მიმდინარე პერიოდში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მომავალი, 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს. სწორედ მოცემული დოკუმენტის ფარგლებში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსათვის გამოსაყოფი დახმარების მოცულობა და ამ დახმარების პირობები განისაზღვრება. თავისთავად დოკუმენტი ბუნებრივია, მოცულობითი, ხოლო მისი განხილვისა და დამტკიცების პროცესი კომპლექსურია. აშშ-ში კონგრესი ორპალატიანია. შესაბამისად, კანონპროექტი სანამ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად იქცევა, ორივე პალატაში - წარმომადგენლობით პალატაში და სენატში - განიხილება. [1] განხილვის შემდგომი ნაწილი შეჯერების ეტაპია, რითაც ორივე პალატა ერთიან დოკუმენტზე, საბოლოო რედაქციაზე თანხმდება. [2] ამის შემდეგ კონგრესიდან დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად ეგზავნება. ხელმოწერილი დოკუმენტი იურიდიულ ძალას იძენს და ის შესასრულებლად სავალდებულო ხდება.

ჩვენი ინტერესის ობიექტს ხსენებული კომპლექსური დოკუმენტიდან ის ნაწილ(ებ)ი წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ საქართველოს შეეხება. ერთ-ერთი ასეთი აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტია „2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“. პარალელურად, სენატში მეორე კანონპროექტი „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ იხილება, რომელშიც ასევე საქართველოს შესახებ არის საუბარი.

ორივე კანონპროექტი ერთი კომპლექსური დოკუმენტის, ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და საბოლოოდ საუბარი ორ განსხვავებულ კანონპროექტზეა, რომლებიც აშშ-ს წარმომადგენლობით ორგანოში პარალელურად განიხილება და სხვადასხვა მიმართულებებზე (საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა) გამოსაყოფ სახსრებს არეგულირებს.

რა გახდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი

კრიტიკა ხელისუფლების მიმართ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში განსახილველ კანონპროექტს „2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“ ეფუძნებოდა, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა [3] 9 ივლისს დაამტკიცა. [4] მოცემული კანონპროექტით იმ სახსრების მოცულობა განისაზღვრება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო ოპერაციების დაფინანსების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებს დახმარების სახით გამოუყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველო დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 88 მილიონი დოლარის 15% შესაძლებელია, მთავრობას განსაკარგავად არ გამოუყონ. ეს ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დადებითად შეაფასებს.

კანონპროექტის ამ რედაქციით კონგრესი აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალდებულებს, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ცალკეული მიმართულებით შეაფასოს და თუ შეფასება დადებითი არ იქნება, გამოყოფილი დახმარების 15% გაუყინოს და შეუჩეროს.

ის კრიტერიუმები რასაც სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა დაეყრდნოს, დაზუსტებულია კომიტეტის ანგარიშში/რეპორტში. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა შემდეგი მიმართულებით უნდა შეფასდეს:

1. საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება.
2. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე.
3. ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით.
4. სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
5. მთავრობის საქმიანობაზე და ასევე კანონებისა და რეგულაციების დამტკიცების პროცესზე ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენის შეზღუდვა.

დოკუმენტში მსგავსი დათქმის არსებობა არაორაზროვნად იმ არსებით პრობლემებზე მიუთითებს, რასაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში მიმდინარე პროცესებში ხედავს. საყურადღებო ასპექტია, არა იმდენად შეზღუდვის ფინანსური კომპონენტი (რაც ასევე საგანგაშოა), არამედ გზავნილი, მითითება პრობლემებზე, რომელთა გადაჭრასაც მთავარი სტრატეგიული მოკავშირე საქართველოს ხელისუფლებისაგან არა ტრადიციული მინიშნებებისა და დიპლომატიური არხების გამოყენებით, არამედ ღიად, გარკვეული „სანქციის“ დაწესების გზით ითხოვს.

ხელისუფლების რეაქცია და რიტორიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი დოკუმენტის („2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“) წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ დამტკიცებისას აღნიშნავდა, რომ ეს მხოლოდ კანონპროექტი იყო და მსგავსი სახით კანონად, დიდი ალბათობით არ გავიდოდა, ანუ მინისტრის პოზიციით, განხილვაში მყოფი დოკუმენტი იურიდიული ძალის შეძენამდე დაკორექტირდებოდა.

თავისთავად საგულისხმო ფაქტია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფონს გასვლას მედიების „სიცრუეში“ დადანაშაულებით შეეცადა, არსებით ნაწილზე კი, თუ რა გახდა მიზეზი მსგავსი რედაქციის საერთოდ განხილვაში არსებობისა, ყურადღება არ გაუმახვილებია. აღნიშნულის ფონზე, ზალკალიანი კანონპროექტის საბოლოო ვერსიის კორექტირებული სახით დამტკიცების იმედს იტოვებდა, სადაც მსგავსი შეზღუდვა ნახსენები აღარ იქნებოდა.

დავით ზალკალიანის მხრიდან ასევე სახეზეა მანიპულირება, როდესაც ის მიუთითებს: „ეს სანქციები არ შესულა კანონში, იყო ამის მცდელობა, მაგრამ არ შესულა, ეს წერია მხოლოდ რეპორტში, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს“. ამ მცდელობით მინისტრი კრიტიკული ჩანაწერების მნიშვნელობის დაკნინებას შეეცადა. სინამდვილეში, ზალკალიანი ციტატის ორივე ნაწილში იტყუება. ჩანაწერი დახმარების 15%-ის შესაძლო გაყინვის შესახებ არა რეპორტში, არამედ კანონპროექტის ძირითად ტექსტშია მითითებული, რეპორტი კი, რომელშიც შეფასების კრიტერიუმებია გაწერილი, ამავე კანონის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

როგორ შეეცადა ხელისუფლება საზოგადოების მანიპულირებას

24 ივლისს კი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „კანონპროექტის სენატის მიერ დამტკიცებულმა ვერსიამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში“.

განცხადების საფუძვლად დავით ზალკალიანმა აშშ-ის სენატის მიერ (და არა წარმომადგენლობითი პალატის) დამტკიცებული სხვა დოკუმენტი (S.4049 – „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“) გამოიყენა, რათა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თითქოს წარმომადგენლობით პალატაში განხილულ კანონპროექტში არსებული კრიტიკული გზავნილები საბოლოო დოკუმენტში ვეღარ მოხვდა. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება და სინამდვილეში სხვა კანონპროექტზეა საუბარი. მინისტრის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მიუთითეს, რომ საუბარი სხვა საკანონმდებლო დოკუმენტს შეეხებოდა და მისი მხრიდან სპეკულირებას ჰქონდა ადგილი.

„2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოპტიმიზმი, ამ ეტაპზე, არ გამართლდა. 24 ივლისს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ხსენებული დოკუმენტის (H.R. 7608) ის რედაქცია დაამტკიცა, სადაც დაფინანსების 15% საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასაკმაყოფილებელ კრიტერიუმებზე მიბმული ისევ რჩება. ტყუილია, მინისტრის წარსული განმარტების ის ნაწილიც, სადაც მიუთითებს რომ „ეს წერია მხოლოდ რეპორტში, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს“. წარმომადგენლობითი პალატის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში (გვ.226) პირდაპირ არის მითითებული, რომ 15% დაფინანსების მისაღებად დასაკმაყოფილებელი ერთ-ერთი პირობა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება - განიმარტება ისე, როგორც ეს აღწერილია კანონპროექტზე თანდართულ ანგარიშში/რეპორტში („strengthen democratic institutions as described under this section in the report acompanying this Act“). მართალია, კანონპროექტი ძალაში საბოლოოდ შესვლამდე რამდენიმე პროცედურის გავლას საჭიროებს, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელმწიფო მდივანმა, ამ ეტაპზე, უკვე მიიღო მითითება, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასოს და შესაბამისი ანგარიშიც მოამზადოს.

--------------------------------------------------------------------------------------------------

1. განხილვა საბოლოო კენჭისყრამდე ცალკეული მიმართულების კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში დოკუმენტის განხილვას მოიცავს, სანამ ის რედაქცია შეჯერდება, რომელსაც კონკრეტული პალატა უყრის კენჭს.

2. შეჯერების ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვა ხდება, რაზეც ორ პალატას პრინციპულად წინააღმდეგობრივი მოსაზრებები გააჩნია. ის საკითხები კი, რაც ერთ-ერთი პალატის მიერ არის დაფიქსირებული, თუმცა მეორე პალატას საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქმული არ აქვს, ავტომატურად საბოლოო დოკუმენტში ხვდება.

3. მოცემულ შემთხვევაში წამყვანი კომიტეტი.

4. კომიტეტის მიერ განხილვა და დამტკიცება წარმომადგენლობით პალატაში დოკუმენტის განხილვის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კი წარმომადგენლობითი პალატა ამტკიცებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი