რეზიუმე: 8 ნოემბერს კახა საბანაძემ განცხადებაში ყურადღება გაამახვილა, რომ სამართალდამცავებს ცრემლმდენი გაზი არ გამოუყენებიათ, თუმცა „წიწაკის სპრეის“ გამოყენებაზე არაფერი უთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება მხოლოდ 9 ნოემბრის ბრიფინგზე გააკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ აქციის დაშლისას გამოყენებულმა ნივთიერებამ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე, მნიშვნელოვანი იყო პოლიციის მხრიდან გამოყენებული საშუალებების შესახებ საზოგადოების დროული და ზუსტი ინფორმირება.

ანალიზი:

2020 წლის 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე რიგგარეშე არჩევნების, „პოლიტპატიმართა“ გათავისუფლებისა და თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის 8 ნოემბრის საღამოს 8 საათამდე მისცეს ვადა. მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მსვლელობით ცესკოსთან გადაენაცვლათ და შენობის პიკეტირება მოეხდინათ.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. შეკრებილთა გარკვეული ჯგუფი შსს-ს მიერ აღმართულ რკინის ჯებირზე ქვების და სხვა ნივთების ბრახუნით გამოხატავდა პროტესტს. აღნიშნულის საპასუხოდ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სამართალდამცავებმა, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით, შსს-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გაუფრთხილებლად გამოყენება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ძალის გამოყენება საფუძველს მოკლებული და არამართლზომიერი იყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის ჭავლთან ერთად, აქციის დაშლისას ცრემლმდენი გაზიც იყო გამოყენებული, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია. მინისტრის მოადგილის განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მათ წინააღმდეგ, წყლის ჭავლთან ერთად, გამოყენებული იყო გარკვეული ნივთიერება, რომელმაც თვალების და სასუნთქი გზების გაღიზიანება გამოიწვია.

2020 წლის 9 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა საბანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქციის დაშლისას ცრემლმდენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა. მისივე თქმით, იმ დანაყოფის შემადგენლობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება „წიწაკის სპრეი“, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. განსხვავება დიდია, ეს არ არის ცრემლსადენი გაზი“.

8 ნოემბერს კახა საბანაძემ განცხადებაში, ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ სამართალდამცავებს ცრემლმდენი გაზი არ გამოუყენებიათ, თუმცა „წიწაკის სპრეის“ გამოყენებაზე არაფერი უთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან განცხადება, მხოლოდ 9 ნოემბრის ბრიფინგზე გააკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ აქციის დაშლისას გამოყენებულმა ნივთიერებამ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე, პოლიციის მხრიდან გამოყენებული საშუალებების შესახებ საზოგადოებისთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესი იყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა საბანაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

8 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია იხილეთ აქ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი