რეზიუმე: 2015 წლის 25 აგვისტოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 ლარად საკუთრებაში ოთარ ფარცხალაძის კუთვნილ კომპანია „როიალ დეველოფმენთს“ გადაეცა. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში, მიწის მფლობელს 3 ათასი კვ.მ ფართის შენობა უნდა აეშენებინა, უძრავ ქონებასთან მისასვლელი 1000 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარიანი გზა უნდა მოეწყო და არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. წელიწადის და სამი თვის შემდეგ კომპანიამ, ისე რომ საპრივატიზაციო პირობები არ შეუსრულებია, იგივე მიწის ნაკვეთი უკვე 500 000 დოლარად (1250 000 ლარად) სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებს (ციკლონი)“ მიჰყიდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოდ თავჯდომარე დაარსებისას მაშინდელი სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოში სულ მცირე ერთი წარმომადგენელის ყოლის უფლება საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20% მფლობელს აქვს. ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე საპარტნიორო ფონდია, საპარტნიორო ფონდი კი, როგორც ვიცით, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია. სწორედ „საპარტნიორო ფონდის“ და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია „Elbit Cyclon-ის“ თანადაფინანსებით, 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა - სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აშენდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოთარ ფარცხალაძემ სახელმწიფოსგან 200 000 ლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი, წელიწადისა და სამი თვის შემდეგ უკვე 1250 000 ლარად სააქციო საზოგადოებას მიჰყიდა, რომლის თანამფლობელი და თანაინვესტორი არის სახელმწიფო, საპარტნიორო ფონდის სახით.

ანალიზი

საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ სტუმრობისას ოთარ ფარცხალაძისთვის სახელმწიფოს მიერ მიწების მიყიდვაზე ისაუბრა და აღნიშნა: (58 წთ-დან) „2015 წლის 25 აგვისტოს პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერით ოთარ ფარცხალაძის კომპანია „როიალ დეველოპმენტს“ სამგორის რაიონში, ქვემო ალექსეევკის დასახლებაში, მისცეს 62 კვადრატული მეტრი მიწა 200 000 ლარად, აქ იყო საინვესტიციო პირობები, რომ ორი წლის ვადაში 10 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და 3000 კვადრატულ მეტრზე ქარხანა უნდა აეშენებინა, გზები გაეყვანა და ხალხი დაესაქმებინა და ისე, რომ თითი თითზე არ დაუდია, წელიწადი და სამი თვის შემდგომ ეს მიწა მილიონ 200 000 ლარად ისევ სახელმწიფოს მიჰყიდა“.

2015 წლის 25 აგვისტოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 ლარად საკუთრებაში შპს „როიალ დეველოფმენთს“ გადაეცა. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში, მიწის მფლობელს 3 ათასი კვ.მ ფართის შენობა უნდა აეშენებინა, უძრავ ქონებასთან მისასვლელი 1000 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარიანი გზა უნდა მოეწყო და არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. შპს „როიალ დეველოფმენთი“ (ს/კ 495967699) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2014 წლის 20 ოქტომბერს არის რეგისტრირებული. შპს-ს დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე იყო.

დაახლოებით, წელიწადისა და სამი თვის შემდეგ, 2016 წლის 6 დეკემბერს, შპს „ როიალ დეველოფმენთსა“ (დირექტორი ლევ ნანიკაშვილი) და სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებს (ციკლონი)“ (წარმომადგენელი რაფაელ ბიტონი) შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, „როიალ დეველოფმენთის“ საკუთრებაში არსებული 62887 კვ/მ მიწის ნაკვეთი (თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში, ნავთისხევში მდებარე) 500 000 დოლარად სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა (ციკლონი)“ შეიძინა. 2016 წლის 6 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიხედვით, ერთ აშშ დოლარის ღირებულება 2.55 ლარი იყო. შესაბამისად, შეძენილი ნაკვეთის ღირებულებამ 1 275000 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „როიალ დეველოფმენთმა“ სახელმწიფოსგან 200 000 ლარად ნაყიდი ნაკვეთი წელიწადი და სამი თვის შემდეგ მილიონით მეტად - 1250 000 ლარად გაყიდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „როიალ დეველოფმენტს“ მიწა საპრივატიზაციო პირობებით ჰქონდა შესყიდული. ნაკვეთის გაყიდვის დროისთვის (2016 წლის დეკემბერი-შესყიდვიდან 1.3 წლის შემდეგ) კომპანიას არანაირი პირობა შესრულებული არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, 9 თვის შემდეგ, დასახელებული ნაკვეთის მესაკუთრეს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევდა, ამიტომ შპს „ როიალ დეველოფმენთისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს განკარგულებაში ცვლილება შევიდა და მიწის ნაკვეთის უკვე ახალი მეპატრონე (სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა (ციკლონი)“) დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა იმ პირობით, რომ კომპანია ახალ საპრივატიზაციო პირობებს შეასრულებდა (9000 კვ/მ ფართობის შენობების აშენება და ექსპლუატაციაში შესვლა, შენობასთან მისასვლელი, ანარაკლებ 550 მეტრი სიგრძის ასფალტსაფარიანი გზის მიოწყობა, არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება).

მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ (ს/კ 404496121) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2015 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაშინდელი სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოში სულ მცირე ერთი წარმომადგენელის ყოლის უფლება საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20% მფლობელს აქვს.ამჟამად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „საპარტნიორო ფონდია“. სს „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. სწორედ „საპარტნიორო ფონდის“ და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია „Elbit Cyclon-ის“ თანადაფინანსებით, 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა - სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აშენდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოთარ ფარცხალძემ სახელმწიფოსგან 200 000 ლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი, წელიწადისა და სამი თვის შემდეგ უკვე 1250 000 ლარად სააქციო საზოგადოებას მიჰყიდა, რომლის თანამფლობელი და თანაინვესტორი არის სახელმწიფო, საპარტნიორო ფონდის სახით.

ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა - „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Cyclon-ის“ ერთობლივი პროექტია. საწარმო საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქტია მსოფლიო ავიაციის უმსხვილესმა ავიაკომპანია „Boeing“-მა შეისყიდა. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაეელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით (წყარო: bm.ge), 2018 წლის განმავლობაში სს „აერო- სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ პროდუქციას არ ამზადებდა, რის გამოც მისი შემოსავალი ნულის ტოლი იყო. ამავე წელს ქარხნის საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები 35. 9 მლნ ლარი იყო, ამორტიზაციის ხარჯები კი 4 მლნ ლარი იყო. ჯამში იმის გამო, რომ ქარხანა პროდუქციის რეალიზებას არ ახდენდა, 2018 წელს მისმა ზარალმა 40.33 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის ფინანსური შედეგების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი