ნათია თურნავა: სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით - 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება

ვერდიქტი:ფაქტ-მეტრისდასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობა ეკონომიკურ კლებას განიცდის. მათ შორის, გამონაკლისი არც საქართველოა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს რეალური ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. IMF-ის მიერ განსაზღვრული რეგიონი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, კიდევ 7 ქვეყანას - აზერბაიჯანი, თურქმენეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი - აერთიანებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4.3%-მდე შეამცირა, თუმცა, აღნიშნული რეგიონის წევრებსა და ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს შორის, საქართველო მართლაც ლიდერ პოზიციას იკავებს. კერძოდ, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021-2025 წლებში 5.4%-ს შეადგენს, რაც სიდიდით მესამე ზრდას წარმოადგენს ყირგიზეთისა (6.4%) და უზბეკეთის (5.5%) შემდეგ.

შედარება რელევანტურია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემთხვევაში (სადაც საქართველო ლიდერობას ინარჩუნებს), თუმცა განვითარებულ ქვეყნებთან საქართველოს მონაცემის შედარებისას გასათვალისწინებელია საბაზო ეფექტი. კერძოდ, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტულ სხვაობას იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. შედეგად იქმნება მცდარი წარმოდგენა, რომ ეკონომიკური დინამიკა და კონიუქტურა ამ პერიოდში საქართველოში უკეთესი იქნება, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამავდროულად 5%-ის მიდამოებში ზრდის მაღალ ზრდად მოხსენიება თავისთავად სადაო შეფასებაა. განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არსებული პროგნოზის ფარგლებში ზრდა, ვერ შეფასდება როგორც მაღალი.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა:სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით - 5,3 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი უახლოეს წლებში, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი იქნება“.

ქვეყნის კეთილდღეობის აღმნიშვნელი საერთაშორისოდ მიღებული ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ). მშპ არის წლის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულება. ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობა ეკონომიკურ კლებას განიცდის. მათ შორის, გამონაკლისი არც საქართველოა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს რეალური ეკონომიკა 5% -ით [1] შემცირდება.

IMF-ის მიერ განსაზღვრული რეგიონი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, კიდევ 7 ქვეყანას - აზერბაიჯანი, თურქმენეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი - აერთიანებს. საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4.3%-მდე შეამცირა. თუმცა, აღნიშნული რეგიონის და ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს შორის, საქართველო მართლაც ლიდერ პოზიციას იკავებს. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, 2021-2025 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.4%-ს შეადგენს, რითაც ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს, ყირგიზეთისა და უზბეკეთის შემდეგ. ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული ზრდა, 5.3% შეესაბამება 2021-2023 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, რითაც საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ალბანეთის შემდეგ. სურათი მსგავსია ცალკე აღებული თითოეული წლის შემთხვევაში 2021-2025 წლებში, ხოლო 2023 და 2024 წლის მონაცემებით საქართველო, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილს იკავებ რეგიონსა და ევროპაში.

ეკონომიკის მინისტრის განცხადება ზუსტია, მათ შორის მეზობელი ქვეყნების შემთხვევაშიც, სადაც საქართველო უპირობო ლიდერად გვევლინება. კერძოდ, 2020-2021 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში შეადგენს 3.6%-ს, სომხეთში 3%-ს, თურქეთში 2.4%-ს, რუსეთში 1.2%-ს, ხოლო აზერბაიჯანში 0.8%-ს.

ცხრილი 1: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში 2020-2025 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა ბაზა, 2020 წლის ოქტომბერი

იმის მიუხედავად რომ ეკონომიკის მინისტრის განცხადება რელევანტურია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შესადარებლად, განვითარებულ ქვეყნებთან საქართველოს მონაცემის შედარებისას გასათვალისწინებელია საბაზო ეფექტი. კერძოდ, შედარებით მცირე მაჩვენებლის ცვლილება უფრო დიდ პროცენტულ სხვაობას იძლევა, ვიდრე დიდი მაჩვენებლების ცვლილება. მაგალითად, თუ A მოქალაქეს შემოსავალი 2020 წელს შეადგენდა 100 ლარს და 2021 წელს აღნიშნული შემოსავალი გაეზარდა 190 ლარამდე, ხოლო B მოქალაქეს შემოსავალი იყო 1 000 ლარი და გაეზარდა 1 800 ლარამდე, პროცენტულად A მოქალაქის შემოსავალი გაიზარდა 90%-ით, ხოლო B მოქალაქის შემოსავალი 80%-ით. კითხვაზე, თუ რომელი მათგანის წელი იყო შედარებით წარმატებული, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან A-ს ფინანსური რესურსი პროცენტულად უფრო სწრაფად გაიზარდა, მაგრამ B-ს ბიუჯეტი ბევრად უფრო მეტი თანხით შეივსო. მსგავსი ვითარებაა ქვეყნებს შორისაც, მდიდარ ქვეყნებში ეკონომიკის თუნდაც დაბალი პროცენტული ზრდაც კი, თანხობრივად ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასევე, ე.წ კლებადი ზღვრული უკუგების ეფექტის გათვალისწინებით, გამოუყენებელი ეკონომიკური რესურსების/პოტენციალის გამო, განვითარებად ქვეყნებს ზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვთ და მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები როგორც წესი, შედარებით მაღალია. შესაბამისად, ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის სხვა ქვეყნებთან მიმართებით შეფასებისთვის, მიზანშეწონილია, შედარება მეტ-ნაკლებად მსგავსი მახასიათებლების მქონე ქვეყნების ჯგუფთან განხორციელდეს.

[1] რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, სადაც გამორიცხულია ფასების ზრდის გავლენა ეკონომიკურ ზრდაში

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი