ანალიზი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა და პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინასგან, საჩუქრად, ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული ხსნარები მიიღეს. ლალი მოროშკინას საჩუქარს კლინიკები სოციალურ ქსელში მადლობით გამოეხმაურნენ. გამოქვეყნებულ სურათებში ლალი მოროშკინა მარინა ეზუგბაიასა და ლევან რატიანთან ერთადაა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა თავისი Facebook-გვერდიდან ლალი მოროშკინასთან დაკავშირებული პოსტი წაშალა.

კლინიკებისთვის სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პარალელურად, ლალი მოროშკინა კორონავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. ბუნებრივია, საზოგადოებისათვის ცნობილ ექიმებთან სურათებში გამოჩენა მოსახლეობის თვალში მას ლეგიტიმაციას მატებს, რაც მის განცხადებებს მეტ წონას ანიჭებს.

ლალი მოროშკინა კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ამბისა და შეთქმულების თეორიის ავტორია. მის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, Facebook-ზე საკმაოდ დიდი გავრცლება აქვს. ლალი მოროშკინა ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც აცხადებს, რომ „ვირუსი არც ისე საშიში აღმოჩნდა“ და რომ „[კორონავირუსი] ფსევდოსენი და სიურრეალისტური პანდემიაა“. დაახლოებით, 30 მილიონი ინფიცირებულის და 900 ათასზე მეტი გარდაცვლილის ფონზე მსგავსი მტკიცება არასწორი და უპასუხისმგებლოა. ლალი მოროშკინას მსგავსი გზავნილები საზოგადოებას არწმუნებს, თითქოს ვირუსი სახიფათო არაა, რამაც შესაძლოა მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების (დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა) შესრულების მოტივაციაც დაუკარგოს.

ახალი კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის ნიველირების გარდა, ლალი მოროშკინა ვაქცინაციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებს. მაგალითად, „ტვ პირველის“ ეთერში ყალბ ვიდეოზე დაყრდნობით, ის ბილ გეითსს პანდემიის გამოყენებით ე.წ. „ღმერთის კოდით“ ადამიანების ვაქცინაციაზე საუბრობდა, რომელიც, მისივე თქმით, პენტაგონში შექმნილი გეგმაა. რეალურად ვიდეოში, რომელზეც ლალი მოროშკინა საუბრობს, ბილ გეითსი არ ფიგურირებს. ვიდეო კორონავირუსის გამოჩენამდე რვა წლით ადრეა პირველად ატვირთული და მასში კორონავირუსი ნახსენები არაა. ის კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, შეთქმულების თეორიების გასამყარებლად, თავიდან გაავრცელეს და ვიდეოში ნახსენები სიტყვა „რინოვირუსი“ „კორონავირუსით“ შეცვალეს. იმაზე, რომ ვიდეო არაავთენტურია და ის პენტაგონიდან „გაჟონილი“ არაა, სხვა კვლევებიდან მოპარული და დაფოტოშოპებული სურათებიც მეტყველებს (დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში: „ბილ გეითსის“ ყალბი ვიდეო „პენტაგონიდან“)

ლალი მოროშკინა დეზინფორმაციას კორონავირუსისა და 5G-ის კავშირის შესახებაც ავრცელებს. ის ამტკიცებს, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით იმ ქვეყნებში გავრცელდა, სადაც 5G არის გავრცელებული, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებშიც ანტენების ინსტალაცია არ მომხდარა, კორონავირუსი სუსტად ვლინდება ან საერთოდ არ ფიქსირდება. მისი მტკიცებით, 5G ქსელების ინსტალირება მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ხოლო თუ მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდება, საქართველოში ნოემბერში მხოლოდ მილიონი ადამიანი დარჩება. მისივე განცხადებით, კარანტინის გამოცხადება 5G ანტენების საინსტალაციოდ დასჭირდათ და მისი დაყენების შემდეგ „ადამიანებს ისეთი თავის ტკივილები და წნევები ჰქონდათ, საავადმყოფოები მიღებას ვერ აუდიოდნენ. „როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ფსიქიკური აშლილობა ხალხში, ყველა მძღოლი როგორ ერთიანად გაგიჟდა? რატომ იქცნენ მამები მკვლელებად და რატომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტები? თითქოს ბინდი ეფარებათ თვალებზე ადამიანებს იმიტომ, რომ უარყოფითი, მძიმე ენერგეტიკა არის მომატებული. ასეთ ცვლილებებს ადამიანებში მაგნიტურ-რეზონანსული სიხშირეები იწვევს“ - აცხადებს მოროშკინა. რეალურად, 5G-სა და კორონავირუსს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. 5G მობილური ქსელები COVID-19-ს არ ავრცელებს. ვირუსები რადიოტალღებისა და მობილური ქსელების მეშვეობით არ მოძრაობს. ხოლო კორონავირუსი მრავალ ისეთ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც 5G მობილური ქსელები არ არის, მაგალითად - იაპონიასა და ირანში. არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-სგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია (დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის“ სტატია: „დეზინფორმაცია 5G-ის კორონავირუსთან კავშირის შესახებ“).

ლალი მოროშკინა კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულ პანდემიას სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად მოწყობილი მედიაპროექტსაც უწოდებს. პანდემიის გამოგონების საჭიროებას ის შემდეგნაირად ხსნის: „ცხადია ვერც ილონ მასკი და ვერც ბილ გეითსი ვერ შეაჩერებდნენ ფრენებს, ახალი სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად, რადგან ნავიგაციური სისტემები ხელს უშლის ცაში სატელიტური ბადეების განთავსებას, რაც გუშინ თვალნათლივ ვიხილეთ“. მისი აზრით, კაცობრიობა გაბითურებულია და ერთი წლის შემდეგ სატელიტების ჯანმრთელობაზე, ლეიკემიისა და სიმსივნეების გამოვლენილ შედეგებზე მსჯელობას შევძლებთ. ამ შემთხვევაში მოროშკინა კორონავირუსს ე.წ. Starlink-ის პროექტს უკავშირებდა, რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს და მორიგ შეთქმულების თეორიას წარმოადგენს (დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას: დეზინფორმაცია Starlink-თან დაკავშირებით: „დედამიწას 5G-ის ჯაჭვი შემოავლეს“).

ერთი მხრივ, ლალი მოროშკინა პანდემიას გამოგონილს უწოდებს, მეორე მხრივ, კი ის ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული ხსნარებით კორონავირუსის პანდემიისა და მისი თანმდევი „ინფოდემიის“ მებრძოლ კლინიკებს ასაჩუქრებს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა წევრმა გაიაზროს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეები, რაც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო ნათელი და ხელშესახები გახადა. დაუშვებელია იმ ადამიანების, ნებსით თუ უნებლიეთ, ლეგიტიმაცია, რომლებიც ყალბი ამბებითა და შეთქმულების თეორიებით საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მთავარი ფოტო: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი