რეზიუმე: Eurocontrol-ის მონაცემებით, აგვისტოში განხორციელებული ფრენების რაოდენობით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ სომხეთს აქვს. პანდემიის გამო, ფრენების რაოდენობა რა თქმა უნდა ყველგან შემცირებულია. თუმცა ბოლო მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ევროპის არეალში, ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა განახევრებულია, საქართველოს შემთხვევაში კი 80%-ზე მეტით არის შემცირებული.

საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მთავრობას უსაფრთხო ქვეყნებთან ფრენების აღდგენის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ამის შესახებ, მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა: „ევროკონტროლის მონაცემებით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, ყველაზე ცოტა ფრენა საქართველოშია. მთავრობამ დე-ფაქტო, არაფორმალურად აკრძალა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ამას ემსახურება ეს ორ კვირიანი დისკრიმინაციული კარანტინი. როცა უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც ამ მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხოდ, მომავალი ადამიანებიც კი უნდა ჩავაყუდოთ ორკვირიან კარანტინში, ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებზე არანაირი პრობლემა არ არის... ამ მიზანს ემსახურება „ვიზეარის“ და ხელმისაწვდომი ფრენების დე-ფაქტო აკრძალვა. ავიაკომპანიებს პირდაპირ ეუბნება მთავრობა, რომ მოიცადონ არჩევნებამდე. რა შუაშია არჩევნები ვირუსთან? ... სინამდვილეში საქმე გვაქვს რასთან, რომ საქართველოში არ დაბრუნდეს ათეულობით ათასი ემიგრანტი.... დაუშვით ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში, თქვენსავე გამოცხადებულ უსაფრთხო ქვეყნებში. „ვიზეარი“ დაუშვით“.

Eurocontrol-ის მონაცემებით, აგვისტოში განხორციელებული ფრენების რაოდენობით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოზე ნაკლებ ფრენებს მხოლოდ სომხეთი ახორციელებს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთი ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ ხვდება და მისთვის ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები არ არის ღია. ევროპის არეალში, ბოლო მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა განახევრებულია. საქართველოს შემთხვევაში კი 80%-ზე მეტით არის შემცირებული.

წყარო: https://www.eurocontrol.int/

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები მარტში ჩაიკეტა. მთავრობამ რეგულარული ფრენების ეტაპობრივი აღდგენა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პირველ ივლისს დაანონსა, თუმცა ამის შემდეგ შეზღუდვების მოხსნა კიდევ სამჯერ გადაავადა, ჯერ პირველ აგვისტომდე, შემდეგ - პირველ სექტემბრამდე, ახლა კი საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები, კიდევ ერთი თვით, პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

საქართველოში აგვისტოდან, რეგულარული ფრენები მხოლოდ სამი მიმართულებით არის აღდგენილი: პარიზი-თბილისი-პარიზი (Air France); მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი (Lufthansa); რიგა-თბილისი-რიგა (Air Baltic). აღნიშნული რეისები კვირაში 2-ჯერ სრულდება. ყველა სხვა მიმართულებით რეგულარულ ფრენებზე დაწესებულია შეზღუდვები. სექტემბერში დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ფრენები ასევე შესრულდება სტამბოლის, მინსკის, კიევის, დოჰას, მიმართულებითაც, თუმცა მათ მხოლოდ საქართველოდან მგზავრთა გაყვანის ნებართვა ექნებათ. ამასთან შესრულდება ჩარტერული რეისები [1] ამსტერდამის, ვენის და ათენის მიმართულებით.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებისთვის მინიმალური ფრენები (კვირაში ერთხელ ან ორჯერ) წამგებიანია. მთავრობა კი მასშტაბური რეგულარული ფრენების აღდგენას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე არ აპირებს. მმართველი გუნდი რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებისა და გადავადების მიზეზად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ოპტიმალური რაოდენობის ფრენები გვაქვს“.

30 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის დისკრეციული გადაწყვეტილებაა, აღნიშნულ რეკომენდაციას გაითვალისწინებს თუ არა. 1-ელი ივლისიდან ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გახსნეს. თუმცა საქართველომ საზღვრები, უპირობოდ, მხოლოდ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, გახსნა. აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ფრენები აგვისტოდან აღდგა.

ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. მათ საქართველოში ვიზიტისას სავალდებულო წესით ტესტირება ან კარანტინის გავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევთ, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. საქართველოს მთავრობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ განსხვავებული მოთხოვნები გააჩნია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას, ისინი სავალდებულო კარანტინს გადიან. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით ბარიერებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების უქმნის. უცხო ქვეყნიდან შემოსვლისას, ვირუსის შემოტანის და შემდგომი გავრცელების რისკი არსებობს, როგორც ტურისტის, ასევე საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში.

[1] ჩარტერული რეისით ტურისტული მიზნით მგზავრობა (როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) დაშვებული არ არის.

გიორგი კანდელაკის ფოტო აღებულია "ტაბულადან"

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი