გთავაზობთ Politico.eu-ს სტატიის თარგმანს:

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შეჩერების მიზნით სახელმწიფოებში შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომები მუშაობს, თუმცა ასეთი უხეში ინსტრუმენტის გამოყენება ვირუსის შეფერხების პროცესში ეკონომიკურ აქტივობას და სოციალურ ცხოვრებას ანადგურებს.

ამასთან, დაავადებაზე სათანადო რეაგირების მიზნით, პასუხისმგებელ პირებს საჭიროა უფრო სრულყოფილად ესმოდეთ თუ რასთან უწევთ ბრძოლა. მოცემულ ეტაპზე, ვირუსთან და მისი მოქმედების ალგორითმთან დაკავშირებით დაგროვებულ სამეცნიერო ცოდნაში მნიშვნელოვანი თეთრი ლაქები არსებობს. ქვემოთ წარმოდგენილია 5 შეკითხვა, რომლებზე პასუხების გასაცემად დღეს მეცნიერები მუშაობენ.

1. შესაძლებელია თუ არა განმეორებით ინფიცირება?

კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალიდან გამომდინარე, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა მიმზიდველად მოეჩვენოთ ვირუსგადატანილი ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასთან მიახლოვებულ პირობებში დაბრუნების სცენარი.

აღნიშნული თვალთახედვით, ზემოხსენებული ადამიანები ვეღარ შეძლებენ სხვების დაინფიცირებას და ამავდროულად, ექნებათ იმუნიტეტი, რომელიც ხელახალი ინფიცირებისგან დაიცავს. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ასე იქნება?

„შეუძლებელია ვთქვათ, რომ ანტისხეულების არსებობა იმუნიტეტის გარანტიაა. ამ ეტაპზე არ ვიცით, დაინფიცირების შემდეგ ყველა შეიძენს თუ არა იმუნიტეტს“ – აცხადებს ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და ინფექციური კვლევის ინსტიტუტის პროფესორი დევიდ კავანაგი, „პოლიტიკო“–სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სამხრეთ კორეაში გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები შესაძლოა განმეორებით დაინფიცირდნენ ვირუსით. შესაბამისად, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის „იმუნიტეტის პასპორტის“ მინიჭების საკითხის განიხილავს, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ საკუთარმა მეცნიერ/ექსპერტებმა გრძელვადიანი იმუნური რეაგირების თავისებურებები გაცილებით საფუძვლიანად შეისწავლონ.

2. როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?

ნათელია, რომ კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება და სწორედ ამიტომ დაინფიცირების ალბათობის შესამცირებლად, საწყისი ეტაპიდანვე ადამიანებს დახველებისა და დაცემინების დროს პირის ღრუს მოხრილი იდაყვით დაფარვისკენ მოუწოდებენ.

ზემოხსენებული რეკომენდაციის გარდა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები უფრო გაურკვეველია. შესაძლებელია თუ არა დაინფიცირება დასნებოვნებულ ზედაპირზე შეხებით, ვიდრე პირს, ცხვირს ან თვალებს შევეხებით? თუ ეს შესაძლებელია, რამდენი ხანი შეუძლია ვირუსსს გაძლოს სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „დაუდგენელია რამდენ ხანს ძლებს COVID-19–ის გამომწვევი ვირუსი ზედაპირებზე. კვლევების თანახმად, კორონავირუსებმა (ამაში შედის COVID-19-ის ვირუსთან დაკავშირებით არსებული წინასწარი ინფორმაცია) ზედაპირებზე შესაძლოა რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე გაძლონ“.

ინფექციების ჯაჭვის მიკვლევისა და გაწყვეტის პროცესში, საჭიროა ზუსტად დადგენა, თუ რამდენი საათი ან რამდენი ხანი შეიძლება იყოს ზედაპირი ინფიცირების გამომწვევი წყარო. აღნიშნულის ცოდნა მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით დასაწესებელი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის მიზნით.

პარალელურად, კვლავ ვერ ხერხდება კონსენსუსის მიღწევა საჭიროა თუ არა რეკომენდაცია ან ვალდებულების დაწესება პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, „პირბადე იმ ადამიანმა უნდა ატაროს ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, ან COVID-19–ით შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უვლის“. თუმცა, ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ქალაქებმა სავალდებულო გახადეს საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება.

ამჟამად, ექსპერტების რჩევების ცვალებადობის და ქვეყნების მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკის ფონზე, კვლავაც გაურკვეველი რჩება იცავს თუ არა პირბადის ტარება კორონავირუსის გადაცემისგან.

3. მოქმედებს თუ არა ამინდი ვირუსზე?

აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვარაუდით, ტემპერატურის მატებამ შესაძლოა პანდემიასთან ბრძოლა გააადვილოს. „ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ [ვირუსი] აპრილში სიცხესთან ერთად გაქრება, როდესაც სიცხე დაიწყება“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის თებერვალში.

მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის აგრესიული გავრცელების ფონზე, ამჟამად აშშ–ის პრეზიდენტის ოპტიმიზმი უადგილო ჩანს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ‘ზაფხულის“ კლიმატში მყოფ ქვეყნებში, ისეთებში, როგორებიცაა: ავსტრალია და ირანი, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის მატების პარალელურად ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირდება“ – ნათქვამია მეცნიერებათა, ინჟინერიის და მედიცინის ეროვნული აკადემიების ანგარიშში, რომელიც აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი პირველად გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მეცნიერებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ჯერ ნაადრევია ფართო მონაცემთა კატალოგიდან შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა.

ვარაუდი, რომლის თანახმადაც ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად ინფიცირების შემთხვევებიც შემცირდება ემყარება მოსაზრებას, რომ COVID-19 ჩვეულებრივი გრიპის მსგავსია. სწორედ აღნიშნულ შეხედულებას იზიარებდა მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე.

თუმცა ვითარება შეიცვალა.

ამჟამად ექიმები სასამართლოში უჩივიან ბელგიის ჯანდაცვის მინისტრს მეგი დე ბლოკს ადრე გაკეთებული განცხადებისთვის, რომლის თანახმადაც ვირუსი მხოლოდ „მსუბუქ გრიპს“ იწვევს.

4. ვინ კვდება კორონავირუსით?

ვირუსი უფრო მაღალი სასიკვდილო საფრთხის მატარებელია ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი თუ რა განაპირობებს ამას.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ თუ როგორ მოქმედებს COVID-19 ადამიანებზე, ჩანს, რომ ხანდაზმულები და თანხმლები დაავადების (როგორიცაა მაღალი წნევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის დაავადებები, კიბო ან დიაბეტი) მქონე პირები სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ავადდებიან მძიმედ“ – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მაგალითად, ამ დრომდე გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 82 წელია, როდესაც ქვეყანაში დაინფიცირებულთა საშუალო ასაკი 45 წელს შეადგენს.

თინეიჯერებისა და ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტების მიუხედავად, აღნიშნული შემთხვევები გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს. თუმცა გაურკვეველია, რატომ კვდება ზოგიერთი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი COVID-19-ით, მაშინ როდესაც უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

რატომ არსებობს ფერადკანიანებში, აზიელებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში დაავადების სერიოზულ ფორმებში განვითარების უფრო მაღალი ალბათობა? მკვლევარები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

5. როგორ კლავს კორონავირუსი?

პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ იღუპება ზოგიერთი ადამიანი COVID-19-ით და როგორ ახერხებენ გადარჩენას სხვები, დაკავშირებულია შეკითხვაზე თუ როგორ ვითარდება სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექცია ზოგიერთ შემთხვევაში.

ჯანმოს განცხადებით, დაავადების მძიმე ფორმებში მიმდინარეობას ხანდაზმულობა და სუსტი ჯანმრთელობა განაპირობებს, თუმცა ასევე არსებობს მოსაზრებები სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფიცირების პროცესში ადამიანის მიერ მიღებული ვირუსის რაოდენობა შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს დაავადების მძიმე ფორმებში განვითარების თვალსაზრისით.

ზოგიერთი მეცნიერი გენეტიკის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„არსებობს მაღალი შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ ჩვენგანს განსაკუთრებული გენეტიკური აგებულება გააჩნია, რომელიც უფრო მეტად განაპირობებს ორგანიზმის სუსტ რეაგირებას კორონავირუსის ინფექციაზე“ – აცხადებს „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვირუსოლოგი მაიკლ სკინერი. თუმცა ამ დრომდე დაუდგენელია, რომელი გენეტიკური ვარიანტი ზრდის ან ამცირებს აღნიშნულ რისკს.

სტატიის საავტორო უფლებები ეკუთვნის politico.eu-ს, „ფაქტ-მეტრი“ მის თარგმანს გთავაზობთ.

ავტორი: ლორენც გერკე

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი