიწოდების ხარვეზი. გეგელიძეების საჯარო სკოლაში არ არის მოწყობილი ხელსაბანი, ასევე - წყალგაყვანილობის სისტემა სტანდარტების დაცვით, რადგან საპირფარეშოს შენობის რელიეფური მდებარეობა არ იძლევა ამის საშუალებას. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია ამ პრობლემის მოგვარება

შუახევი

43 (22)

სოფ. დარჩიძეების თემურ ცეცხლაძის სახელობის, სოფ. პაპოშვილების, სოფ. დაბაძველის

გათვალისწინებულია სოფ. პაპოშვილების სკოლაში

დარჩიძეების სკოლაში საპირფარეშოს კაპიტალური შენობა აშენდება საზაფხულო არდადეგების დროს; დაბაძველის სკოლას არ აქვს საკანალიზაციო სისტემა. მისი მოწყობა დაგეგმილი იყო მარტის ბოლოსთვის.

ხულო

49 (21)

უჩხოს, საციხურის, ძმაგულის, თაგოს, გორგაძეების, ტაბახმელის

გაითვალისწინა უჩხოს, საციხურის, ძმაგულის

თაგოს, გორგაძეების, თაბახმელის სკოლებში არის ხის საპირფარეშოები შენობის გარეთ. დაგეგმილია მათი მშენებლობა

წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აღნიშნულმა სკოლებმა გატარებული ღონისძიებების შესახებ რესურსცენტრებს უკვე აცნობეს. სამინისტრომ არ დააკონკრეტა, რა სახის ღონისძიებები გაატარეს სკოლებმა. მათივე პასუხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეისათვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა სკოლის საპირფარეშოებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია.აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრმა“ იგივე ინფორმაცია სამინისტროსგან 2019 წელსაც გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის თანახმად, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მდგომარეობა დაცული იყო ბათუმის ყველა სკოლაში (წელს უკვე აღმოჩნდა, რომ ორ სკოლაში ნორმები დარღვეული იყო);

ქობულეთის საჯარო სკოლების უმეტესობაში მდგომარეობა შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი, ნაწილში - კარგი, ხოლო სამ სკოლაში - ცუდი.

ხელვაჩაურის სამ სკოლაში საპირფარეშოები სარეაბილიტაციო იყო. დანარჩენის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კარგი ან დამაკმაყოფილებელი.

ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ნაწილობრივ დაცულია (დამაკმაყოფილებელია, როგორც სამინისტრო მიუთითებს) 29-ვე სკოლაში. აქედან სკოლების ნაწილს წყალი მუდმივად მიეწოდება, სხვაგან კი დამონტაჟებულია სეპტიკი. ამ სკოლებიდან თბილი წყალი მხოლოდ ერთ სკოლას მიეწოდება.

შუახევის ხუთ სკოლაში საპირფარეშოები სარეაბილიტაციო იყო, დანარჩენში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სამინისტროს ინფორმაციით, იყო კარგი ან დამაკმაყოფილებელი.

ხულოს ექვს სკოლაში პირობები დაცული არ არის, დანარჩენ სკოლებში, როგორც მოგვწერეს, დაცულია.

ჩვენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვესაუბრეთ სხვადასხვა სკოლის რამდენიმე პედაგოგს, მოსწავლესა და მოსწავლის მშობელს. მათი ინფორმაციით, სკოლების ნაწილში სველი წერტილები მოუწესრიგებელია და წლებია, ეს პრობლემა ვერ გადაიჭრა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისიცაა, რომ ზოგიერთ სოფელში დღემდე სასმელი და სამეურნეო გამოყენების წყალი არ არის ხელმისაწვდომი. იქაც კი, სადაც სველი წერტილებია, იშვიათი შემთხვევაა, რომ ყველა მოთხოვნა დაცული იყოს. უმეტესობაში თხევადი საპონი და ტუალეტის ქაღალდიც კი არ არის. ქაღალდის ხელსახოცები კი თითქმის არასდროს უნახავთ. ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც გვთხოვა, ვინაობა არ გაგვემხილა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წლებია, შენობაში სველი წერტილები მოუწესრიგებელია, არ არის წყალი და ჰიგიენის დაცვის სხვა საშუალებები. „მაინცდამაინც ეპიდემიის გავრცელებას უნდა დაელოდონ, რომ რაღაც მოიმოქმედონ?! მე ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე, სველი ხელსახოცები იქონიონ ყოველთვის, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის. სკოლას აქვს იმის საშუალება, რომ ეს აუცილებელი პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ არ აგვარებს“, - გვითხრა მასწავლებელმა.

სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სულ ფუნქციონირებს 229 სკოლა, რომლებშიც 50 406 მოსწავლე სწავლობს. გარდა ამისა, 7 914 მოსწავლეა კერძო სკოლებში.

საჯარო სკოლების საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად იმისა, რომ განათლება ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტთა შორისაა, ხოლო განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს, ეს პრობლემა სახელმწიფოს წინაშე ჯერაც მწვავედ დგას.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი