რეზიუმე

„ფაქტ-მეტრი“ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე მითითებას იზიარებს, თუმცა დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასების ნაწილში მსჯელობაში არ შედის. განცხადების მოცემულ ნაწილი ავტორის სუბიექტურ შეფასებას წარმოადგენს და ის ფაქტობრივ სიზუსტეზე გადამოწმებას არ ექვემდებარება.

„ფაქტ-მეტრი“ ხაზარაძის პოზიციას, ე.წ „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის“ ფარგლებში გატარებული შემზღუდავი პოლიტიკის უარყოფითად შეფასების ნაწილში, ასევე ეთანხმება (იხ. ბმული1; ბმული2). ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც და თეორიული დასაბუთებაც მოცემული პოლიტიკის გასამართლებლად. განცხადების აღნიშნული ნაწილი, ერთი მხრივ, თეორიული კამათის საგანს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი, მოცემული სტატიის ფარგლებში ლარის კურსის ცვლილებაზე ამ პოლიტიკის წმინდა გავლენის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, ფაქტჩეკინგის მეთოდოლოგიიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, ის ვერდიქტზე გავლენის მქონე კომპონენტად ასევე არ შეფასდება.

რაც შეეხება დასახელებული მონაცემების რეალობასთან შესაბამისობას, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2016 წლის მარტში დაინიშნა, მოცემული პერიოდთან შედარებით ლარის კურსი საშუალოდ 2.45-დან 3.2-მდე შემცირდა, რაც 30.7%-იან კლებას წარმოადგენს და დასახელებულ 70%-იან მაჩვენებელზე 2.3-ჯერ ნაკლებია. მამუკა ხაზარაძის განცხადების მეორე ნაწილიც არ შეესაბამება რეალობას, სადაც აღნიშნავს, რომ ლარის მასშტაბის გაუფასურება არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ ფიქსირდება. ანალოგიურ პერიოდში თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებით 140%-ით არის შემცირებული, რაც 4.5-ჯერ აღემატება ლარის კურსის შემცირების პროცენტულ მაჩვენებელს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ლირის კურსზე არსებითად უარყოფითად მოქმედებდა, მაშინ, როცა საქართველოში ანალოგიური მასშტაბის კრიზისი არ დაფიქსირებულა.

ანალიზი

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გააკრიტიკა (27:20-დან). მისი განცხადებით, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაშალა ქართული ლარი, ბოლო წლების უაზრო, ანტისაბანკო და ანტისახალხო გადაწყვეტილებებმა, რომლებმაც გააჩერა ბიზნესი, გააჩერა იპოთეკები, გააჩერა სამშენებლო ბიზნესი, ლარი 70 და მეტი პროცენტით გააუფასურა, არცერთ ჩვენს მეზობელს მსგავსი გაუფასურება არ ჰქონია ვალუტის“. მან ასევე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მისი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა.

„ფაქტ-მეტრი“ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე მითითებას იზიარებს, თუმცა არ შედის მსჯელობაში დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასების ნაწილში. განცხადების მოცემულ ნაწილი ავტორის სუბიექტურ შეფასებას წარმოადგენს და ის ფაქტობრივ სიზუსტეზე გადამოწმებას არ ექვემდებარება.

„ფაქტ-მეტრი“, ხაზარაძის პოზიციას ე.წ „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის“ ფარგლებში გატარებული შემზღუდავი პოლიტიკის უარყოფითად შეფასების ნაწილში, ასევე იზიარებს. ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ საწინააღმდეგო მოსაზრებაც არსებობს და თეორიული დასაბუთებაც მოცემული პოლიტიკის გასამართლებლად. განცხადების აღნიშნული ნაწილი, ერთი მხრივ, თეორიული კამათის საგანს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი, მოცემული სტატიის ფარგლებში ლარის კურსის ცვლილებაზე ამ პოლიტიკის წმინდა გავლენის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, ფაქტჩეკინგის მეთოდოლოგიიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, ის ვერდიქტზე გავლენის მქონე კომპონენტად ასევე არ შეფასდება.

რაც შეეხება განცხადების ფაქტობრივად გადამოწმებად კომპონენტს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს 2016 წლის 16 მარტს წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატი ბანკის პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილმა 17 მარტს დაამტკიცა. რადგან განცხადებაში მამუკა ხაზარაძე ლარის გაუფასურების მის მიერ დასახელებულ მოცულობას კონკრეტულ პირთან მიმართებით ახსენებს, რელევანტურია ათვლის წერტილად სწორედ 2016 წლის მარტი იქნას განხილული. მოცემული პერიოდისთვის ლარის გაუფასურების „პირველი“ ტალღა (2014 წლის ბოლოდან) უკვე გადავლილი იყო და 1-16 მარტის საშუალო გაცვლითი კურსი 2.45 ლარს, უშუალოდ 16 მარტს კი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.36-ს შეადგენდა.

განცხადების გაჟღერების თარიღისათვის ლარის კურსი საშუალოდ 3.2-ის მიდამოებში მერყეობდა. შესაბამისად, ორ თარიღს შორის გაუფასურების სიდიდე 30.7%-ს შეადგენს და არა 70%-ს. ამავე პერიოდში (2016 წლის 16 მარტიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით) მინიმალური ნიშნული 2016 წლის 10 ივნისს (2.1272), ხოლო მაქსიმალური - 2020 წლის 27 მარტს (3.4842) დაფიქსირდა. კურსის ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დასაშვებია, ხაზარაძე თავის განცხადებაში მარტის ბოლო კვირაში კურსის ერთბაშად მკვეთრ ვარდნას მოიაზრებდეს, როცა დასახელებულ პერიოდში საშუალო გაცვლითი კურსი 2.78-ის მიდამოებში ფიქსირდებოდა, თვის ბოლოს კი 3.48-იან ნიშნულამდე გაუფასურდა. თუმცა ერთი მხრივ, 70%-იანი გაუფასურება არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა. მეორე მხრივ, მოკლევადიან პიკურ ნიშნულზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული მსჯელობის განზოგადება, არასწორი მიდგომაა.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების ვალუტის კურსის ცვლილებასთან შედარებას, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად მაჩვენებლის პირდაპირი შედარება სათანადო ანალიზისა და დათქმების გარეშე, საფრთხილოა, ვინაიდან ცალკეული გავლენის მატარებელი ფაქტორები განსხვავებულ ქვეყნებში განსხვავებული დროითი დაყოვნებით აისახება. ამავდროულად თითოეულ ქვეყანას ოფიციალური გაცვლითი კურსის ჩამოყალიბების ნაწილში, დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა და მიდგომა გააჩნია. შედეგად მონაცემთა შესადარისობა შესაძლებელია, არ იყოს უზრუნველყოფილი. მიუხედავად აღნიშნული ფაქტორებისა, ცხრილში 1 შესაბამის პერიოდში მეზობელი ქვეყნების ვალუტის კურსის ცვლილების ამსახველი მონაცემებია მოყვანილი.

ცხრილი 1.ეზობელი ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლიელბა დოლართან მიმართებით

წყარო: შესაბამისი ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ავტორის გამოთვლები

როგორც ცხრილიდან ჩანს, კურსის შემცირების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი მეზობელი ქვეყნებიდან თურქულ ლირას უფიქსირდება, შედარებით სტაბილურია რუსული რუბლი და სომხური დრამი, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, მანათის ოფიციალური კურსი ფიქსირებულია. შესაბამისად, ცვლილება მინიმალურია, თუმცა შესადარისად განხილვა არარელევანტურია. მოცემულ შემთხვევაშიც განცხადებაში მოცემული მტკიცება, რომ არცერთ მეზობელ ქვეყანას ლარის მასშტაბის გაუფასურება არ ჰქონია, მცდარია. თუმცა გასათვალისწინებელი გარემოებაა თურქეთში განვითარებული მოვლენები, რაც ლირის გაცვლით კურსზე არსებითად უარყოფითად მოქმედებდა. ანალოგიური მასშტაბის ფაქტორებს საქართველოს შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი