იტვირთება

რეზიუმე: ანრი ოხანაშვილმა ეს განცხადება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიმოხილვისას გააკეთა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობას ან რომელიმე მინისტრს ისედაც არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, მისი გამოცემული ნორმატიული აქტით შეზღუდოს ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვასაც კონსტიტუცია არ უშვებს.

ამ ცვლილებების შინაარსში პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ შრომის უფლებისა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაუშვებელია, არამედ ის, რომ მათი შეზღუდვის უფლებამოსილების თუნდაც დროებით დელეგირება მთავრობაზე, შესაძლოა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს. კერძოდ, აქტი, რომელსაც გამოსცემს მთავრობა/მინისტრი და აძლევს მას უფლებას დააწესოს შეზღუდვები, წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. საქართველოს კონსტიტუციის მიხდვით კი, შრომითი უფლებები ორგანული კანონითაა დაცული, ხოლო მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონის შესაბამისადაა დასაშვები.

ანალიზი

22 მაისს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად (2020 წლის 15 ივლისამდე) გაფართოვდა. კერძოდ, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში ისეთი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მიენიჭა, როგორიცაა შრომის უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან, უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, 14 ივლისს პარლამენტმა მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ეს [ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში] არის ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით განპირობებული. სხვა მიზანი ამ პროექტს არ გააჩნია“. მისივე განმარტებით, „ოპოზიცია ვერ დაასახელებს ვერც ერთ უფლებას, რომლის შეზღუდვაც შესაძლოა დასჭირდეს მთავრობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არ შეიძლება შეიზღუდოს“.

მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა,[1] დადგენილი წესითა და საფუძვლით, შეზღუდვას ყველა უფლება ექვემდებარება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობას ან რომელიმე მინისტრს ისედაც არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, მისი გამოცემული ნორმატიული აქტით შეზღუდოს ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვასაც კონსტიტუცია არ უშვებს. შესაბამისად, მოცემულ საკითხში პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ შრომის უფლებისა და მიმოსვლის თავისუფლების კონსტიტუციით შეზღუდვა დაუშვებელია, არამედ ის, რომ მათი შეზღუდვის უფლებამოსილების თუნდაც დროებით დელეგირება მთავრობაზე შესაძლოა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.

რა შეიცვალა კანონში და ეწინააღმდეგება თუ არა ის კონსტიტუციას ?

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, „საკარანტინო ღონისძიებების“ მნიშვნელობა გაფართოვდა. კერძოდ, ცვლილებამდე არსებული განმარტების მიხედვით, საკარანტინო ღონისძიება იყო მხოლოდ იმ „ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც იმ პირის მიმართ გამოიყენება, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში“.

ცვლილებების შემდეგ, გარდა ზემოაღნიშნული განმარტებისა, საკარანტინო ღონისძიებებში შეიძლება მოიაზრებოდეს სხვა ღონისძიებები, რომლებითაც შესაძლოა შეიზღუდოს შრომის, მიმოსვლისა და სხვა უფლებები. რაც ყველაზე საყურადღებოა, აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მთავრობის/მინისტრის ნორმატიული აქტით, რაც შესაძლოა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.

კერძოდ, მთავრობის/მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით კი, შრომითი უფლებები ორგანული კანონითა დაცული. რაც შეეხება მიმოსვლის თავისუფლებას, კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

შესაბამისად, ცვლილებების შედეგად, მთავრობას/მინისტრს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით იმ უფლებათა შეზღუდვის ბერკეტი მიეცა, რომელთა შეზღუდვასაც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პარლამენტის მიერ სჭირდებოდა დამტკიცება. საგანგებო მდგომარეობის გარეშე, პარლამენტის როლის სრულიად გამორიცხვით, ადამიანის უფლებების მხოლოდ მთავრობის შეხედულებისამებრ შეზღუდვა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკმაოდ დიდ რისკს ქმნის. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია კი ხელისუფლების დანაწილების (Checks and Balances) პრინციპს ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 1 იანვრამდე მთავრობისათვის გადაადგილების თავისუფლების და შრომის უფლების შეზღუდვის დელეგირების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. [2] ორგანიზაცია მიიჩნევს რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობაზე შრომისა და გადაადგილების თავისუფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 26-ე მუხლებს ეწინააღმდეგება.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს არა მთავრობის ან რომელიმე მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, არამედ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

[1] აბსოლუტური უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, წამების აკრძალვა, მონობის აკრძალვა და ა.შ.

[2] საიამ სარჩელი 2020 წლის 25 მაისსაც წარადგინა, თუმცა 2020 წლის 15 ივლისამდე საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმის დასრულება ვერ მოახერხა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3273 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი