იტვირთება

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში, ამირან გამყრელიძის სახელით, ყალბი ამბავი გავრცელდა. სხვადასხვა ვებგვერდმა (evroremont.ge; ataka.ge; viki.ge; abcnews.com.ge; airchie.com; sportliga.ge; footbal.ge; newsports.ge) დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ყალბი განცხადების შემცველი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც, მოგვიანებით, სოციალური ქსელის ათეულობით გვერდსა და ჯგუფში გაზიარდა. დეზინფორმაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ, თითქოს, განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა აღარ იქნება.

- „ძალიან მაგარი ამბავი ვრცელდება ამ წუთებში! მორჩა კორონას ამბავი...არც მეორე და არც მესამე ტალღა...“.

„გილოცავთ, ვირუსის მეორე ტალღა აღარ იქნება და შესაძლოა სულ მალე გაქრეს... - ამირან გამყრელიძე“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აღნიშნულ ე.წ. „ქლიქბეით“ (ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომლის მიზანი ყურადღების მიპყრობა და ბმულზე გადასასვლელად მნახველთა წახალისებაა) ბმულებზე გადასვლით საკითხის შესახებ უფრო ვრცელ ტექსტს ვეცნობით:

ამირან გამყრელიძისთვის მიწერილი ყალბი განცხადების სრული ვერსია: “გილოცავთ, ვირუსის მეორე ტალღა აღარ იქნება და შესაძლოა სულ მალე გაქრეს...ჩვენ, ვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა უფრო რთული და საშიში იქნებოდა, თუმცა დღეის მონაცემებით მშვიდობა გვაქ და მეორე ტალღაც არუნდა ველოდოთ. უფლის ნებით იმედია მეორე ტალღა არ იქნება. მსოფლიოში ჯერ არ გამქრალა კორონავირუსი და მათ შორის არც ჩვენთან. ნელ ნელა უკეთესობისკემ მიდის მსოფლიო მათ შორის ჩვენს. სულ მალე შესაძლოა ყველაფერი დასრულდეს. ჩვენი თხოვნაა დაიცვათ წესრიგი და იარეთ პირბადეებით“. აღსანიშნავია, რომ წყაროდ მითითებული ვებგვერდზე (mysport.net.ge) მსგავსი სტატია საერთოდ არ იძებნება.

განცხადების სისწორის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესცენტრს დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ ამირან გამყრელიძეს მსგავსი რამ არ უთქვამს. 15 ივნისს, პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით საუბრისას, ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენ, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს“.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გამყრელიძემ 18 ივნისსაც გააკეთა: „ჩვენ უნდა ვმართოთ ერთი მხრივ, ახალი შემთხვევები და მეორე მხრივ, თანდათან იხსნება ეკონომიკა, რომ მოსახლეობამ იმუშაოს, შემოსავალი ჰქონდეს და ა.შ. ამიტომ, ეს ბალანსი უნდა დავიჭიროთ. იქნება თუ არა მეორე, მესამე, მეოთხე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ. ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. რაც გვეგონა, რომ ეს თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, ასე არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა შემთხვევა კონტროლირებადია და მართვას ემორჩილება“.

ამირან გამყრელიძის მიერ პანდემიის მეორე ტალღის შესახებ გაკეთებული რეალური განცხადებები გავრცელებული ყალბი ამბის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველია.

Facebook-ზე ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე კი ჯამში 24,000-ზე მეტი ინტერაქცია (რეაქცია, კომენტარი, გაზიარება) გამოვლინდა. აღნიშნული ყალბი ამბავი სხვადასხვა Facebook-გვერდსა და ჯგუფში გაზიარდა და დეზინფორმაციას ათასობით ადამიანი გაეცნო:

მასალა მომზადებულია Facebook-ის CrowdTangle-ის დახმარებით.


მსგავსი სიახლეები

3188 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი