რეზიუმე: სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი, რომელიც კოდექსიდან 2007 წლის აპრილში იქნა ამოღებული, განსაზღვრავდა, ამავე თავით გათვალისწინებული რომელი მუხლები ითვლებოდა სახელმწიფოს ღალატად. კერძოდ, ცალკე 307-ე მუხლი არ აწესებდა სისხლისსამართლებრივ სასჯელს და მხოლოდ ჩამოთვლიდა, სახელმწიფოს ღალატად თუ რომელი დანაშაული მიიჩნეოდა. შესაბამისად, კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებით მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა, იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია.

ანალიზი

7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებისთვის. კერძოდ, პროკურატურა დაკავებულებს, მათი სადელიმიტაციო კომისიაში მუშაობის დროს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთების არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმებას ედავება.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2020 წლის 17 აგვისტოს მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო. საქმის თანახმად, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით, საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ბრალდებას არ აღიარებენ, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი მათ მხარდაჭერას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება შეწყვიტოს. ამის პარალელურად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, პოლიტიზებულ განცხადებებს აკეთებენ და საქმეს წინა ხელისუფლებასთან აკავშირებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი სწორედ იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. „კომისიის შეთანხმებების ეს ეტაპი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში მიდის საუბარი, მიდიოდა 2006-2007 წლებში... ერთ-ერთი მორიგი შეთანხმებიდან, როდესაც 300 ჰა-ზე მეტი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, დაახლოებით ერთ თვეში, 2007 წლის მარტში თუ აპრილში, პარლამენტმა გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. დავარქვათ თუნდაც დამთხვევა, თუ ვინმე ამას დაიჯერებს, რომ დამთხვევაა“-, აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი შინაარსის განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც გააკეთა. „ჩვენ ხომ ისიც კარგად ვიცით, რომ არა პოლიტიკური ნება 307-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის, არ იქნებოდა ამოღებული, რომ არა პოლიტიკური ნება და რომ არა ამ საკითხების ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთან შეთანხმება, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან, რაც ბატონმა ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ მასთან თანხმდებოდა“-, განაცხადა მან.

რას ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი რატომ გაუქმდა ის?

სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება. ამ თავის 307-ე მუხლი, რომელიც კოდექსიდან 2007 წლის აპრილში იქნა ამოღებული, განსაზღვრავდა, ამავე თავით გათვალისწინებული რომელი მუხლები ითვლებოდა სახელმწიფო ღალატად. კერძოდ, ცალკე 307-ე მუხლი არ აწესებდა სისხლისსამართლებრივ სასჯელს და მხოლოდ ჩამოთვლიდა, თუ რომელი დანაშაული მიიჩნეოდა სახელმწიფოს ღალატად.

მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი

„სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ. 318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა“.

შესაბამისად, კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებით მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია.

აღნიშნულ თემას იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და განმარტა, თუ როგორ მოხდა სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღება. მისი განცხადებით, მუხლის გაუქმების თხოვნა საპატრიარქოდან მოდიოდა. „სამშობლოს ღალატის ყოფილი მუხლი, 307-ე იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა, რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად, ანუ მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა.

რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი სამშობლოს ღალატი, გეტყვით მარტივად - ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოს. ესე გვთხოვეს, რომ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნება ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო.

ამის გარდა, ამ ბლანკეტური ნორმის საჭიროება არ იყო, ამას ანგარიში გაეწია და მოხდა ეს ცვლილება. ნორმები, შემადგენლობები, რომლებიც მითითებული იყო დარჩა ყველა“, - განმარტა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ფაქტებით მანიპულირებაა, რამდენადაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კოდექსიდან ამოღებული 307-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები გაუქმდა და დანაშაულები, რომლებიც 2007 წლამდე სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა, აღარ ისჯება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი