რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვლის 10 ივლისის განცხადებით, პოლონეთმა საქართველოსთან საზღვრების უპირობო გახსნასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა საქართველო ამ ეტაპზე პოლონეთს საზღვარს არ უხსნის, რასაც ინფრასტრუქტურის მინისტრი პოლონეთში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ხსნის.

ევროკავშირის საბჭომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და 1 ივლისიდან მასთან საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა. უსაფრთხო ქვეყნების სია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2 კვირაში ერთხელ გადაიხედება. ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის დისკრეციული გადაწყვეტილებაა, აღნიშნულ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, თუ არა.

8 ივლისს საქართველომ ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანასთან (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) საზღვარი უპირობოდ გახსნა. მიუხედავად გახსნის გადაწყვეტილებისა, აღნიშნულ ქვეყნებში რეგულარული ფრენები აგვისტომდე არ აღდგება. ივლისში საქართველო მხოლოდ ჩარტერულ და სპეციალურ რეისებს ასრულებს[i]. სტატიაში მიმოხილულია, პოლონეთთან საზღვრის გახსნა შედარებით მაღალი რისკის შემცველი რამდენად არის და რა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტის თანახმად, მათ შორის, ევროკავშირის საბჭოს კრიტერიუმებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად მართებულია, გასული 2 კვირის მონაცემები ავიღოთ და ინფიცირების ახალი შემთხვევების ტენდენციას დაავაკვირდეთ. სტატიაში 1 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდია აღებული.

ესტონეთი

გასული 2 კვირის განმავლობაში, ესტონეთში COVID-19-ით ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა მცირდება. 14 ივლისის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 49-ს შეადგენდა.

ლიეტუვა

14 ივლისის მონაცემებით, ლიეტუვაში COVID-19-ის აქტიური შემთხვევების ჯამური რაოდენობა 211-ს შეადგენდა. გასული 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ერთეულებს არ აჭარბებდა.

ლატვია

14 ივლისის მონაცემებით, ლატვიაში ახალი კორონავირუსის 121 აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა. გასული 2 კვირის განმავლობაში კი, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი, 13 შემთხვევა დაფიქსირდა.

გერმანია

14 ივლისის მონაცემებით, გერმანიაში COVID-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6,122 შეადგენდა. გასული 2 კვირის განმავლობაში კი, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დღიურად 500-მდე მერყეობს, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესებულა.

საფრანგეთი

ბალტიის ქვეყნებისა და გერმანიისგან განსხვავებით საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ფონი კვლავ მაღალია. საფრანგეთში COVID-19-ით ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 600-ს აღემატება. 14 ივლისის მონაცემებით, 64,118 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, COVID-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია.

პოლონეთი

პოლონეთში ყოველდღიურად COVID-19-ის დაახლოებით 300 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 14 ივლისის მონაცემებით, ჯამში ახალი კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9,113-ს შეადგენს. გასული 2 კვირის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება. პოლონეთში, ისევე როგორც გერმანიასა და საფრანგეთში, გასული 2 კვირის განმავლობაში COVID-19-ის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირების ან ზრდის ტენდენცია გამოკვეთილი არ არის.

მთავრობის მიდგომა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. მართალია, პოლონეთში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა პოლონეთზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე საფრანგეთშია.

--------------------------------------------------------------------------------

[i] საერთაშორისო ტურისტული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი