გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა, მის მიერ წარდგენილი გუბერნატორები კიდევ შეიცვალოს. ბოლო საკადრო ცვლილება რეგიონებში მან 2021 წლის თებერვლის დასაწყისში განახორციელა, რა დროსაც ახალი გუბერნატორები საქართველოს 6 რეგიონში დანიშნა. შიდა ქართლში სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი (2018) დირექტორი, მამუკა საღარეიშვილი წარადგინეს.

სახელმწიფო რწმუნებულების ხშირი ცვლილებით შიდა ქართლი ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ რეგიონმა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2012 წლიდან დღემდე, 5 გუბერნატორი გამოიცვალა. გუბერნატორების ხშირი ცვლილების გამო თვეების განმავლობაში რეგიონს ხელმძღვანელი არ ჰყავდა, მის მოვალეობას კი პირველი მოადგილე ასრულებდა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, შიდა ქართლში გუბერნატორების ხშირი ცვლილების ფონზე, სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე, წლების განმავლობაში, რა რაოდენობის თანხები იხარჯებოდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შიდა ქართლის პირველი გუბერნატორი ბანკი „ქართუს“ გორის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი ზურა რუსიშვილი იყო. ეს პოზიცია მან 2012 წლის დეკემბერში დაიკავა და 2016 წლის გაზაფხულზე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა (გასულ წელს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა). მისი გუბერნატორობის პირველ წელს სამხარეო ადმინისტრაციაში სულ 47 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაში 2012 წელს 470 975 ლარი დაიხარჯა. წლის განმავლობაში გაცემულმა პრემიამ კი 130 524 ლარი შეადგინა. 2016 წლისთვის კი, ვიდრე რუსიშვილი თანამდებობას დატოვებდა, თანამშრომელთა რაოდენობა 27-მდე შემცირდა, მათ ანაზღაურებას 331 592 ლარი მოხმარდა, გაცემულმა დანამატმა კი 66 130 ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში შიდა ქართლის გუბერნატორისა და მისი აპარატის ხარჯებზე „ფაქტ-მეტრი“ 2017 წელსაც წერდა.

ცხრილი 1. შიდა ქართლის გუბერნიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურება (2013-2016 წ.წ.):

წყარო: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

ზურა რუსიშვილის გუბერნატორობიდან წასვლის შემდეგ შიდა ქართლში ეს თანამდებობა თითქმის ერთი წელი ვაკანტური იყო. 2017 წლის თებერვალში კი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია კახა სამხარაძემ დაიკავა. სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი რეგიონული კურატორი შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის მარტამდე მუშაობდა. ამ პერიოდიდან სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის ყოფილმა გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე ეს თანამდებობა 4 თვეში დატოვა.

2017 წელს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. თანამშრომელთა ხელფასებისთვის ამ წელს 395 649 ლარი, ხოლო გაცემულ ჯილდოებსა და დანამატებში 57 440 ლარი დაიხარჯა.

2018 წლის აგვისტოში შიდა ქართლის გუბერნატორად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი (2011წ.) უფროსი გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, რომელსაც ეს პოზიცია 2 წლის განმავლობაში ეკავა. „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის აგვისტოში ის გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა და დღეს უკვე საკანონმდებლო ორგანოს წევრია.

მისი მუშაობის პერიოდში შიდა ქართლის გუბერნიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 29-მდე შემცირდა, 2018-2020 წლებში ხელფასებისთვის წელიწადში საშუალოდ, 225 000 ლარი იხარჯებოდა, ჯილდოს სახით კი სულ 22 527 ლარი გაიცა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, საწვავისთვის ყველაზე მეტი თანხა 2019 წელს დაიხარჯა, მობილური ტელეფონით კომუნიკაციისა და წარმომადგენლობითი ხარჯებით ამ მხრივ 2017 წელია გამორჩეული.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იცვლებოდა. ყველაზე მეტი თანხა შიდა ქართლმა ბოლო 4 წელში 2019 წელს მიიღო - 628 064 ლარი.

ცხრილი 2. შიდა ქართლის გუბერნიის ხარჯები 2017-2020 წლებში (ლარი):

წყარო: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017-2020 წლებში შიდა ქართლის რეგიონისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან სულ 2 455 149 ლარი გამოიყო, აქედან 66% სამხარეო ადმინისტრაციის 29 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებას მოხმარდა და ამისთვის 1 623 679 ლარი დაიხარჯა.

უფრო ადრე კი, 2013-2016 წლებში, ანალოგიური მაჩვენებელი 1 911 515 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდში თანამშრომელთა რიცხვი 44 დან 26-მდე შემცირდა.

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გუბერნატორის შრომის ანაზღაურება (ხელფასი და პრემია-დანამატი) 2014-2016 წლებში, ჯამში 22 250 ლარით გაიზარდა, ხოლო აპარატის თანამშრომლებზე გაცემული თანხა აღნიშნულ პერიოდში 285 451 ლარით შემცირდა.

2017 წლიდან 2019 წლამდე შრომის ანაზღაურებისთვის გაცემული თანხა 41 216 ლარით გაიზარდა, 2020 წელს კი ეს თანხა 266 591 ლარით შემცირდა.

მთლიანობაში, 2013-2020 წლებში, შიდა ქართლის გუბერნატორისა და მის აპარატში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისთვის 3.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აღნიშნულ პერიოდში თანამშრომელთა მაქსიმალური რაოდენობა 44-ს, მინიმალური - 22 -ს შეადგენდა. სახელმწიფო რწმუნებული კი ამ რეგიონში 8 წელში 4-ჯერ, ხოლო ბოლო 4 წელიწადში კი 3-ჯერ შეიცვალა.

ფოტო:droa.ge

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი