კახა კალაძე: წარმატებულ რეფორმებზე საუბრისას, რომელიც დავით სერგეენკოს სახელს უკავშირდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით კახა კალაძის განცხადება არის მცდარი.

29 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს მოსახლეობისთვის წარდგენაზე თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა: „აღარ დავიწყებ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს და იმ პროექტების ჩამოთვლას, რომლებიც დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა და ამისთვის მხოლოდ ერთი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება“.

„ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის პერიოდში, ყველაზე ხშირად „წარმატებულ რეფორმად“ და „მიღწევად“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ასახელებენ. „ფაქტ-მეტრი“ სტატიაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას და გამოწვევებს მიმოიხილავს.

2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებით, ჯანდაცვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის საყოველთაო მოცვით ჩანაცვლდა. შეიცვალა დაფინანსების წესიც - კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დამყარებული დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გადახდის წესით ფინანსდება.

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების წესის ცვლილება თავიდანვე უარყოფითად შეფასდა. ეს ერთი მხრივ, ჯანმრთელობის კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარებას შეაფერხებდა, რადგან ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის უდიდესი წილი სწორედ სახელმწიფო დაზღვევაზე მოდიოდა. მეორე მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ პირდაპირი მოტივაცია, რომ ხარჯების მონიტორინგი ეფექტიანად განახორციელონ. ერთი შემსყიდველის პრინიცპზე გადასვლით კი დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. მსგავსი პრაქტიკა კი ხარჯების მართვის ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება. გასული წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ხარჯების შეკავება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი გამოწვევაა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმოხილვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და მოსახლეობის იმ ნაწილზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით (სახელმწიფო ან კერძო დაზღვევით) არ სარგებლობდა. პირველ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მინიმალური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ითვალისწინებდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო - პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების სპექტრი გაფართოვდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში, ანაზღაურებდა:

• გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას 70%-ით, ხოლო ოჯახის ექიმის მომსახურებას და ბაზისურ ლაბორატორიულ ანალიზებს – 100%-ით;

• გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას 100%-ით;

• გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებს და მასთან დაკავშირებულ გამოკვლევებს 70%-ით; (გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში ფინანსდებოდა არა კლინიკაში არსებული ფასის 70%, არამედ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფის 70%);

• ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას 80%-ით;

• მშობიარობას (500 ლარის ფარგლებში) და საკეისრო კვეთას (800 ლარის ფარგლებში).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფები სარგებლობდნენ. საქართველოს მთავრობის 2009 წლის N 218 დადგენილების ფარგლებში, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე და სახალხო არტისტებზე ვრცელდებოდა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის N 165 დადგენილების ფარგლებში კი, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა გავრცელდა: 0-5 ასაკის ბავშვებზე, ასაკით პენსიონერებზე, სტუდენტებზე, შშმ ბავშვებზე და მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებზე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კრიზისი და ცვლილებები

2017 წელს პროგრამის გადაჭარბებული ხარჯებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა პროგრამის გადახედვა. ჯანდაცვის სამინისტრომ, 2017 წლის თებერვალში, საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები განაახლა და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშნენ. 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე საყოველთაო ჯანდაცვა არ ვრცელდებოდა. თუმცა, მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა პროგრამაში ჩართვის შემდეგ, დამატებით ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის პაკეტები შეიძინა, იმ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავს.

პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, სახელმწიფომ საყოველთაობის პრინციპი მიზნობრივ მიდგომით ჩაანაცვლა. 2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდი ხარჯების შეკავება მაინც ვერ მოხერხდა. მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ სარგებლობენ.

• საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ არ აღემატება წელიწადში 40 000 ლარს, სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული პაკეტით.

• დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები (ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები), თვითდასაქმებულები, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედით შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ;

კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება.

• 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს: შეუნარჩუნდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი; ამასთან, არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება;

• სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ; ამასთან, მათ აქვთ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს, მათ შორის, მაღალშემოსავლიან მოქალაქეებსაც, მშობიარობა/საკეისრო კვეთა უფინანსდება.

520-ე დადგენილება

2019 წელს მმართველმა გუნდმა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების შეკავება 21 ნოემბრის მთავრობის 520-ე დადგენილებით სცადა. აღნიშნული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა: კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია და რეანიმაციული მომსახურეობა, კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

ვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფების შემცირება/გათანაბრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დროებით შეკავების მექანიზმი იყო. თუმცა ის საფრთხეს უქმნის დარგის - მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარებას. ამასთან, აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების შემცირებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან მაღალი იყო ალბათობა, რომ კლინიკები გაზრდიდნენ იმ მომსახურების ფასებს, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ფარავდა (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები რიგ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლები იყო და დადგენილი ტარიფების გადახედვას მოითხოვდნენ.

როგორც კლინიკების წარმომადგენლები მიმდინარე წლის თებერვალში აცხადებდნენ, 520-ე დადგენილებამ დიდი ზიანი მიაყენეს, კერძოდ „სერვისებს 30-40%-ით მოაკლდა სახელმწიფო დაფინანსება, რაც აისახა კლინიკების შემოსავლებზე და შედეგად, ძალიან ბევრმა კლინიკამ შეამცირა მედპერსონალი ან ჯერჯერობით არ შეამცირა და ხელფასები მოაკლო 15%-იდან 38%-მდე“.

კლინიკებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას 520-ე დადგენილების გადახედვის მოთხოვნით (იხილეთ ბმული 1, ბმული 2), თუმცა დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები ძალაში დარჩა.

მედიკამენტების კომპონენტი

მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო საშუალებების დაფინანსებას არ ითვალისწინებდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას გულისხმობს და კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზეა გათვლილი (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მიმდინარე წლიდან „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი გახდა, თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებაა. საყოველთაო ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი.

საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი გამოწვევა პროგრამის ხარჯების მართვაა. გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავებას ვერ ახერხებს. პროგრამის გეგმიური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ის ყოველ წელს დეფიციტურია.

გასული წლების მსგავსად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა 2020 წელსაც არასაკმარისი აღმოჩნდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 757 მლნ ლარით განისაზღვრა, 9 თვეში გაწეულმა ხარჯმა 744 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური დაფინანსება 802 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს ზრდაც არ იქნება საკმარისი. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი, სავარაუდოდ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების ზრდაზე გარკეულწილად პანდემიას აქვს გავლენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამებს დაემატა ქვეპროგრამა„ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის მართვა“, რომლისთვისაც 239 მლნ ლარია გამოყოფილი.

გრაფიკი 1: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი და რეალური ხარჯები, 2013-2020 წლებში

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები

მოსახლეობის დანახარჯები

ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანობის შესაფასებლად ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მოსახლეობის დანახარჯების დინამიკის განხილვაა. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა, თუმცა სახელმწიფო დანახარჯების ზრდის ხარჯზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები არ შემცირებულა.

ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 52%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 73.4%, 2013 წელს კი 69.1% იყო. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა. თუმცა აღნიშნული მონაცემის ცვლილება მოსახლეობის დანახარჯების შემცირებით კი არ იყო განპირობებული, არამედ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების გაზრდით. ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებმა 2012 წელს ნომინალში 1.609 მლრდ ლარი, 2013 წელს 1.557 მლრდ ლარი შეადგინა, 2018 წელს კი ჯიბიდან გადახდები 1.512 მლრდ ლარს შეადგენდა.

ამასთან, UNICEF-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, თუმცა მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად, მედიკამენტებზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები საშუალოდ 16.4%-ით გაიზარდა. 2015 წელს კი 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 31%-ით იყო გაზრდილი.

გრაფიკი 2: ჯიბიდან გადახდების წილი (OOP) ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯებიდან

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშები

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი