რეზიუმე:

ექსპორტსა და იმპორტს შორის დეფიციტი, ანუ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ნიშნავს, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში უფრო მეტი გადავიხადეთ, ვიდრე უცხოელებმა საქართველოდან გატანილ პროდუქციაში გადაიხადეს. ასევე, ვაჭრობიდან ნაკლები ვალუტა შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, რაც ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება, თუ მისი დაბალანსება სხვა წყაროებიდან არ მოხდება.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23.2%-ით აღემატება, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებს კი - 87.9%-ით. 2018 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სიგარეტისა და თამბაქოს ექსპორტის (ძირითადად, რეექსპორტი) გარდა, დანარჩენი აგროსასურსათო პროდუქტების მთლიანი ექსპორტი, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 67.3 მლნ აშშ დოლარით (9.2%) არის გაზრდილი. 2018 წელს აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 394 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც 2017 წელთან შედარებით 0.3%-იანი კლებაა (2017 წელს უარყოფითი სავაჭრო სალდო 395 მლნ დოლარი იყო). 2012 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა უარყოფითი იყო და 754 მლნ დოლარი იყო და არა მილიარდი დოლარი, როგოც სოზარ სუბარი აცხადებს. 2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ძირითადად, კლების ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისი იყო 2015 და 2017 წლები. 2018 წელს ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა, როგორც აღვნიშნეთ, 394 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა „POS-TV“-ის ეთერში სოფლის მეურნეობის პროდუქციის სავაჭრო დეფიციტზე ისაუბრა და განაცხადა (17:30 წთ): „2012 წელს დისბალანსი, დეფიციტი - სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, ექსპორტსა და იმპორტს შორის იყო 1 მილიარდი დოლარი, რასაც საქართველო აგებდა, ერთი მილიარდით მეტს ვყიდულობდით, ვიდრე ვყიდდით. ერთი მილიარდი იყო უარყოფითი სალდო. შარშან ეს უარყოფითი სალდო ჩამოვიდა 350 მილიონზე“.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ საქონლის იმპორტი ექსპორტს აღემატება, ე.ი. ცალკეული ქვეყანა საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე უცხოელები ამავე ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის შესაძენად იხდიან. მსგავს შემთხვევაში საქონლით ვაჭრობიდან ნაკლები ვალუტა შემოდის, ვიდრე ქვეყნიდან გადის, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება, თუ მისი დაბალანსება სხვა წყაროებიდან არ მოხდება. როცა უარყოფით სალდოს შემცირების ტენდენცია აქვს ე.ი მცირდება ვალუტის ის დანაკლისი, რისი დაბალანსებაც ქვეყანას სხვა წყაროებიდან უწევს, რაც დადებითი ტენდენციაა. წყაროები, საიდანაც ხდება დეფიციტის დაბალანსება, შესაძლებელია იყოს მომსახურების ექსპორტი (ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება) და უცხოური კაპიტალის მოზიდვა, მათ შორის საგარეო ვალის აღება. საგარეო ვალის ხარჯზე დეფიციტის დაბალანსება ყველაზე ნაკლებად სასურველი ალტერნატივაა.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 23.2%-ით აღემატება, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებს კი - 87.9%-ით. 2018 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (21%), სიგარეტი (16%), სპირტიანი სასმელები (13%), მინერალური და მტკნარი წყლები (11%), თხილი (7%), ცხვრის ხორცი (4%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (3%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%) და სხვა. აღსანიშნავია, რომ სიგარეტისა და თამბაქოს ექსპორტის (ძირითადად, რეექსპორტი) გარდა, დანარჩენი აგროსასურსათო პროდუქტების მთლიანი ექსპორტი, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 67.3 მლნ აშშ დოლარით (9.2%) არის გაზრდილი. 2018 წელს აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო 394 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც 0.3%-იანი კლებაა (2017 წელს უარყოფითი სავაჭრო სალდო 395 მლნ დოლარი იყო). 2012 წელს უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მილიონი დოლარი იყო და არა მილიარდი დოლარი, როგორც სოზარ სუბარი აცხადებს. 2018 წელს ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა, როგორც აღვნიშნეთ, 394 მლნ დოლარია.

2018 წელს, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი საქართველოდან 96 ქვეყანაში განხორციელდა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას უწყობს ხელს. ევროკავშირში 2018 წელს ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულება 148 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება. 2018 წელს ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (25%), აზერბაიჯანი (16%), ევროკავშირი (15%), უკრაინა (9%), ყაზახეთი (7%) და ა.შ.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა იმპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15.3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, ბოლო წლებში მთლიან იმპორტში ევროკავშირის ქვეყნებიდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის წილის მნიშვნელოვანი ზრდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მთლიან იმპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 14.8%-ს შეადგენს. ძირითადად იმპორტირებულია: სიგარეტი (14%), ხორბალი (8%), შინაური ფრინველის ხორცი (5%), შაქარი (4%), შოკოლადის ნაწარმი (4%), საკვები დანამატები (3%), მცენარეული ზეთი (3%), ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი (3%) და სხვა. 2018 წელს, საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი 111 ქვეყნიდან განხორციელდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (23%), ევროკავშირი (22%), უკრაინა (15%), თურქეთი (10%), აზერბაიჯანი (3%) და ა.შ. როგორც მონაცემებიდან ჩანს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ყველაზე დიდ ბაზრად კვლავ რუსეთის ბაზარი რჩება.

გრაფიკი1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელს („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს) აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა უარყოფითი იყო და 753 მილიონ დოლარს შეადგენდა და არა 900 მილიონს, როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს. 2018 წელს ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა 394 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა.

2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნული, დიდწილად რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად ექსპორტის მოცულობის ზრდით შეიძლება აიხსნას. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამიტომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მატება ყოველთვის სარისკოა. მეორე მხრივ, 2015-2016 წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდა და ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება) ხელს უწყობდა იმპორტის ზრდის შეზღუდვას, ცალკეულ წლებში კი შემცირებას. ვინაიდან ლარის კურსის შემცირება იმპორტული საქონლის გაძვირებასთან ერთად უცხოელთათვის აიაფებს ქართულ პროდუქციას, კურსის ეფექტიც ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იყო. ზრდის ტენდენციის შემდგომ, უშუალოდ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო სალდო მხოლოდ 0 .3%-ით არის გაზრდილი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი