რეზიუმე

Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, რომლის მტკიცებითაც, ბილ გეითსი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობაში „საღვთო გენის“ (რელიგიური ფუნდამენტალიზმის განმსაზღვრელი გენი) შეცვლის გეგმას პენტაგონში წარადგენს. გეგმის შესასრულებელ მექანიზმად კი რელიგიური ფუნდამენტალიზმის საწინააღმდეგო ვაქცინას, FunVax-ს, განიხილავს, რომელიც „ფანატიკოსს“ „ნორმალურ ადამიანად“ გადააქცევს. ვიდეოში აღნიშნულია, რომ დასახელებული ვაქცინის მოსახლეობაზე დატესტვის მიზნით სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი სპეციალურად იქმნება, მათ შორის, კორონავირუსები. ვიდეოს მიზანს კორონავირუსის ხელოვნურად და მიზანმიმართულად გავრცელების შეთქმულების თეორიის გაძლიერება წარმოადგენს. გავრცელებული ვიდეო მრავალმხრივ არაზუსტ და გამოგონილ ფაქტზეა დაფუძნებული. გარდა იმისა, რომ ე.წ. „საღვთო გენის“ არსებობა მეცნიერულად დაუდასტურებელია, თავად ვიდეოში წარმოდგენილ პრეზენტატორს არც ბილ გეითსთან და არც პენტაგონთან საერთო არაფერი აქვს.

ანალიზი

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბილ გეითსის მიერ პენტაგონში რელიგიური ფუნდამენტალისტებისათვის ვაქცინასთან დაკავშირებით გამართული პრეზენტაციაა ასახული. გამოქვეყნებული ვიდეო ერთ-ერთი რუსული გადაცემიდან - СТРАТЕГИЯ И ТАКТИКА (ტელევიზია - День ТВ, წამყვანები - ფეფელოვი და დუშენოვი) - არის ამოჭრილი. სრული გადაცემა იხილეთ ბმულზე. სოციალურ ქსელში ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მას 320 რეაქცია, 191 კომენტარი და 1.9 ათასი გაზიარება აქვს. ვიდეოს აღწერაში შეთქმულების თეორიაა განვითარებული, რომლის მიხედვითაც, ერების „დნმ ბაზის“ შეგროვებისა და ორგანიზმებში „ნანოჩიპების“ და „მძინარე ვირუსების“ შეყვანის მიზნით, მოსახლეობის მასობრივი ტესტირებაა გადაწყვეტილი. გავრცელებულ ვიდეოში, „დნმ მონაცემთა ბაზის“ შეგროვება ბილ გეითსს, სოროსს, კლინტონების ოჯახსა და ფაშისტურ გერმანიას უკავშირდება. შეთქმულების მიხედვით, კორონავირუსი ლიბერალი გლობალისტ-სატანისტების „მზაკვრულ გეგმას“ წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანიც ტოტალური კონტროლის დამყარებაა. ავტორების აზრით, აღნიშნულ დაჯგუფებას საქართველოც ემსახურება.

დასახელებული ყალბი ამბავი „ტვ პირველის“ ეთერშიც გაჟღერდა. 6 ივნისს გადაცემა „სარკეში“ერთ-ერთმა სტუმარმა ლალი მოროშკინამ აღნიშნულ ვიდეოზე დაყრდობით ისაუბრა: „ვიდეო, სადაც საუბარი არის 2005 წელს პენტაგონის... შეხვედრა სამხედროების ბილ გეითსთან, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა გამოვიგონოთ ვაქცინა, რომელიც დათრგუნავს „ღმერთის კოდს“. ახლა რაშია საქმე, შეიძლება მართლა ძალიან კარგი საწყისი ჰქონდა ამ წამოწყებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტები სერიოზულ პრობლემას ქმნიან. ძალიან დიდი უბედურება გადაუტანია თავად ამერიკასაც და შესაძლებელია, რომ მეცნიერების ჯგუფი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დათრგუნოს ადამიანში „ღმერთის კოდი“ - ანუ რელიგიური ფანატიზმი. მაგრამ ვინ განსაზღვრავს, რომ მე უბრალოდ მორწმუნე ვარ თუ ჩემი გრძნობები გადადის რელიგიურ ფანატიზმში...“. მიუხედავად იმისა, რომ ლალი მოროშკინამ შეთქმულების თეორიებსა და ყალბ ვიდეოზე დაყრდნობით ისაუბრა, გადაცემაში ამის გამოაშკარავება ვერ მოხდა, რასაც შესაძლოა, მაყურებელი შეცდომაში შეეყვანა.

აღნიშნული ვიდეო, რომელსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები პენტაგონის საიდუმლო ვიდეოდ მოიხსენიებენ, პირველად 2011 წლის 1-ელ ივნისს Youtube-ზე მომხმარებელმა - „JoeyLambardi“-მ გამოაქვეყნა სათაურით „FunVax Lecture at the Pentagon - Must See to Believe!“. ორიგინალი ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „ეს არის დაუდგენელი მეცნიერის მიერ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირებისათვის ჩატარებული ლექცია პენტაგონში. ის თარიღდება 4-13-05-ით [2005 წლის 13 აპრილი] – „საღვთო გენის“ აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ. მეცნიერი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობაში „საღვთო გენის“ შეცვლის გეგმას წარმოადგენს, რათა აღნიშნულ რეგიონში არეულობა დასრულდეს. ვიდეო დაუდგენელი წყაროსგან მოვიპოვე და ჩემი ცოდნით, კავშირებითა და გამოცდილებით, როგორც ე.წ „combat camera”-ს დანაყოფის წევრის, ვიდეოს ავთენტურობას ვადასტურებ“. ვიდეოში პრეზენტატორი ამბობს, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც FunVax-ს უწოდებს, ფანატიკოსს ნორმალურ ადამიანად გადააქცევს, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთზე“.

როგორც ვხედავთ, ვიდეოს თავდაპირველი გამავრცელებელი პრეზენტატორს დაუდგენელ მეცნიერს უწოდებს, ხოლო ფეფელოვი, დუშენოვი და ლალი მოროშკინა მას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ბილ გეითსად მოიხსენიებენ. მეტიც, დუშენოვი ვიდეოს ინგლისურიდან რუსულად სინქრონულად თარგმნისას ბილ გეითსს შემდეგ ფრაზას მიაწერს: „საღვთო გენის“ შეცვლისთვის მათ შექმნეს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი, გრიპები ან კორონავირუსები და ეს გეგმის მიღწევის საუკეთესო გზას წარმოადგენს“. მან სინქრონული თარგმნისას ორიგინალი ვიდეოს ფრაზა შეცვალა. ორიგინალ ვიდეოში ნახსენები არის რესპირატორული ვირუსები, გრიპი და ე.წ. რინოვირუსები – rhinovirus, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა და ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. ხოლო დუშენოვმა ვიდეოში ნახსენები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ნაკლებად სახიფათო რინოვირუსი კორონავირუსად გადათარგმნა. მან ისედაც ყალბი ვიდეო, კიდევ უფრო მეტი ყალბი ამბავი შემატა და მასში ბილ გეითსისა და კორონავირუსის მოხსენიებით, ამჟამად აქტუალური შეთქმულების თეორიის, რომელიც კორონავირუსის ბილ გეითსისა და სხვათა ბიოლოგიურ იარაღად წარმოაჩენს, კიდევ უფრო განვითარებას შეეცადა.

ვიდეოში მოცემული პრეზენტატორი რომ ბილ გეითსი არ არის, მისი გარეგნობის 2005 წელს გადაღებულ ბილ გეითსის ვიდეოსთან შედარებითაც მარტივად ჩანს. „როიტერსი“ ბილ და მელინდა გეითსების ფონდს დაუკავშირდა და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვიდეოში ბილ გეითსი არ არის.

პრეზენტატორი ვიდეოდან.

რეალური ბილ გეითსი 2005 წელს.

ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ თავად ვიდეო რეალურად პენტაგონიდან არ არის გაჟონილი და ის არაავთენტური და ყალბია, ვიდეოში პრეზენტაციის დროს ნაჩვენები სურათია (იხილეთ ქვემოთ). ვიდეოში პრეზენტატორი (რომელსაც ზოგი მოტყუებით ბილ გეითსად მოიხსენიებს) ხსნის, რომ აღნიშნულ სურათზე ნაჩვენებია ორი ადამიანის ტვინი, რომელთაგანაც ერთი რელიგიურია და მეორე - არა.

წყარო: metabunk.org და leadstories (ამოჭრილია Youtube-ის ვიდეოდან - FunVax Lecture at the Pentagon - Must See to Believe!)

სინამდვილეში მოცემული ტვინის სურათი 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევიდან - „დაბნეულობისა და ორმხრივი დროებითი დაზიანებების შემთხვევა ახალგაზრდა ქალში“ - არის მოპარული, რომელიც ნევროლოგიის ამერიკის აკადემიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მისი ავტორები მეთიუ უესტი და ქრისტი იანგ ბარბი არიან. მას FunVax-თან არანაირი კავშირი არ აქვს. ხოლო კვლევაში გამოყენებული ტვინის სურათები (იხილეთ ქვემოთ) სინამდვილეში არა ორი სხვადასხვა ადამიანის, არამედ ერთი ადამიანის ტვინის ორ სხვადასხვა დროს გადაღებული სურათებია. ვინაიდან, Youtube-ის მომხმარებელი “JoeyLambardi” ირწმუნება, რომ მის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებული ვიდეო 2005 წელს არის გადაღებული, შეუძლებელია მასში 2010 წლის კვლევის სურათი მოხვედრილიყო. აქედან გამომდინარე, ვიდეო მიზანმიმართულად დადგმული სიყალბეა.

წყარო: Neurology.org

მეტიც, FunVax-ის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რადგან ის ეფუძნება დაშვებას, რომ ადამიანში არის ე.წ. „საღვთო გენი“, რომელიც ჩვენს რელიგიურობას განსაზღვრავს. მაგრამ, აღნიშნულ მტკიცებას, არც ერთი აკადემიური კვლევა და სანდო ინსტიტუტი არ ადასტურებს და მისი არსებობის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

ორიგინალი ვიდეოს არაავთენტურობას ვიდეოზე დოკუმენტური ფილმის გადაღების მცდელობის ისტორიაც ადასტურებს. ვიდეოზე დაყრდნობით დოკუმენტური ფილმის გადაღება ერთ-ერთმა „მეცნიერმა“ და რეჟისორმა - რაიან ჰარპერმა გადაწყვიტა. გადაღებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად კი Kickstarter-ზე კამპანია დაიწყო (იხილეთ ბმულზე, ასევე იხილეთ პროექტის Facebook-გვერდი, Twitter-ის ანგარიში, ბლოგი Wordpress-ზე). პროექტის Kickstart-ის გვერდზე ვიდეო არის განთავსებული, სადაც რაიან ჰარპერი ყვება, რომ FunVax-ზე დოკუმენტური ფილმის გადაღებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ვიდეოს პირველად ამტვირთავი ჯოი ლამბარდის (Joey Lambardi) დედას - ანა ლამბარდის (Anne Lambardi) შეხვდა. მან ვაჟის აღმოჩენის შესახებ მოუყვა და სთხოვა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებოდა, რის შემდეგაც რაიან ჰარპერმა დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ვებ-გვერდი funvax.com რაიან ჰარპერმა აღნიშნული ვიდეოს ატვირთვამდე, ჯერ კიდევ 2011 წლის 3 აპრილს დაარეგისტრირა (იხილეთ სურათი ქვემოთ). ამასთან ერთად, Youtube-ის მომხმარებელმა “JoeyLambardi”-მ 2011 წლის 4 აპრილს ატვირთა ვიდეო - „FunVax - The end of Religious Freedom?“ (FunVax - რელიგიური თავისუფლების დასასრული?), ერთი დღის შემდეგ, რაც რაიან ჰარპერმა ვებ-გვერდი დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, ჰარპერის მონაყოლი მცდარია. მან, სავარაუდოდ, თავად ატვირთა ვიდეოები და შემდეგ Kickstarter-ის კამპანია დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ფულის შესაგროვებლად.

წყარო: metabunk.org და leadstories

სტატიაზე მუშაობის დროს გამოყენებულია Leadstories-ის, metabunk.org-ის, Snopes-ის და Reuters-ის მასალები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი