2020 წლის 14 ოქტომბერს, ვებგვერდზე „24news.com.ge” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: “ბიძინა ჩვენს ვალებს დაფარავს” – ძალიან მაგარი ინფორმაცია რომელიც ახლახანს გავრცელდა“.

აღნიშნული სტატია, მოგვიანებით, სხვადასხვა Facebook-ჯგუფში გავრცელდა, მათ შორის: „საქართველოსთვის“, „ყველაფერი ერთ სივრცეში“, „ეს საინტერესოა“.

ვებგვერდზე გადასვლისას, საკითხის შესახებ დამატებით დეტალებს ვეცნობით:

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნებას მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ვალის ჩამოწერას გულისხმობს. ჯამურად ეს თანხმა 1.5-მილიონ ლარს შეადგენს“.

„მთავარი არხის“ მიერ „ქართული ოცნების“ კანონპროექტთა პაკეტის შესახებ სიუჟეტი მართლაც მომზადდა, თუმცა ეს ინფორმაცია პირველად არა გასულ დღეებში, როგორც ამას 24news.com.ge ამტკიცებს, არამედ, დაახლოებით, ორი თვის წინ გავრცელდა. არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ცნობით, უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებული აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი, 2020 წლის 20 ივლისამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების მიერ ზედმეტობით მიღებული სახელმწიფო პენსიის, საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტისა და კომპენსაციის გაცემული თანხების პატიებას ეხებოდა. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო მოქალაქეებს ათავისუფლებს ვალდებულებისგან დააბრუნონ მათ მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე ბიუჯეტიდან მიღებული თანხები.

ამგვარად, ქლიქბეით ვებგვერდზე განთავსებული სტატიის სათაური მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს მოქალაქეების ვალების დაფარვას ბიძინა ივანიშვილი აპირებს. სინამდვილეში, საუბარია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის იმ ფინანსური ვალდებულებების პატიებაზე (დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარი), რომლებიც მათ ბიუჯეტიდან ზედმეტობით მიიღეს.

სენსაციური და ყვითელი სათაური მიუთითებს, რომ ვებგვერდი ე.წ. ქლიქბეითს წარმოადგენს (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ კონტენტს ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს). საგულისხმოა, რომ გასულ დღეებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ქლიქბეით ვებგვერდების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა.

ამასთან, ინფორმაცია მანიპულაციურად სოციალურ ქსელში პირველად 17 სექტემბერს ქლიქბეით ვებგვერდ 1SPORT.GE-ის ბმულით გავრცელდა და ის სექტემბრის თვის განმავლობაში Facebook-ზე მსგავსი ტიპის სხვადასხვა ვებგვერდის (footballs.ge, ok.siaxle.xyz, wwww.ge) ბმულის მეშვეობით ვრცელდებოდა.

იხ. Facebook-ზე ყალბი ამბის გამავრცელებელი წყაროების სია

Whois.DomainTools-ის თანახმად, ვებგვერდი 24news.com.ge შექმნილია 2020 წლის 14 მაისს.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი