როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუსი (COVID-19)?

COVID-19 ახალი კორნავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს მჭიდრო კონტაქტით, წვეთოვანი გზით, გადაეცემა. ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს საუბრისას, ხველისას და ცემინებისას ავრცელებს. წვეთები დაახლოებით 1 მეტრის რადიუსზე ვრცელდება და ზედაპირზე სწრაფად ეშვება. ვირუსი საგნების ზედაპირზეც სიცოცხლისუნარიანია, შესაბამისად, ზედაპირები, რომელთაც ვეხებით, ინფიცირების ერთ-ერთი წყაროა.

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენა 2-დან 14 დღის განმავლობაში ხდება. ვირუსი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

COVID-19-ის ძირითადი სიმპტომები

• ცხელება (ტემპერატურა 37.5 ან მეტი)

• მშრალი ხველა

• სუნთქვის გაძნელება

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;

• მოერიდეთ სახეზე - პირზე, ცხვირზე, თვალებზე ხელით შეხებას. ეს ორგანიზმში ვირუსის შეღწევის და ინფიცირების გზას წარმოადგენს;

• დაიცავით სოციალური დისტანცია გარშემომყოფებთან (სულ მცირე 2 მეტრი);

• ხშირად გაწმინდეთ გამოყენებული ზედაპირები, საგნები, ტანსაცმელი;

• დაიცავით გარემოს ჰიგიენა და ხშირად გაანიავეთ ოთახი;

• არ გამოიყენოთ საზიარო საგნები (მათ შორის, ზიარების კოვზი);

• მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს (მათ შორის, საეკლესიო ღონისძიებებს).

როგორ დავიცვათ გარშემომყოფები დაინფიცირებისგან?

• ხველისა და ცემინებისას, პირსა და ცხვირზე, ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი აიფარეთ. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ;

• ხველისა და ცემინების შემდეგ ხელები დაიბანეთ ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;

• თუ გაქვთ რესპირატორული სიმპტომები, სამედიცინო ნიღაბი გამოიყენეთ, გარშემომყოფებთან კონტაქტს მოერიდეთ და სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ;

• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაღაზია, აფთიაქი და სხვა) გამოიყენეთ პირბადე. (გახსოვდეთ, ვირუსის გადაცემა შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდეც).

ვინ არის ვირუსით დაინფიცირების რისკჯგუფში?

ახალი კორონავირუსით ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. დაინფიცირების და შემდგომი გართულებების მაღალი რისკის ჯგუფში ხანდაზმული და ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; სასუნთქი გზების დაავადებები; დიაბეტი და ა.შ.) მქონე ადამიანები არიან. რეკომენდებულია, რომ მაღალი რისკჯგუფის ადამიანები სხვებთან კონტაქტს მაქსიმალურად მოერიდონ და სახლში დარჩნენ.

რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოში?

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული.

• 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იკრძალება.

• ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსით) მგზავრობაა დასაშვები. ავტომობილში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს (ორი მგზავრი აუცილებლად უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს).

• აკრძალულია 3-ზე მეტი პირის თავშეყრა.

• 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. მათ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

• ქალაქში გადაადგილებისას, ნებისმიერ მოქალაქეს, თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

• 15 აპრილის 21:00 სთ-დან თბილისისა და რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრები ჩაკეტილია.

ქალაქში (მუნიციპალიტეტში) შესვლის უფლება აქვთ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებული არიან აღნიშნულ მუნიციპალიტეტში. ქალაქის (მუნიციპალიტეტის) დატოვების უფლება აქვთ იმ პირებს, ვინც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტში.

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ან რეგისტრირებული არიან ჩაკეტილ ქალაქების შემოგარენში (მაგალითად წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები და ა.შ.) გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (144).

სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებისას, შეზღუდვები არ ეხებათ კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (მედპერსონალი; მედიის წარმომადგენლები; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; სატვირთო გადაზიდვები და ა.შ.).

რატომ არის იზოლაცია მნიშვნელოვანი?

გლობალურად, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი, საგანგაშოა. ჯერჯერობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ასევე, კორონავირუსის სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ვირუსის გავრცელების შეჩერების გზა სოციალური დისტანცია და იზოლაციაა.

თუ გაქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდით, თვითიზოლაციაში დარჩით და დაუყოვნებლივ მიმართეთ:

დაავადებათა კონტროლის ცენტრს: 116 001 ან ჯანდაცვის სამინისტროს: 15 05 ან დარეკეთ 112-ში

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მთავრობის ცხელ ხაზს - 144.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი