რეზიუმე: განცხადების გადასამოწმებლად, „ფაქტ-მეტრი“ უახლეს კვლევებს გაეცნო, რომლებიც საგამოძიებო ორგანოების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს. გამომდინარე იქიდან, რომ სტატიაში მოყვანილი კვლევების შედეგები ზოგ შემთხვევაში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, სრულყოფილი სურათის შექმნა, საზოგადოების დაახლოებით რა ნაწილი არ ენდობა საგამოძიებო ორგანოებს, ვერ მოხერხდა. ასევე, კვლევებში მხოლოდ პროკურატურის მიმართ განწყობაა ასახული მაშინ, როდესაც გამოძიებას კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოებიც აწარმოებენ.

გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილი კვლევებით, შეუძლებელია იმის დადგენა, დღესდღეობით საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობას რა განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ხატია დეკანოიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე რჩება.

ანალიზი

ბოლო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. მათი მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხშირად საგამოძიებო ორგანოები ხდება, რომელთა მუშაობასაც ისინი უარყოფითად აფასებენ და უნდობლობას უცხადებენ.

ისანში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ამ ქვეყანაში ძალიან, ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი და წილი საზოგადოების, რომელთაც რწმენა არ აქვთ საგამოძიებო ორგანოების და ეს განაპირობა იმან, რომ მთელი წლების მანძილზე სამართალდამცავი უწყებები მხოლოდ და მხოლოდ ასრულებდნენ ერთ ფუნქციას. ეს ფუნქცია არის პოლიტიკური რეპრესია“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, უახლესი კვლევების მიხედვით, საზოგადოება საგამოძიებო, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებს რამდენად ენდობა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიმდინარე წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, პროკურატურის მუშაობა დადებითად გამოკითხულთა 32%-მა შეაფასა, 52%-მა კი - უარყოფითად. გამოკითხულთა 16%-ს მოცემულ საკითხზე აზრი არ გამოუხატავს.

კვლევაში, ასევე, მოცემულია საზოგადოების აზრი პროკურატურის მუშაობის ღიაობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ უწყების მუშაობა სრულად, ან ნაწილობრივ ღია და გამჭვირვალეა, ხოლო 56%-ის აზრით, პროკურატურის მუშაობა სრულად ან ნაწილობრივ დახურული და გაუმჭვირვალეა.

IRI-ს გამოკითხვა 2020 წელს (ივნისი-ივლისი), საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. მონაცემები რესპონდენტების სახლში, პირისპირ გამოკითხვით შეგროვდა.

მიმდინარე წლის 12 მაისს პროკურატურის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის შესახებ კვლევა გამოქვეყნდა. კვლევისთვის გამოკითხვა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა. [1] პროექტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს პროკურატურას მოსახლეობის 20% სრულად ენდობა, 43% კი - უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა, 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა, ხოლო 9% საერთოდ არ ენდობა.

გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 44% აცხადებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პროკურატურა კარგად მუშაობს. 9%-ის მიხედვით, ორგანო ცუდად მუშაობს, ხოლო მოსახლეობის 39% პროკურატურის მუშაობას საშუალოდ აფასებს.

რაც შეეხება პროკურატურაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობას, მოსახლეობის 6%-ის აზრით, პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენისგან სრულიად თავისუფლია, 39% კი მიიჩნევს, რომ - ძირითადად თავისუფალია. 21%-ის აზრით, პროკურატურა ძირითადად არ არის თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ხოლო 11%-ის აზრით - საერთოდ არ არის თავისუფალი.

უნდა აღინიშნოს, რომ „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი გამოკითხვის [2] შედეგების მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, პროკურატურის მიმართ ნდობის მაჩვენებელი გაზრდილია.

წყარო: CRRC, „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ“, 2020.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით, CRRC-ის მიერ მიმდინარე წელს ჩატარებულ კვლევაში საზოგადოების დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ კრიტიკულია. კვლევის მიხედვით, 72% მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს პროკურატურა სრულად ან ნაწილობრივ ემსახურება. კერძოდ, 49% მიიჩნევს, რომ ეს უწყება სრულად ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს, 23% კი თვლის, რომ - მხოლოდ ნაწილობრივ.

რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, კერძოდ პოლიციას, მიმდინარე წლის 16 იანვარს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ შესრულებული კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოში პოლიციის მიმართ საზოგადოების განწყობაა ასახული. კვლევის მიხედვით, პოლიციის მუშაობას დადებითად 43% აფასებს. კერძოდ, 6% აფასებს ძალიან კარგად, 37% - კარგად. 35% პოლიციის მუშაობას საშუალოდ აფასებს, 10% - ცუდად, 2% კი - ძალიან ცუდად. 12 %-ს კითხვისთვის არ უპასუხია.

აღსანიშნავია, რომ NDI- ს წინა კვლევების მიხედვით, 2013 წლიდან მოყოლებული, პოლიციის საქმიანობის უარყოფითი შეფასება ძირითადად, იზრდება. გარდა ამისა, 2013 წლიდან 2015 წლამდე, პოლიციის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ მკვეთრად იკლო.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანაში გამოძიებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

[1] მოსახლეობის გამოკითხვა 2020 წლის 30 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა

[2] გამოკითხვა 2020 წლის 4-დან 23 მარტამდე პერიოდში CRRC-საქართველომ ჩაატარა

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი