ბათუმის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვმ-ზე ახალი სასაფლაოების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით 3 399 000-ლარიანი ხელშეკრულება 2015 წლის 29 ივლისს გაფორმდა. ტენდერი ბათუმის მერიის კუთვნილმა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ გამოაცხადა. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 2017 წლის 29 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო.

ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო კომისიამ კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა, დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად შპს სამშენებლო კომპანია „მამისონი“ გამოაცხადა. სამუშაოების დაწყების დღიდან, სახელშეკრულებო პირობები ცხრაჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის დეკემბერში გაფორმდა. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შემსყიდველმა კომპანიას თანხა ჩვიდმეტ ეტაპად გადაურიცხა (მათ შორის, ორჯერ - ავანსის სახით), ჯამში 2 882 688 ლარი.

პროექტის თანახმად, კომპანიას გარე წყალმომარაგების სამუშაოებიც უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც 27 000 ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა, მაგრამ „ბათუმის სასაფლაოებმა“ გარე წყალმომარაგების მშენებლობის შესყიდვაზე 2018 წელს ცალკე ტენდერი მაინც გამოაცხადა და შპს „ქედეს“ 87 197 ლარი გადაუხადა. როგორც შესყიდვის კოორდინატორმა „ფაქტ-მეტრს“ ჯერ კიდევ 2019 წელს აუხსნა, „მამისონმა“ მონტაჟი პროექტის მიხედვით განახორციელა, მაგრამ წყალსადენის ექსპლუატაციის დროს გამოვლინდა, რომ განხორციელებული სამუშაოები საკმარისი არ იყო, რადგან ობიექტი ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზეა. ამიტომ სანასოსე სისტემის დამონტაჟება გახდა საჭირო.

სამშენებლო სამუშაოების გარდა, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც შეისყიდა, რისთვისაც შპს „ვეგას“ 27 500 ლარი გადაუხადა. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ კვლევა 2019 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. იხ სტატია. გაირკვა, რომ იმავე წლის 15 მარტს აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №170150319801 საქმეზე, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

332-ე მუხლი სამოხელეო დანაშაულს გულისხმობს. კონკრეტულად პირველი ნაწილი კი - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით - ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით - სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

რაც შეეხება 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, ის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით - სამ წლამდე, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ან გაფლანგვის ფაქტზე, როცა საქმე დიდი ოდენობით თანხას ეხება.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება და გამოიკვეთა, თუ - არა პასუხისმგებელი პირი. ჩვენ ოფიციალურად წერილობით მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ადრესატმა გვირჩია, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის მიგვემართა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც გამოძიება დაიწყო, მერიას, ანუ იმას, ვინც კომპანიას ოთხ მილიონამდე ლარი მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან გადაუხადა, ინფორმაცია არ აქვს, ან არ სურს, იმავე მოქალაქეებს საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს.

ჩვენ, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოსაც მივმართეთ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ აღნიშნულ საქმეზე დანიშნულია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც, ამ ეტაპზე, მიღებული არ არის. პროკურატურის ინფორმაციით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

მოკლედ, 2019 წლის მარტში დაწყებული გამოძიება როდის დასრულდება, უცნობია და არც იმაზე გვაქვს პასუხი, რატომ გაჭიანურდა ამ დრომდე აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ან რატომ არ არსებობს დღემდე სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ჩაქვში ახალი სასაფლაოები არ ფუნქციონირებს და სავარაუდოდ, დამატებითი ხარჯების გარეშე ექსპლუატაციაში ვერ შევა, რადგან ტერიტორია, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედებით, ეროზირებულია, გაჩნდა ხრამები და ხევები, რის გამოც მისი საფლავისთვის გამოყენება შეუძლებელია.

ინფორმაციისთვის, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შპს სამშენებლო კომპანია „მამისონში“ წილებს ხუთი პირი ფლობდა, მათ შორის, დირექტორი ავთანდილ ჩალაძე, რომელმაც 2017 წელს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 30 000 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ამონაწერით კი, ანუ პროექტის განხორციელების პერიოდში, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან ჭკადუა ხდება, ხოლო დირექტორი - ირაკლი ჭკადუა. იმავე წლის 30 ნოემბრიდან კომპანიის მფლობელად შპს „ევორდ ჰოლდინგი“ ფიქსირდება (მფლობელები არიან ირაკლი, სოფიკო, ნიკოლოზ და თორნიკე ჭკადუები), ხოლო კრედიტორია სს „ბანკი რესპუბლიკა“. ბოლო ამონაწერის თანახმად, შპს სამშენებლო კომპანია „მამისონს“ კვლავ „ევორდ ჰოლდინგი“ ფლობს, ხოლო დირექტორი ისევ ირაკლი ჭკადუაა. მან 2017 წელს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე 10 000 ლარი გადარიცხა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი