რეზიუმე: ფოთის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 130 მლნ ლარი იყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. თავდაპირველ ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია იყო, რომელმაც სამუშაოები უხარისხოდ განახორციელა და ხუთ თვეში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა. მოგვიანებით, უკვე 2018 წელს, ორი ახალი ტენდერი გამოცხადდა (წყალარინების რეაბილიტაცია და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ცალ-ცალკე). ამ ეტაპზე გამარჯვებული ჰოლანდიური და იტალიურ-გერმანული კომპანიები იყვნენ, ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 133 მლნ ლარი იყო და სამუშაოები 2020 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამუშაოები არ დასრულებულა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, სავარაუდოდ, კონტრაქტორების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება მოუწევს.

გარდა იმისა, რომ ფოთის წყალარინების სიტემის რეაბილიტაციის პროექტის დაუსრულებლობის გამო, ფოთის მოსახლეობამ თავდაპირველად დადგენილ ვადებში შესაბამისი გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება ვერ მიიღო, პროექტისთვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობის და ავანსის დაუბრუნებლობის გამო დამატებითმა სასესხო მომსახურებამ და საურავმა სახელმწიფოს ხარჯი 449 899 აშშ დოლარით გაზარდა.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, ფოთში მიმდინარე წყალარინების პროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ფოთში წყალარინების პროექტს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 მლნ ლარია. მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 ივლის უნდა დასრულდეს. ამის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, სამუშაოების მხოლოდ 15%-ია შესრულებული“.

ფოთში თანამედროვე სტანდარტების წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის) ქსელის მოწყობის და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე ტენდერი ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში გამოცხადდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 133 მლნ ლარზე მეტი გამოყო. პროექტი 145 კმ. საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, 28 ერთეული სატუმბი სადგურის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანიამ, შპს „აზერაგრარტიკინტმა“ (OJSC Azeragrartikinti) გაიმარჯვა. კომპანიას სამუშაოების დასაწყებად 9.3 მილიონი ლარი ავანსის სახით თავიდანვე გადაურიცხეს. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. აზერბაიჯანულმა კომპანიამ სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, ქუჩები გადათხარა, მილები ჩააწყო და ისე, რომ სატუმბი სადგურების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა არც კი დაუწყია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აზერბაიჯანულ მხარესთან კონტრაქტი 5 თვეში შეწყვიტა. ამ დროისთვის კომპანიას 35 კმ სიგრძის საკანალიზაციო ქსელი ჰქონდა მოწყობილი და 159. 6 ათასი დოლარი ათვისებული. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი უხარისხოდ წარმოებული სამუშაოები იყო.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოდ მიიჩნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორი ახალი ტენდერი გამოაცხადა: წყალარინების სიტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის. ორივე ტენდერის ჯამური ღირებულება 133 მლნ ლარი იყო. პროექტი 2020 წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

ამ ეტაპზე ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია Tahal Group-ი ახორციელებს, პროექტის ღირებულება 90 მლნ ლარს აღწევს. წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გერმანულმა და იტალიურმა კომპანიებმა: „Ludwig Pfeiffer“-მა და „Emit Group“-მა გაიმარჯვეს, სამუშაოების განსახორციელებლად 44.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფოთში მიმდინარე წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის პროექტების მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის მარტში ფოთში მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გაეცნო. მისი ინფორმაციით, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორს გარკვეული ჩამორჩენა ჰქონდა. ივლისის თვის დასაწყისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს დეტალურად გაეცნო და კონტრაქტორისგან პირობა მიიღო, რომ მიმდინარე სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდებოდა. კონტრაქტორს შეფერხებული სამუშაოებისთვის გაფრთხილება რამდენჯერმე მიეცა და გაფრთხილებული იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს და სანქციებს მიმართავდა.

დღეის მდგომარეობით, ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და სავარაუდოდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გარკვეული სანქციების გატარება ისევ მოუწევს. ასევე, როგორც ცნობილია, დასახელებული პროექტების დაფინანსების წყარო აზიის განვითარების ბანკია, აქედან გამომდინარე, გარდა იმისა რომ დაუსრულებელი და გაჭიანურებული პროექტი მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, ასევე გამოყოფილი სესხის მომსახურება დამატებითი თანხები ჯდება. აუდიტის სამსახურის წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, ფოთის წყალარინების სისტემის პროექტის კონტრაქტის შეწყვეტის თარიღიდან, კონტრაქტორ კომპანიას, დაახლოებით ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში ბანკისთვის ავანსად გადახდილი თანხა - 3 173 424 აშშ დოლარი, არ დაუბრუნებია, რის გამოც წყალმომარაგების კომპანიას საპროცენტო ხარჯი 64 468 აშშ დოლარით გაეზარდა. ამასთანავე, კონტრაქტორმა ბანკის მოთხოვნით, 180 947 აშშ დოლარი დაგვიანებით დააბრუნა, რის გამოც კომპანიის საპროცენტო მომსახურების ხარჯი დამატებით 4 585 აშშ დოლარით გაიზარდა. ასევე, სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, აუთვისებელ თანხებზე საურავის გადახდა 0.15 %-ის (სასესხო ხელშეკრულების დადებიდან სამოცი დღის შემდეგ) ოდენობით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, სესხის ათვისების ვადების დარღვევა ზედმეტი ხარჯის გაწევასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი სესხის დარიცხულმა საურავმა 380 846 აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, პროექტის დაუსრულებლობის გამო, გარდა იმისა, რომ მომხმარებელმა თავდაპირველად დადგენილ ვადებში შესაბამისი გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება ვერ მიიღო, პროექტისთვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობის და ავანსის დაუბრუნებლობის გამო დამატებითმა სასესხო მომსახურებამ და საურავმა სახელმწიფოს ხარჯი 449 899 აშშ დოლარით გაზარდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი