4 ოქტომბერს “ალტ-ინფომ“ Alpha Dominant-ის სახელით ცნობილი ემრე ქუჩუქის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის არაერთ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს ეხება, „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას“, რომელიც სხვაგვარად ცნობილია, როგორც სტამბოლის კონვენცია.

დეზინფორმაცია: „ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, რომელიც ყველა ტიპის უმცირესობას იცავს და პრივილეგიებს ანიჭებს, ხოლო ქართველს თავისივე ქვეყანაში ზღუდავს“.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. შედეგად, 2014 წლის 2 მაისს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი მიიღო. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა შეხედულებისა თუ ნიშნის მიუხედავად.

რა არის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი და ვის იცავს ის?

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად (მუხლი 1.)

როგორც ზემოთაცაა აღნიშნული, კანონი დისკრიმინაციული მოპყრობისგან იცავს არა საზოგადოების ერთ რომელიმე ჯგუფს, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, განურჩევლად კანონის 1-ელ მუხლში ჩამოთვლილი ნიშნებისა თუ შეხედულებებისა, მათ შორის, განურჩევლად, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილებისა. შესაბამისად, ალტ-ინფოს ვიდეო ბლოგში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს კანონი „ქართველს თავისსავე ქვეყანაში ზღუდავს“, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება უმცირესობებისთვის პრივილეგიების მინიჭებას, როგორც აღვნიშნეთ, კანონის მიზანია არა საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭება, არამედ ნებისმიერი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანები არსებითად უთანასწორო პირობებში არიან, სახელმწიფო განსაკუთრებულ და დროებით ღონისძიებებს ატარებს, რომლებიც ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან მისაღწევად (მაგალითად: გენდერულ, ორსულობისა და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ) არის შემუშავებული. ასეთი ღონისძიებები, კანონის მიხედვით, დისკრიმინაციად არ ითვლება, რამდენადაც განსხვავებული მოპყრობა ფაქტობრივი თანასწორობის წახალისებისკენ ან მიღწევისკენაა მიმართული.

ამრიგად, ემრე ქუჩუქის განცხადება პრივილეგიების მინიჭებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ფაქტებით მანიპულირება: „ბავშვის უფლებათა კოდექსი მივიღეთ, რომელიც მშობელს ზღუდავს თავისივე ოჯახში თავისივე შვილთან მიმართებაში და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს სახელმწიფოს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში ჩაერიოს და რამე თუ არ მოეწონა, შესაბამისი ზომები მიიღოს“.
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

რას გულისხმობს სინამდვილეში „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და რამდენად ზღუდავს მშობელს ბავშვთან მიმართებაში?

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო. მისი მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება და ბავშვისთვის განვითარების საუკეთესო პირობების შექმნის ხელშეწყობა. კოდექსის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის პირობებია შექმნილი.

კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი - კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ „მშობელი შეზღუდულია თავისივე ოჯახში თავისივე შვილთან მიმართებით“, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს, რამდენადაც მშობლის უფლებების სათანადოდ განხორციელება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენაა მიმართული, რომლებსაც თავად მშობელი განსაზღვრავს.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ბავშვის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ყველა ზომას იღებს, მისი ჰარმონიული განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობას ქმნის, რაც შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. განცხადება, რომ სახელმწიფოს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, ჩაერიოს ბავშვის აღზრდის პროცესში, სინამდვილეს არ შეესაბამება, რამდენადაც სახელმწიფო ერევა პროცესში იმდენად, რამდენადაც ამას ბავშვის კანონით გათვალისწინებული უფლებები და საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

„ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით, ემრე ქუჩუქმა სხვა ვიდეოშიც ისაუბრა და იმ შემთხვევაშიც დეზინფორმაციას ავრცელებდა. "ალტ-ინფოს" ვიდეო-ბლოგერი სახელმწიფოს განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფო შვილებს ყურის აწევის გამო წაგვართმევს“.

კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორების აუცილებლობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ბავშვის მშობლებთან დატოვება, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

დეზინფორმაცია: „სტამბოლის კონვენციას“ შევუერთდით, რომელიც მამაკაცის მასკულინურობას, მამაკაცურობას ზღუდავს, რის შედეგადაც, დაუცველი ხდება როგორც თითოეული ოჯახი, ისე მთლიანად ქვეყანა.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტამბოლის კონვენცია“ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სფეროში ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული, ხოლო საქართველოში ის 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
კონვენციის მიზანია, დაიცვას ქალები ყველა ფორმის ძალადობისგან, აღმოფხვრას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას და ა.შ. ამ მიზნების მისაღწევად, კონვენცია ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს, მიიღონ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა, რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალების უფლება, იცხოვრონ ძალადობის გარეშე როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.

აქედან გამომდინარე, კონვენციას „მამაკაცის მამაკაცურობის და მასკულინურობის შეზღუდვასთან“ საერთო არაფერი აქვს, როგორც ამას ემრე ქუჩუქი აცხადებს, თუ მამაკაცურობაში არ ვგულისხმობთ ოჯახში ცოლსა და ბავშვზე ძალადობის უფლებას. შესაბამისად, ემრე ქუჩუქის განცხადება არის ტყუილი.





თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი