3 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. გადაწყვეტილებაზე საუბრისას მან წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „პატიმრების ნახევარზე მეტი C ჰეპატიტით იყო დაავადებული და არავინ ფიქრობდა ემკურნალა მათთვის. პირიქით, დაავადებები განზრახ გადასდეს მათ“.

ჩვენ საკითხში გასარკვევად სახალხო დამცველის ანგარიშები შევისწავლეთ. კერძოდ, 2004-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებეში არსებული ვითარება - რა მდგომარეობა იყო ზოგადად ციხეებში ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით და აავადებდნენ თუ არა პატიმრებს მიზანმიმართულად. [1]

იმის ფონზე, რომ 2004 წლისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში ფესვგადგმული იყო კორუფცია, ე.წ. კანონიერი ქურდების მმართველობა და ნარკოტიკების კონტროლირებადი გასაღება, პატიმრების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე საუბარი შეიძლება ზედმეტი იყოს. თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, გარკვეული მიმართულებებით, მდგომარეობა სერიოზულად არც მომდევნო წლებში შეცვლილა. სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად, „საქართველოს სასჯელაღსრულების ჯანდაცვის ეკვივალენტურობასა და ადეკვატურობაზე საუბარი შეუძლებელია“.

ძირითადად რა პრობლემები არსებობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის კუთხით

საკვლევი პერიოდიდან სახალხო დამცველის კრიტიკას განსაკუთრებით 2004-2009 წლების ანგარიშებში მოცემული შემთხვევები ვერ უძლებს, რომელთა მიხედვითაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასახელებულ პერიოდში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის/არარსებობის/არაკვალიფიციურობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის, გადატვირთულობისა და ჰიგიენურ-სანიტარული წესების დაუცველობის პრობლემა მწვავედ იდგა. ყოველივე აღნიშნული, თავის მხრივ, პატიმრებს შორის დაავადებების გავრცელებას უწყობდა ხელს.

საასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე სახალხო დამცველის ყველა (2004-2012 წლების) ანგარიშშია საუბარი. 2004 წლის ანგარიშში, პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება საგანგაშოდ არის შეფასებული. აღნიშნულია, რომ პატიმრებს, მათ შორის მძიმედ დაავადებულებს, არ მკურნალობდნენ, რაც ზოგ შემთხვევაში სიკვდილით მთავრდებოდა. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ციხის საავადმყოფოს პატიმრებისთვის ტკივილგამაყუჩებლის მიწოდებაც არ შეეძლო. ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო მომსახურების მიმართულებით, 2005 წლის ანგარიშების მიხედვითაც, კვლავ კატასტროფული დარჩა.

2006 წლის ანგარიშების მიხედვით, ვითარება არსებითად არ შეცვლილა, თუმცა ხელისუფლების გარკვეული ნაბიჯები (მაგალითად, ახალი საპყრობილეების ექსპლუატაციაში შესვლა) პოზიტიურადაა შეფასებული. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პერიოდში კვლავ მძიმე პრობლემას წარმოადგენდა გადატვირთულობა, სამედიცინო პერსონალის მწვავე ნაკლებობა და არაკვალიფიციურობა, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების შეზღუდულობა, სადიაგნოზო საშუალებათა არარსებობა და ა.შ. პატიმართა ძირითადი ნაწილი ტუბერკულოზითა და ვირუსული ჰეპატიტებით იყო დაავადებული, რასაც ციხეებში არსებული პირობები უწყობდა ხელს, მათ შორის, ქირურგიული ინვენტარის არასტერილურობა და ასეპტიკურობის წესების დარღვევის შემთხვევები. საყურადღებო იყო, ასევე, პატიმრების სიკვდილის ოფიციალურად გამოქვეყნებულ მიზეზები, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორად იყო დადგენილი. [2]

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა Human Rights Watch-მა 2006 წლის მოხსენებაში საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პატიმრების სამედიცინო მომსახურება ყველა დაწესებულებაში სრულიად არაადეკვატური იყო.

2007 წლისთვის პატიმართა უმრავლესობის სიკვდილის ძირითად მიზეზად ტუბერკულოზი დასახელდა. „სიკვდილობის სპექტრის შესწავლა საქართველოს პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებში ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ ხორციელდება პატიმართა სამედიცინო მომსახურება. ამ თვალსაზრისით, სამედიცინო მომსახურება ციხეებში ან არ არსებობს, ან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ან მათი ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

2008 წლის პირველი ნახევრისთვის ექსპლუატაციაში 2 ახალი საპყრობილე შევიდა, თუმცა გადატვირთულობის პრობლემა ამითაც ვერ გადაიჭრა. მეტიც, ზოგიერთ დაწესებულებაში, გადატვირთულობის გამო, ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრები ერთად იყვნენ განთავსებულნი, რაც დაავადებების გავრცელებას უწყობდა ხელს. „სახალხო დამცველის რწმუნებულებს გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის დროს არაერთხელ აღმოუჩენიათ ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული, ფსიქიკური აშლილობის მქონე და შიდსით დაავადებული მსჯავრდებულები, რომელთა დიდი ნაწილი გადაყვანილი იყო სხვადასხვა დაწესებულებებიდან (ძირითადად საპყრობილეებიდან) აღნიშნულ დაწესებულებაში და ისინი განთავსებულნი იყვნენ ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება ჰქონდა გამოტანილი, სადაც მსჯავრდებულთა არასათანადო მკურნალობა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირობებში წამებად და არაადამიანურ მოპყრობად იყო შეფასებული. [3]

სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად გამოვლენილ დაავადებებს შორის ტუბერკულოზი და ვირუსული ჰეპატიტი ფიგურირებდა. ასევე, წინა წლის მსგავსად, სიკვდილობის მთავარ მიზეზად კვლავ ტუბერკულოზი დარჩა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრებისა და პერსონალის ინფორმირება გადამდები დაავადებებისა და მათი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ კვლავაც არ ხდებოდა. საყურადღებოა ისიც, რომ მოცემულ ანგარიშში ექიმების პატიმართა დასჯის ფაქტებში მონაწილეობის პრაქტიკაზეც არის საუბარი. ასევე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გადამდები დაავადებების გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობდა, შესაბამისად, სახალხო დამცველი ცალკეულ დაწესებულებებში სწავლობდა საკითხს. სტატისტიკა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებითაც არ წარმოებდა, ისევე, როგორც არ ტარდებოდა მასობრივი სკრინინგი. ექიმების აზრით კი, 2009 წლისთვის, პატიმართა დაახლოებით 30-60%-ს ვირუსული ჰეპატიტი აღენიშნებოდა. რაც შეეხება აივ ინფექციას, მისი სკრინინგი და მკურნალობა შედარებით ეფექტიანად მიმდინარეობდა.

2010 წლისთვის საერთო ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, რაც ახალი საპატიმროების გახსნაში გამოიხატა, თუმცა გადამდები და მაღალკონტაგიოზური ინფექციური დაავადებების ზუსტი აღრიცხვა, გამოვლენა, მკურნალობა და მართვა ადეკვატურად მაინც ვერ ხდებოდა. „ტუბერკულოზი 2010 წლის პერიოდშიც წარმოადგენდა პატიმართა სიკვდილობის მთავარ მიზეზს. ზოგადად საქართველოში და პენიტენციურ სისტემაში ამ მიმართულებით განხორციელებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, პრობლემა არათუ გვარდება, არამედ უფრო ღრმავდება“,- ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

რაც შეეხება მომდევნო 2 წელს, 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, გადატვირთულობისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის პრობლემა კვლავ არსებობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება მანამდე წლების განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, რაზეც სახალხო დამცველმა არაერთხელ მიუთითა და შესაბამისი რეკომენდაციაც გასცა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სტაციონარული დაწესებულებების ნებართვა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაზე მხოლოდ 2011 წელს გასცა.

2012 წლის ანგარიშის მიხედვით კი, განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებების მართვისა და პრევენციის მხრივ პროგრესი მაინც არ შეინიშნებოდა. ანგარიშში ვირუსულ ჰეპატიტთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღნიშნულ დაავადებაზე სკრინინგი და დიაგნოსტიკა პატიმრის მიღებისთანავე არ ხორციელდებოდა, შესაბამისად რაიმე სტატისტიკური მასალა ვირუსული ჰეპატიტით შესულ და სასჯელაღსრულების სისტემაში დაავადებულ შემთხვევათა შესახებ, არ არსებობდა. აივ ინფექცია/შიდსის მიმართულებით, პროგრამა ფრაგმენტულად ხორციელდებოდა და მხოლოდ გარკვეულ ცალკეულ შემთხვევათა დიაგნოსტირება - მკურნალობა ხდებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის პროგრამას ახორციელებს ტუბ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ამ მიმართულებით დროული გამოვლენის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება, მოქმედებს როგორც DOTS, ასევე DOTS+ პროგრამები, აღნიშნული პათოლოგია კვლავ წამყვან პრობლემად რჩება გავრცელების თვალსაზრისით სასჯელაღსრულების სისტემაში“, - წერია სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში ტუბერკულოზთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პატიმრების განზრახ, მიზანმიმართულად დაავადებას, „ფაქტ-მეტრმა“სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება (როგორც 2012 წლამდე, ისე 2012 წლის შემდეგ), რომელშიც პატიმრისთვის დაავადების მიზანმიმართულად შეყრის ფაქტი იქნებოდა დადასტურებული, ვერ მოიძია. თუმცა, ამ მხრივ, სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში საგანგაშო ინფორმაციას ვხვდებით. ზოგიერთი პატიმრის გადმოცემით, „სპეციალურად ხდებოდა განსაკუთრებით ურჩი პატიმრების შეშვება ინფექციური დაავადებებით დაავადებულთა საკნებში, ან პირიქით ინფიცირებულს უშვებდნენ საკანში და თან აფრთხილებდნენ, რომ არ განეცხადებინა მისი დაავადების შესახებ. პატიმრებს ემუქრებოდნენ, რომ მათ დააავადებდნენ უკურნებელი სენით“. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში, არაადამიანური მოპყრობისა და ყოფის გათვალისწინებით, ხელისშემწყობი პირობები იქმნებოდა, რაც გამოიხატებოდა მე-8 საპყრობილეში, ეგრეთ წოდებულ „კარანტინში“, გადატვირთულობის ხელოვნურად შექმნითა და არაადამიანური პირობებით N1 საპყრობილეში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

1.აღნიშნულ განცხადებაზე „ფაქტ-მეტრმა“ გიორგი ვოლსკისგან დამატებითი კომენტარი ვერ მოიპოვა.

2. სახალხო დამცველის 2006 წლის ანგარიშის მიხედვით, მაშინ როდესაც პატიმართა დიდი ნაწილ სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულ-სისხლძარღვთა და ფილტვ-გულის მწვავე უკმარისობაა დასახელებული, სიკვდილობა რეალურად გამოწვეულია ტუბერკულოზით, გაურკვეველი ეტიოლოგიის ინტოქსიკაციით და ა.შ.

3. მაგ. „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი