ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემდეგ, აჭარაში ინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკა თავიდანვე „მედალფა“ იყო. კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტს სწორედ ამ კლინიკაში ათავსებდნენ და მკურნალობდნენ.

1 ივლისიდან „მედალფა“ მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა, ხოლო კოვიდით ინფიცირებულების მიღება ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაიწყო, რომელიც 170 საწოლზეა გათვლილი. ვინაიდან საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში, ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა (მხოლოდ ბოლო 2 დღეში 300-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა), კორონავირუსის მართვის პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთვნენ.

როგორც აღმოჩნდა, მომატებული შემთხვევების გამო, საჭირო გახდა მეტი რესურსის მობილიზება. ამიტომ სახელმწიფომ კლინიკა „მედალფას“ დახმარებისთვის კვლავ მიმართა. როგორც კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა (გვთხოვა, ვინაობა არ დაგვესახელებინა), 11 სექტემბერს, გვიან ღამით, კლინიკის მენეჯმენტმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან წერილი მიიღო, რომ 72 საათში ობიექტის მობილიზება მოეხდინათ და კოვიდპაციენტები მიეღოთ. ამ სიახლემ პერსონალის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მოითხოვეს, რომ ხელფასზე, საათში 7,5 ლარის ოდენობით, დანამატი მიიღონ.

კლინიკის მენეჯმენტის წარმომადგენელი: „ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მედპერსონალთან და ვართ სიტუაციის გადაწყვეტის მომენტში. პერსონალი ითხოვს ხელშეკრულებას და ვინაიდან შაბათია, სათაო ოფისი არ იმყოფება ადგილზე და ვერ გვაწვდიან ამ ხელშეკრულებებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას, მაგრამ ახლა ითხოვენ, საათში 7,5 ლარი დაგვემატოსო. ასეთი ანაზღაურება ექიმებს არ აქვთ. მოსაგვარებელია ეს საკითხი. წუხელ მოვიდა წერილი საქართველოს ჯანდაცვიდან, რომ მობილიზება უნდა მოვახდინოთ 72 საათში. მე მივიღე 11 სექტემბერს გვიან. ახლა მაქვს 48 საათი, რომ მოვასწრო. წუხელვე უნდოდათ 20 კოვიდპაციენტის შემოყვანა. აქ იყო 8 პაციენტი, ისინი გასაყვანი იყვნენ, პირდაპირ ხომ არ შემოვიყვანდით ინფიცირებულებს. ამ ეტაპზე პაციენტების ნაწილი გაეწერა უკვე და ნაწილი გადაყვანილია სხვა კლინიკებში. თუ კოვიდცენტრად გადავკეთდებით, ახალ წლამდე გაგრძელდება ეს რეჟიმი, როგორც გვითხრეს.

წინა ეტაპზე, როცა აქ კოვიდცენტრი იყო, რა მოლაპარაკებაც გვქონდა ხელფასზე, გადავიხადეთ. პერსონალს ჰქონდა მოლოდინი, რომ მთავრობა მათ უფრო მეტად დააფასებდა, თუმცა სახელმწიფოს ასე ღიად არ უთქვამს, რომ რაიმე სახის დანამატს მისცემდა მათ. მოლაპარაკების დროს დათქმული იყო, რომ ჩვენგან სტანდარტულ ანაზღაურებას მიიღებდნენ და ეს შევასრულეთ.

ჩვენ ყველა ერთად მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და ჩვენი გუნდის განაწყენება არ მინდა. ვცდილობ, მოვაგვარო ეს საკითხი. თუ არ მაცლიან, მაშინ მოვიდნენ და იმუშაონ თვითონ. მე თუ მკითხავ, ეს ხალხი საერთოდ არაა დასაწვენი, უსიმპტომოები არიან და ოჯახის ექიმმა უნდა მართოს.“

ფაქტ-მეტრი ლევან ანთაძეს დაუკავშირდა, რომელიც ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული დირექტორი იყო იმ დროს, როცა კლინიკა კოვიდის მართვის პროცესში პირველად ჩაერთო. მისი თქმით, სახელმწიფომ ახალი კორონავირუსის მართვაში ჩართული ყველა ობიექტისა და მისი პერსონალისთვის სახელფასო დანამატი უნდა გაითვალისწინოს, რადგან ისინი დიდი სტრესისა და რისკის ქვეშ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

ლევან ანთაძე:„გუშინ ღამით იყო საუბარი ამ საკითხზე. მე რამდენადაც ვიცი, ხელფასები, რაც იყო დადგენილი, გაცემულია. აგვისტოში გასცეს ივლისის ხელფასი. აქ ხელფასის მოცულობაზეა საუბარი. ღამე მოსთხოვეს, რომ კოვიდცენტრად გადაკეთდითო. როცა მე ვიყავი, ანაზღაურებას იღებდნენ ისეთს, როგორც ჩვეულებრივ რეჟიმში. მუშაობის ეს რეჟიმი დიდ სტრესთან და რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ არა მხოლოდ „მედალფაში“, არამედ ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს უნდა გაეზარდოს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, რომლებსაც შეხება აქვთ ამ ვირუსთან. ჩვენი წინადადება იყო, რომ სახელმწიფო დანამატი გაკეთებულიყო. სახელმწიფო იხდიდა პაციენტის ფულს, მაგალითად, ჩვენ 55 საწოლი გვაქვს და ერთ საწოლზე იხდიდა დღეში 100 ლარს. ამას ემატებოდა ფაქტიურ ხარჯი და ეს გამოვიდა თვეში 165 000 ლარი. როცა ჩვეულებრივ რეჟიმში გაცილებით მეტი შემოდიოდა კლინიკას. მედპერსონალი საუბრობს იმაზე, რომ ტარიფი გაიზარდოს, მაგრამ ამის გაზრდა შესაძლებელია, მხოლოდ პირდაპირი სახელფასო დანამატით, რომელსაც სახელმწიფო დააწესებს ყველასთვის, რათა არ შეგვექმნას სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. აუცილებელია, ეს გააკეთოს სახელმწიფომ.

ჩემი აზრით, რაც ციხეკარანტინებში თანხა დახარჯეს, ეგ თანხა უნდა მიემართათ მედპერსონალის სახელფასო დანამატად, გაეძლიერებინათ პირველადი ჯანდაცვა, ლაბორატორიები, რომლებშიც კვლევა კეთდება. ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება."

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა „მედალფა“ კოვიდპაციენტების მიღებას დათანხმდა. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, საკითხი ამ ეტაპზე ღიად რჩება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ბათუმის კლინიკებში, „მედალფას“ ჩათვლით, გამოყოფილია ჯამში 264 საწოლი, აქედან 170 - ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, 39 - ინფექციურ საავადმყოფოსა და 55-„მედალფაში“. კლინიკებში 200-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული, თუმცა ინფიცირებულები დღის განმავლობაში უწყვეტად შეჰყავთ. მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადადიან საკარანტინო სივრცეებში, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო. ინფორმაციისთვის, კოვიდი აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელსაც დაუდასტურდა. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. მთავრობის თავმჯდომარესა და აპარატის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი