კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში დაკარგული სამუშაო ადგილები და შემოსავლების შემცირება შინამეურნეობების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. გაეროს გათვლებით, მსოფლიოში, დამატებით, 132 მილიონ ადამიანამდე შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურეს სიღარიბეში, მათ შორის 66 მილიონამდე ბავშვი.

21 აგვისტოს, Unicef-მა საქართველოში მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სიმულაციური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსახლეობის სიღარიბის დონე, განსაკუთრებით, ბავშვთა სიღარიბე გაიზრდება. Unicef-ის ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 21.7%, ხოლო ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს. [1]

კვლევაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომომიკური ზიანის სამი დონეა დაშვებული. დაბალი შოკის შემთხვევაში, ანუ ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, მოსახლეობის სიღარიბის დონე 21%-დან 24%-მდე გაიზრდება, საშუალო შოკის შემთხვევაში 26%-მდე, ხოლო ძლიერი შოკის შემთხვევაში 30.9%-მდე. ბავშვთა სიღარიბე დაბალი შოკის შემთხვევაში 27.6%-დან 30.8%-მდე, საშუალო შოკის შემთხვევაში 32.7%-მდე, ძლიერი შოკის შემთხვევაში კი 37.8%-მდე გაიზრდება. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, ასევე გაიზრდება უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები. ამასთან, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად.

ანგარიშის თანახმად, სოციალური ტრანსფერები სიღარიბის ზრდის ტემპს შეანელებს. კვლევაში გაანალიზებულია 12 სიმულაციური მოდელი, თუ რა გავლენა ექნება სიღარიბის მაჩვენებელზე კონკრეტულ ჯგუფებზე ფულად დახმარებას. ბავშვთა სიღარიბის დონის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური მოდელი 0-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის საყოველთაო ფულადი დახმარება აღმოჩნდა. ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის საბაზისო მაჩვენებლებზე მეტად შემცირება. ასევე ეფექტურია უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფულადი დახმარება, რომელიც მოსახლეობაში სიღარიბის ზრდის ტემპს შეანელებს. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ Unicef მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე ფულადი დახმარების გავლენის შეფასებისას, ერთჯერად ეფექტს აფასებს და არა გრძელვადიან პერსპექტივას.

Unicef-ის თანახმად, საქართველო სიღარიბის მიმართ ძალზედ მოწყვლადია და მოსახლეობის მაღალი წილი სიღარიბის ზღვარს მხოლოდ მცირედით ცდება, შესაბამისად კრიზისს მძლავრი გავლენა ექნება სიღარიბის ზღვართან მყოფ მოსახლეობაზე. სიღარიბის შემცირების ყველაზე ხარჯთეფექტური გზაა ეკონომიკური პოლიტიკა და ტრანსფერები მიმართული იყოს მოსახლეობის ყველაზე ღარიბ (the bottom) 40%-ზე, რომლებიც არ ხვდებიან სახელმწიფო სოციალური დაცვის მიზნობრივ პროგრამებში, ვიდრე მიზნობრივი ჯგუფების და ბავშვთა საყოველთაო ფულადი დახმარება. თუმცა Unicef განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის (ყველაზე ღარიბი 40%) იდენტიფიცირება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბე, განსაკუთრებით კი ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. Unicef-ის ბოლო კვლევის თანახმად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფში, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის ზრდის ძირითადი მიზეზები ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები იყო. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

ვის დაეხმარა მთავრობა?

პანდემიასა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შემოსავლები და სამუშაო ადგილები (დროებით) დაკარგეს. დღის წესრიგში მთავრობის მხრიდან მოსახლეობის დახმარების აუცილებლობა დადგა. შესაძლოა ითქვას, რომ მთავრობის დახმარება იყო დაგვიანებული. იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმდებდა (21 მარტიდან-23 მაისამდე), მოსახლეობას დახმარება არ მიუღია, გარდა კომუნალური ვაუჩერებისა და საბანკო შეღავათებისა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებზე დახმარების გაცემა ივნისიდან დაიწყო.

სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება, პანდემიის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა მიიღეს. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული პირების, ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა, კომპენსაცია 6 თვის მანძილზე ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს. თვითდასაქმებულებს, თუ ის შემოსავლების დაკარგავს ოფიციალურად დაადასტურებდა, სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარა. თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი ვერ მოხვდა დახმარების მიმღებთა კატეგორიაში (მაგალითად, ძიძა, ოჯახში დამხმარე და სხვა).

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური პაკეტები გაფართოვდა. კერძოდ, მანამდე არსებულ სოციალურ პაკეტთან ერთად, ივნისიდან, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად დამატებით ფულად დახმარებას იღებენ.

• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ფულადი დახმარება. საკომპენსაციო თანხა ერთწევრიან ოჯახზე შეადგენს 70 ლარს, 2 წევრიან ოჯახზე 90 ლარს. ოჯახში სამი და მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში თითოეულ წევრზე საკომპენსაციო თანხა შეადგენს 35 ლარს.

• სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახების ფულადი დახმარება, თვეში 100 ლარის ოდენობით.

• მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვების დახმარება, თვეში 100 ლარი ლარის ოდენობით.

1 სექტემბრიდან კი, მთავრობა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმა აღნიშნულ დახმარებას არ მოიცავდა.

მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეების ფულად დახმარებას მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი ექნება. მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანია და ამგვარი ერთჯერადი დახმარებებით სიღარიბის ზრდის ტემპის შენელება შეუძლებელია. იმისთვის, რომ სიღარიბის დონე არ გაიზარდოს, მთავრობის სოციალური ტრანსფერები უნდა იყოს გრძელვადიანი, თუმცა ამისთვის სახელმწიფოს ფინანსური რესურსი არ ეყოფა. ამიტომაც, მთავრობამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვასთან ერთად, ეკონომიკის მაქსიმალურად ამუშავებაზე უნდა იზრუნოს.

[1]სიღარიბის გაანგარიშება სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ხდება. ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება.

ფოტო: ჰეშთეგი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი