ირაკლი კობახიძე: „რასაც ისინი აპროტესტებდნენ იყო სრული ასე ვთქვათ ფარსი, რეალურად მათ არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი იმ მონაცემების გაპროტესტებისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საარჩევნო პროცესში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზეა საუბარი. ასევე გამოიკვეთა სხვაობა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებსა და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლით მიღებულ შედეგებს შორის, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

2020 წლის 4 ნოემბერს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რასაც ისინი (ოპოზიცია) აპროტესტებდნენ იყო სრული, ასე ვთქვათ ფარსი, რეალურად მათ არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი იმ მონაცემების გაპროტესტებისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.“

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მისამართით გააკეთა და დასძინა, რომ გადათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს დაემთხვა.

საჭიროა აღინიშნოს, რომ არსებული მონაცემებით, გადათვლის შედეგად მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე მოხდა ცვლილებები. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში, შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში ვეღარ იმარჯვებს და ინიშნება მეორე ტური. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ცესკო-ს წინასწარი მონაცემები და გადათვლის შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძის მტკიცების მიუხედავად, მონაცემების გაპროტესტებისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს:

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები პირველ ნოემბერს გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით გამოიკვეთა არსებული სხვაობა, პარალელური დათვლით მიღებულ შედეგებსა და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულს შორის. მაგალითად, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.15% მიიღო, ხოლო „სამართლიანი არჩევნების“ მიხედვით 45.8%. ამასთანავე, ორგანიზაცია ასკვნის, რომ: „შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს“. მსგავსი დარღვევა არსებული უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ხოლო გარკვეულ უბნებზე, ეს დისბალანსი ერთეულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ მსგავსი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა და მას შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა მოეხდინა. ეს კი საარჩევნო პროცესისადმი ნდობას საფრთხეს უქმნის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლა და მონიტორინგი შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შერჩევა წარმომადგენლობითია, ის ყველა საარჩევნო უბანს ვერ ფარავს, შესაბამისად სავარაუდოა, რომ არსებობდა სხვა სახის და რაოდენობრივად მეტი დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 1995 წლიდან არსებობს და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე მონიტორინგს აწარმოებს. პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგია კი ორგანიზაციის მიერ აქტიურად გამოიყენება. პარალელური დათლის მეთოდოლოგია შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლის განთავსებას ითვალისწინებს, ხოლო მათგან მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით დარღვევების აღმოჩენა, არჩევნების შეფასება და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმება ხდება. 2003 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები სწორედ ამ მეთოდით შემოწმდა, რომლის დროსაც “სამართლიანი არჩევნების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამარ ჟვანია (ამჟამინდელი ცესკო-ს თავმჯდომარე) გახლდათ. თამარ ჟვანია მაშინ ამ მეთოდოლოგიის სიზუსტეში დარწმუნებული იყო.

საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ორგანიზაციამ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. წარდგენილი საჩივრებიდან „საია“ 117 უბანთან მიმართებით, შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას ითხოვს. ამასთან, 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და იმ უბნების ხელახალი დათვლა მოითხოვეს, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნეოდა. მათივე შეფასებით, „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საარჩევნო პროცესის დროს, მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა. ამავდროულად, არსებობს საგულისხმო სხვაობა პარალელურ დათვლასა და ცესკოს გამოქვეყნებულ შედეგებს შორის, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება მცდარია - ოპოზიციის მიერ საარჩევნო შედეგების გაპროტესტება საფუძველს მოკლებული არაა. უფრო ვრცლად, პროტესტის მიზეზების შესახებ, იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი