ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში, ახალი კორონავირუსი ისევ მძვინვარებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იმედისმომცემია. თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ნიშნულზე რჩება. უკვე არაერთი მედიკოსიც აღნიშნავს, რომ ქართულმა სამედიცინო სისტემამ გამოწვევას ვერ გაუძლო და პანდემიას ძნელად უმკლავდება. მიუხედავად სამედიცინო პერსონალის ძალისხმევისა, მძიმე პაციენტების მართვა გართულებულია.

არჩევნებამდე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც უკვე უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა („ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მანდატზე უარს იტყვის და მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დარჩება) თორნიკე რიჟვაძე, ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოების წინაშე აცხადებდა, რომ მთავრობამ სიტუაციის დასტაბილურება შეძლო და ყველა პაციენტს, რომლებსაც ძირითადი სამედიცინო სერვისები სჭირდებათ, მათზე ხელი მიუწვდება.

არჩევნების შემდეგ კი რეგიონის მთავრობა უფრო ხალხმრავალი შეკრებების ფაქტორიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც, სავარაუდოდ, კოვიდსიტუაციის გართულებას გამოიწვევს. ჯანდაცვის სისტემა ცდილობს, სიტუაციას გაუმკლავდეს. თუმცა გარდაცვალების შემთხვევები იმდენად მაღალია, რომ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ელექტრონული ტენდერით შეძენილი 150 ერთეული გვამის ჩანთა უკვე ამოწურა და 300 ერთეულ გვამის ტომარას ყიდულობს, რისთვისაც 9 000 ლარს გადაიხდის.

შესაბამის დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ შესყიდვა გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე წერია, რომ COVID -19 ინფექციით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი გაიზარდა, რისთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდა NAT200008580 ელექტრონული ტენდერით შესყიდული რაოდენობა და ხელახალი შესყიდვის საჭიროება დადგა.

იქვე განმარტებულია, რომ ვითარება წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული და აღნიშნული შესყიდვის გარეშე, შეუძლებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც კოვიდვირუსით გარდაცვლილი პირის დაკრძალვას ეხება.

სიტუაცია მართლაც იმდენად გამწვავებულია, რომ ძველებური თავდაჯერებულობა აღარ ეტყობა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მთავარი ეპიდემიოლოგების განცხადებებსაც. დღეს უკვე ექსპერტებისა და ექიმების ნაწილი ღიად საუბრობს, რომ ე. წ. პანდემიის შეკავების პერიოდი ხელისუფლებამ ეფექტურად ვერ გამოიყენა და ვირუსის ახალი შემოტევისთვის სათანადოდ ვერ ან არ მოემზადა. ამაზე კოვიდინფიცირებულთა თუ მათი ოჯახის წევრების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ამბებიც მეტყველებს. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, როგორ ცდილობს თავად სამედიცინო პერსონალი მძიმე პაციენტის კლინიკაში მოთავსებას, თუმცა ვერ ახერხებს, რადგან ადგილები შეზღუდულია.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 24 საათში ერთხელ ავრცელებს ინფორმაციას რეგიონში ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. თუმცა ერთ კვირაზე მეტია, რაც უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისეთი დეტალური აღარ არის, როგორიც ადრე იყო. კოვიდსიტუაციაზე კომენტარები სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღარ გაუკეთებიათ. „ფაქტ-მეტრმა“ უწყებას რამდენიმე კითხვით მიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

„აჭარაში კოვიდდადებითი პაციენტების მკურნალობა თორმეტ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.

გასულ კვირას აღნიშნულ პროცესში ჩაერთო ბათუმის რეფერალური საავადმყოფო და მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი. კლინიკები ე.წ. ჰიბრიდული პრინციპით მუშაობენ და მომსახურებას სხვა საჭიროების მქონე პაციენტებსაც გაუწევენ. ამავე მეთოდით, ბათუმში კიდევ ოთხი სამედიცინო დაწესებულება საქმიანობს, სადაც ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხო ტრიაჟისთვის დამოუკიდებელი შესასვლელებია მოწყობილი. ეს დაწესებულებებია: მედცენტრი, ბათუმის სამედიცნო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მედინა.

სრულად კოვიდდადებით პაციენტებს ემსახურება: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამშობიარო სახლი, მედალფა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, ქობულეთის რეგიონული ცენტრი, ბომონდი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში ყველაზე დიდი კოვიდმიმღები ცენტრია. კლინიკამ ივლისის თვეში დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და დღემდე 4100-ზე მეტი პირი გაატარა. აქ ყოველდღიურად 230-მდე პაციენტს მკურნალობენ.

ე.წ. მეორე ტალღის საწყის ეტაპზე კოვიდდადებითი პაციენტებისათვის რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფუნქციონირებდა და შედარებით რთული პაციენტების გადამისამართება სწორედ ამ კლინიკაში ხდებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ მიმართულებით ყველაზე მეტი საწოლია გამოყოფილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეებში რეანიმაციული სერვისების მიწოდება ინფიცირებულ პაციენტებზე თითქმის ყველა კლინიკამ დაიწყო. ასევე პერიოდულად იზრდება თერაპიული საწოლების რაოდენობა.

ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი - ეს გახლავთ სამედიცინო დაწესებულება და ამ მიმართულებით ჩართულია კლინიკები, ჯამში, 900-მდე საწოლით, ასევე მობილიზებულია ე.წ. შვიდი კოვიდსასტუმრო (დაახლოებით 2000 - ზე მეტი ნომრით) სამედიცინო პერსონალით. აგრეთვე შეიქმნა ოჯახში მკურნალობის პროტოკოლი, რომლის ფარგლებში, ონლაინ კლინიკის მეშვეობით, ბინაზე პაციენტებს მართავს ექვსი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადამზადებული 100-მდე ოჯახის ექიმი. აქედან გამომდინარე, პაციენტებს მომსახურება მიეწოდებათ რამდნიმე მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამის გარდა, სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები კორონავირუსის მართვის პროცესში ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს იყვნენ ჩართული, როგორც სტაციონარებში, ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ლაბორატორიულ კვლევით ცენტრებში. მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ამ კუთხით და დღეს ისინი აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის მართვისა და მკურნალობის პროცესში, საუბარია ჯამში 60-ზე მეტ სტუდენტზე.ვფიქრობთ, სისტემა ე.წ. მეორე ტალღას საკმაოდ მომზადებული დახვდა. ჩვენ შუალედური პერიოდი გამოვიყენეთ საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად. შევისყიდეთ პერსონალის დამცავი საშუალებები. მოეწყო ყველაზე დიდი კოვიდმიმღები ცენტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს სახით. გამოიყო კოვიდსასტუმროები, სადაც პაციენტებს სამედიცინო პერსონალი მართავს, ასევე გადამზადდნენ ოჯახის ექიმები და ბინაზე დაიწყეს პაციენტების მართვა.

რეგიონში არაერთი დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო სერვისების მიწოდება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. არ შეწყვეტილა არცერთი ამბულატორიული გადაუდებელი სერვისი მიწოდება. მოქმედებს ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აქამდე არსებობდა. ამ კუთხით შეზღუდვები არ დაწესებულა“.

სამინისტროს პასუხი მიუთითებს, რომ პანდემიის მართვაში სისტემური პრობლემა არ არსებობს. თუმცა თავად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ წესებს არ დავიცავთ და ინფიცირების რიცხვი გაიზრდება, სისტემა ვერ გაუძლებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, საწოლფონდის 8 000-მდე გაზრდას გეგმავს და მთავარია, ჩვენს საწოლფონდსა და რეანიმაციულ განყოფილებებს გავუფრთხილდეთ. მისივე თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდპაციენტების ნაწილში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. იგულისხმება, რომ მათი კლინიკაში მკურნალობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. საუბარია როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე სამედიცინო პერსონალის რესურსის რაციონალურ გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მეორე ნახევრიდან აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კრიტიკულია. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა, ხოლო აჭარაში - 600-ზე მეტი. მთლიანობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ინფიცირების 79 678 შემთხვევა დაფიქსირდა, 62 061 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება აჭარას, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 250-ზე მეტია, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 200-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის, მძიმე და თანმდევი დაავადებების მქონე პირებიც.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი