კოვიდით გამოწვეულმა კრიზისმა, ბიზნესის გარდა, მოქალაქეებიც საგრძნობლად დააზარალა. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა მოცულობის ხარჯი გასწია აჭარის ა/რ მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან პანდემიით გამოწვეული ზარალის/ზიანის შესამცირებლად და ინფორმაცია რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. თუმცა ადრესატმა ჩsვენი წერილი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განგვიმარტა, მათ აღნიშნული მიზნით საკუთარი ბიუჯეტიდან თანხა არ დაუხარჯავთ.

რეგიონის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან კი მოგვწერეს, რომ ახალი კორონავირუსით (COVID - 19) დაინფიცირებისაგან რისკჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია პროგრამა ,,ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება, რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა“. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა და დღეის მდგომარეობით, 122 სამედიცინო პერსონალზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შეადგენს - 264 745 ლარს,ხოლო რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯის მოცულობა, მოცემული პერიოდისთვის, ჯამში 3 183 721 ლარია.

ცხრილი 1. კოვიდპანდემიის პერიოდში რისკჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯი, კომპანიების მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამ კომპანიებისგან სამინისტრომ სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული შესყიდვები გამარტივებული წესით განხორციელდა. რაც შეეხება კონტრაქტორ კომპანიებს, „ფაქტ-მეტრმა“ მოიკვლია, რომ „კპი ქირურგია“, „კპი ჯორჯია“ და „კპი ჯგუფი“ - სამივე ილია გიორგობიანსა და ანდრო ძნელაძესთან დაკავშირებული კომპანიაა.აღსანიშნავია, რომ ანდრო ძნელაძე და ავთანდილ იმედაძე, რომელიც აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი იყო, პარტნიორები არიან შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“. შეგახსენებთ, რომ საუნივერსიტეტო კლინიკის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. საინტერესო დეტალია ისიც, რომ „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“, ანდრო ძნელაძესთან ერთად, ერთ-ერთი პარტნიორია იაგორ კალანდაძე, რომელიც „საერთაშორისო ფონდ კურაციოს“ დირექტორთა საბჭოს წევრია. ამ კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, 2016 წლამდე, იყო აკაკი ზოიძეც, ვიდრე ის „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდებოდა.

რაც შეხება კიდევ ერთ კონტრაქტორ კომპანიას, შპს „მირკოს“ (ს/კ 204996772), მისი მესაკუთრე ომარ ლომსაძეა. ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ლომსაძეს კუთვნილი ფართი იჯარით გადაცემული ჰქონდა „ქართული ოცნებისთვის“, ყოველთვიური საიჯარო გადასახადი 1 400 ლარს შეადგენს (2014 წლის მონაცემი). აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო უწყებებისგან მილიონობით ლარის ხელშეკრულება მიღებული აქვს ელექტრონული ტენდერებით, რომლებშიც ის, ფაქტობრივად, ერთადერთი მონაწილეა და თითქმის ყოველთვის, სახელშეკრულებო ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას ემთხვევა. კერძოდ, 2012 წლიდან კომპანიამ 232 ტენდერში გაიმარჯვა. კონკურენტი მხოლოდ 35 შემთხვევაში ჰყავდა და აქედან 17 ტენდერში, პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის (რამდენიმე შემთხვევაში, ორი, სამი და ოთხი მონაწილის) ხარჯზე, ხელშეკრულება მაინც „მირკომ“ მიიღო. 2020 წელს კომპანიამ 33 ტენდერში ისე გაიმარჯვა, რომ კონკურენტი არც ერთხელ არ ჰყოლია და არც შესყიდვის ფასი გაუიაფებია. ამის გარდა, 200-მდე ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით მიიღო.

შპს Weekend-ის დირექტორი ბონდო გოლეთიანი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო და 2012 წელს პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს - 25 000 ლარი და 2020 წლის 30 ოქტომბერს, ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიასთან აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს 588 995-ლარიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხა მთლიანად გადახდილია.

ამ შესყიდვების გარდა, პანდემიის დროს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიების სურსათით დასახმარებლად, აჭარის მთავრობამ, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, 1 262 000 ლარი გახარჯა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, კერძოდ, სარეზერვო ფონდიდან პირველ ეტაპზე 367 332 ლარი გამოიყო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა პენსიონერებისა და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეების ,,სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფის მიზნით. ამ თანხით რეგიონის მთავრობამ 7 000 ერთეული ,,სასურსათო კალათა“ შეიძინა და მუნიციპალიტეტებს გადასცა. აქედან 1 605 - ბათუმის, 1 334 - ქობულეთის, 652 - ხელვაჩაურის, 751 - ქედის, 775 - შუახევის, ხოლო 1 604 კალათა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა. ამასთანავე, 279 ერთეული სასურსათო კალათა ე. წ. ოცნების ქალაქში დარიგდა.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის კიდევ ერთი ბრძანებით კი, მეორე ეტაპზე, სარეზერვო ფონდიდან 894 627 ლარი გამოიყო სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებისთვის. ამჯერად სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ მოქალაქეებს, მარჩენალდაკარგული ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებს, მარტოხელა მშობლებს, 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანებს, შშმ სტატუსის მქონე ვეტერანებს, შშმ სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიან ოჯახებსა და ე. წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებ 993 ოჯახს გადაეცა. ჯამში 19 260 სასურსათო კალათა დარიგდა, აქედან 5 067 - ბათუმის, 3 563 - ქობულეთის, 2 532 - ხელვაჩაურის, 2 506 - ქედის, 2 285 - შუახევისა და 2 314 - ხულოს მუნიციპალიტეტებში.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი