გიგა ბოკერია: დასაქმებულთა რიცხვი 2016-2019 წლებში 45 ათასით, 2020 წლის II კვარტალში კი 33 ათასით შემცირდა. II კვარტალში ეკონომიკის კლებამ -12% შეადგინა.

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით, 2020 წლის II კვარტალში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33 ათასით არის შემცირებული. განცხადების მოცემულ ნაწილში პოლიტიკოსის განცხადება პრაქტიკულად ზუსტია და მხოლოდ დასახელებულ რიცხვებში არის უმნიშვნელო სხვაობა.

მშპ-ს შემცირების ნაწილში კი საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3%-ით შემცირდა, რაც 1.3 მლრდ ლარს შეადგენს. განცხადება ზუსტია მოცემულ ნაწილშიც.

გიგა ბოკერია დამატებით საუბრობს 6 მლრდ-იან დანაკარგზე, რაშიც ეკონომიკის დასაბეგრი ბრუნვის და არა მშპ-ს შემცირებას მოიაზრებს. დასახელებული რიცხვი არითმეტიკულად სწორად არის დაანგარიშებული, თუმცა მრავალ დაშვებასა და საპროგნოზო მონაცემს ეყრდნობა, შედეგად განცხადების მოცემულ ნაწილში „ფაქტ-მეტრ“ მსჯელობაში არ შედის.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიმართა: „2016-დან 2019 წლამდე 45 ათასით შემცირდა ოფიციალურად დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 33 ათასით ნაკლები ადამიანია დღეს დასაქმებული. მეორე კვარტალში ეკონომიკის შემცირებამ -12% შეადგინა. რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის? თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ 300 მლნ დავტოვეთ ეკონომიკაშიო. 6 მილიარდი არის დანაკარგი, 300 მილიონი რანაირად პასუხობს დანაკარგს?“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე 0.5 პროცენტული პუნქტით, 55.9%-მდე შემცირდა. 2020 II კვარტალში 1,684 ათასი პირი იყო დასაქმებული, გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი 33 ათასით არის შემცირებული. II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით აიხსნება, თუმცა უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა პანდემიამდეც იყო. საქართველოში 2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3%-ით შემცირდა, რაც 1.25 მლრდ ლარით ნაკლებია. 2020 წლის II კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 8.9 მლრდ ლარი შეადგინა, 2019 წლის მეორე კვარტალში რეალური მშპ-ს მოცულობა 10.2 მლრდ ლარი იყო.

გიგა ბოკერიამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ეკონომიკისთვის 6 მლრდ-ის დანაკარგზე საუბრისას, საგადასახადო შემოსავლებს მშპ-ს მაჩვენებელთან აფარდებს. მისი განცხადებით: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საბიუჯეტო ინფორმაციის მიხედვით, პანდემიამდე, დაგეგმილი იყო, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2020 წელს იქნებოდა 10.5 მილიარდი ლარი. პანდემიის პირობებში და მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საგადასახადო შემოსავლების დაგეგმილი მაჩვენებელი 1.5 მილიარდი ლარით შემცირდა და 9 მილიარდი ლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ საგადასახადო წნეხით (საგადასახადო შემოსავლები / მშპ, რომელიც დაახლოებით 23-24% იქნება) დავითვლით დასაბეგრ ბაზას, გამოდის, დასაბეგრი ბაზა 42 მილიარდი ლარიდან 36 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც დაახლოებით 6 მილიარდი ლარია“.

აღნიშნული დასაბუთება მისაღებია და გაანგარიშებებიც სწორია, იმ დაშვებების პირობებში, რაც ავტორმა გამოიყენა. თავისთავად დაშვებებიც ვალიდურია და თეორიულ საფუძვლებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში არ მოდის. თუმცა ვინადიან გაანგარიშებაში გამოყენებული კონკრეტული რიცხვები საპროგნოზოა და არა ფაქტი, „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტზე მსჯელობის ნაწილში არ ითვალისწინებს მოცემულ კომპონენტს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი