მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების ერთ-ერთი სტანდარტული მექანიზმი რასაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს, საბიუჯეტო რესურსებით ეკონომიკის წახალისება და გაზრდილი სოციალური პრობლემების დაბალანსებაა. სამთავრობო რეაგირების ფისკალური ნაწილი ქვეყნის ბიუჯეტზე ორი მიმართულებით მოქმედებს - ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა თუ ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით გასაწევი ხარჯები იზრდება; მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობა მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახადები დაგეგმილზე ნაკლები მოცულობით შედის. ამავდროულად, ცალკეულ სუბიექტებზე საგადასახადო შეღავათები წესდება, რაც, ბიუჯეტის შემოსავლებს ასევე ამცირებს. ამ დროისთვის, არსებული შეფასებით, თანხა, რასაც ბიუჯეტი ვერ მიიღებს, 1.8 მლრდ ლარს შეადგენს. შედეგად, ერთი მხრივ, ბიუჯეტს გასავალი ეზრდება, მეორე მხრივ, შემოსავალი უმცირდება და განსხვავების დაბალანსების საჭიროება დგება. საერთო ჯამში, ეს „განსხვავება“, საქართველოს მთავრობის განცხადებით 3.9 მლრდ ლარია.

განსხვავების ნაწილი „არასაჭირო ხარჯების“ შეკვეცით აღმოიფხვრება, რაც იმ აქტივობების დაფინანსებაზე უარის თქმას გულისხმობს, რომელიც მიმდინარე შეცვლილ რეალობაზე რეაგირების პოლიტიკას არ ემსახურება. დარჩენილი დანაკლისი[1] სხვა რესურსით უნდა დაბალანსდეს. შიდა ვალის აღება მოცემულ შემთხვევაში არაა რელევანტური, რადგან კრიზისში მყოფი ეკონომიკიდან დამატებითი საკრედიტო რესურსის ხელისუფლების მიერ „გაწოვა“ მიუღებელია. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი დანაკლისის დასაბალანსებლად, საგარეო ვალდებულებებისა და გრანტების მოზიდვაა. აღსანიშნავია, რომ დღეს ეკონომიკურ კრიზისშია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და ანალოგიურად საგარეო დახმარებას საჭიროებს, რაც რესურსის მოძიებას ართულებს. პრაქტიკულად, სტრუქტურულად ერთადერთი რგოლი, ვისაც თავისუფალი სახსრების მიწოდება შეუძლია, საერთაშორისო ორგანიზაციებია. ცალკეული სახელმწიფო ფინანსურ რესურსს, თუ რა მოცულობით მიიღებს, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, კრიზისამდე პერიოდში ქვეყნის ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის თავსებადობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებთან, ქვეყნის რისკიანობასთან დეფოლტის თვალსაზრისით და სხვა.

რა მოცულობის დახმარებას მიიღებს საქართველო და ვისგან?!

საქართველოს ხელისუფლების 14 აპრილის განცხადებებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ საქართველო საბიუჯეტო რესურსის სახით (ბიუჯეტის გავლით გასახარჯი სახსრები) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარს მიიღებს. აღნიშნული მოცულობა ევროკავშირის (EU[2]), აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), გერმანიის განვითარების ფონდის (KFW), საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ გამოყოფილი სახსრების ჯამურ მონაცემს მოიცავს. ამავდროულად, სავალუტო ფონდის კონტრიბუცია 1.5 მლრდ-დან, დაახლოებით 200 მლნ დოლარია და დაახლოებით 250 მლნ დოლარს, IMF საქართველოს ეროვნულ ბანკს[3] დამატებით გამოუყოფს.

დაფინანსების პირობები, ამ ეტაპზე, არ დაკონკრეტებულა, ისევე როგორც, რესურსის რა ნაწილზე ვრცელდება წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა[4] და რა ნაწილია „თავისუფალი სახსრები“. შესაბამისად, თუ რომელი ორგანიზაციიდან რა მოცულობის ვალდებულებებს და რა საპროცენტო განაკვეთით მიიღებს საქართველო, დეტალები უცნობია. ასევე დაზუსტებული არ არის 1.5 მილიარდიდან ვალდებულებების და გრანტის კომპონენტების წილები. სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, შედარებით ნათელია ევროკავშირიდან მისაღების სახსრების შესახებ დეტალები. ევროკავშირიდან საქართველო დაახლოებით 250 მლნ დოლარს დახმარების (გრანტი) სახით მიიღებს, ხოლო 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოს 150 მლნ დოლარის ოდენობით სესხს დამატებით გამოუყოფს, რაც სავარაუდოდ, 1.5 მილიარდიანი რესურსის ნაწილია.

გარდა ხსენებული 1.5 მლრდ დოლარისა, ხელისუფლების განმარტებით, ამავე ორგანიზაციებთან დამატებით 1.5 მლრდ დოლარი გამოყოფის შესახებ არის შეთანხმება მიღწეული, რაც კერძო (მათ შორის საბანკო) სექტორისათვისაა განკუთვნილი, თუ მათ მსგავსი საჭიროება დაუდგებათ. ჯამში, დაახლოებით 3.2 მლრდ დოლარია მობილიზებული. ამ მთლიანი მოცულობიდან 250 მლნ დოლარამდე საქართველოს ეროვნული ბანკისათვისაა განკუთვნილი.

როგორ შეიცვლება ბიუჯეტის პარამეტრები და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები?!

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით შემცირდება. წლის დასაწყისში არსებული IMF-ისვე პროგნოზით 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. დაახლოებით 1.6 მლრდ დოლარი იქნება საგადასახდელო ბალანსის დანაკლისი[5], რომელიც საერთაშორისო დონორებისგან მიღებული სახსრებით დაბალანსდება.

რაც შეეხება უშუალოდ 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტს, ამ ეტაპზე, არსებული შეფასებით, დეფიციტის ფარდობა მშპ-სთან 8.5%-მდე გაიზრდება. როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ეს მოცემულობა „საგანგებო ბიუჯეტის“ წარდგენის ვალდებულებას წარმოშობს. შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარლამენტს უახლოეს ხანში უნდა წარუდგინოს.

ამასთან, საქართველოს ორგანული კანონით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ განსაზღვრულია, რომ საქართველოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3%-იან ზღვარს არ უნდა აჭარბებდეს. აღნიშნული ზღვრის დარღვევა მხოლოდ გამონაკლისის სახით არის შესაძლებელი, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში. მოცემულ ვითარებაში გამონაკლისის დაშვების საფუძველი არსებობს და ორგანულ კანონთან წინააღმდეგობა არ იქმნება. თუმცა, კორექტირებულ ბიუჯეტთან ერთად მთავრობა ვალდებულია, პარლამენტს მოცემული პარამეტრის კანონით განსაზღვრულ ზღვარში დაბრუნების გეგმაც წარუდგინოს. გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

P.S. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მოხდა საქართველოს მთავრობასთან USAID-ის საგრანტო ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება. აღნიშნულის თანახმად, USAID/საქართველო 64 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.


[1] დანაკლისის მოცულობას განაპირობებს საბიუჯეტო დახმარების მასშტაბები, ან პირიქით, რა დამატებითი თავისუფალი სახსრების მოძიებასაც შეძლებს ხელისუფლება, იმ მასშტაბის იქნება ინტერვენციაც.

[2] ცნობილია რომ ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონი ევროს გამოუყოფს.

[3] ჯამში დაახლოებით 450 მლნ დოლარს, საიდანაც დაახლოებით 200 მლნ შედის 1.5 მლრდ-ში და ბიუჯეტის გავლით დაიხარჯება, 250 მლნ-მდე კი სებ-ს დამატებით გამოეყოფა.

[4] ვალს შესაძლებელია გააჩნდეს წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა და მისი განკარგვა დასაშვებია მხოლოდ მოცემული მიზნით. მაგ. თუ ვალი გაიცემა ავტობანის დასაგებად, მისი გამოყენება საჯარო მოხელეთა ხელფასების გადასახდელად შეუძლებელია.

[5] განსხვავება შემომავალ და გამავალ ნაკადებს შორის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი