შპს „ბათუმი თაუერმა“ ბათუმის მერიისგან 15-წლიანი ვადით, 3 380 კვ. მ პლაჟის იჯარით გადაცემა მოითხოვა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის ბულვარში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩადგმულ შენობას ფლობს. დიახ, სწორედ ბულვარში, მთავარ შესასვლელში არსებულ შენობას ვგულისხმობთ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ უნდა ყოფილიყო და, წლების შემდეგ, სასტუმრო Le Méridien-ად გადაიქცა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლისთვის პლაჟის გასხვისებაზე თანხმობა მიეცა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა უმრავლესობა აიძულა, საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღო. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ რამდენჯერმე გარკვევით გაიმეორა, რომ საკითხი „დროებით“ გადაიდო და საკანონმდებლო ორგანო მის განხილვას მაშინ მიუბრუნდება, როცა ბულვარის განაშენიანების გეგმა მზად იქნება.

თანხმობის გამზადებულ განკარგულებას საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი ვერ მოაწერა

საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას,რომელშიც წერია: „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის №35 სექტორზე მდებარე №05.21.02.038, №05.21.02.039 და №05.21.02.042 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან 1 300 კვ. მ და 2 080 კვ. მ, სულ 3 380 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „ბათუმი თაუერისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, ყოველი წლის ზაფხულის სეზონზე ოთხი თვით (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“, საკრებულომ კენჭი ვერ უყარა.

ამ ქონების იჯარით მიღება კომპანიას ყოველწლიურად 76 615 ლარი დაუჯდება. განკარგულება ძალაში საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერისთანავე შევიდოდა, თუმცა ბულვარის დამცველების, აქტივისტების, საზოგადოება „ბათომისა“ და საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტმა უმრავლესობა აიძულა, გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა და განკარგულება ხელმოწერის გარეშე დარჩა. სხდომაზევე გავრცელდა მოსაზრება, რომ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე, საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო და საკრებულოს უმრავლესობასა და მერის მოვალეობის შემსრულებელს ურჩია, დროებით დათმობაზე წასულიყვნენ. თუმცა რამ აიძულა საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, უარი თქვა საკითხის განხილვაზე, ამის ცალსახად თქმა შეუძლებელია. ფაქტია, რომ აქტივისტების ხმაურიანმა და შეუპოვარმა პროტესტმა პროცესზე გავლენა იქონია.

პლაჟის გასხვისების წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილის აქტიური პროტესტი არავის გაჰკვირვებია. მთელ ამ პროცესში განსაკუთრებულად რეზონანსული თვითონ ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განცხადება იყო, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„დამიტოვეთ დარბაზი!“

საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ეს კატეგორიული მოთხოვნა ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებას მოჰყვა. რეპლიკამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს ვიღაც მის კერძო საკუთრებაში არსებული ქონების წართმევას უპირებდა. სწორედ ასე აღიქვეს ბულვარის დამცველებმა და საკრებულოს ოპოზიციამ თავმჯდომარის ყვირილნარევი მოწოდება.

ბულვარის დირექტორის განცხადება კი მართლაც მოულოდნელი იყო. ირაკლი ჯინჭარაძე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სისტემაში შემავალ სსიპ „ბათუმის ბულვარს“ ხელმძღვანელობს. ბათუმელებს საკრებულოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება ახსოვთ, რომლებსაც აპროტესტებდნენ, მაგრამ ხელისუფლების მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირი რომ ამ პროტესტის დროს მათ მხარეს დამდგარიყო, ეს პირველად მოხდა. ირაკლი ჯინჭარაძე ტრიბუნასთან მას შემდეგ მივიდა, რაც ხმაურისა და პროტესტის ფონზე, სხდომა დროებით შეწყდა და საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ კაბინეტში რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად შეიკეტა. ამ მცირეხნიან თათბირზე ირაკლი ჯინჭარაძეც შეიყვანეს. როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ბულვარის დირექტორს აზრი ვერ შეაცვლევინეს. როგორც კი საკრებულოს სხდომა განახლდა, ჯინჭარაძემ ტრიბუნიდან მწვავე განცხადება გააკეთა: „სულ რაღაც ათ დღეში შემოვა ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი. დაველოდოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება... არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპიროა და ის ყველასთვის უნდა იყოს... ბათუმის ბულვარის პლაჟით სარგებლობს ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ყოფნის. საკმარისია!.. მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის. შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე, აუზია შემოღობილი. „ალიანსსაც“ უნდა პლაჟი „მერიოტისთვის“ და სხვა კომპანიებსაც უნდათ. ხვალ ვერავინ შევალთ [პლაჟზე], თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის!“

ირაკლი ჯინჭარაძის განცხადების პარალელურად დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების შეძახილები ისმოდა. სანამ სხდომიდან გავიდოდა, ბულვარის დირექტორმა ბოდიში მოიხადა, რასაც თებიძის შეძახილი მოჰყვა: „ვის უხდი ბოდიშს? არავის არ სჭირდება შენი ბოდიში! დამიტოვე დარბაზი!“ ჯინჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს არ უპასუხა და დარბაზი დატოვა.

ვის ნებაზეა დამოკიდებული მოქალაქეების საკრებულოს სხდომაზე დაშვება

მოქალაქეების ერთ ნაწილს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის განხილვაზე დასწრება სურდა. მათ შორის იყვნენ საზოგადოება „ბათომის“ წევრები, აქტივისტები, ბათუმის ბულვარის დამცველები. როგორც გაირკვა, მოქალაქეებმა სხდომის დაწყებამდე შესაბამისი პროცედურების გავლა სცადეს, განცხადებები დაწერეს და საშვი მოითხოვეს, თუმცა ვერ მიიღეს. ამის შემდეგ, მოქალაქეები ადმინისტრაციული შენობის ფოიეში შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ და სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდნენ. შენობის დაცვის სამსახურმა საკუთარი ძალით გამკლავება ვერ შეძლო და ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საკრებულოს უმრავლესობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას მათი ჩართულობის გარეშე აპირებდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მნიშვნელოვანი საკითხები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გაუთვალისწინებლად, საჯარო განხილვის გარეშე გადის საკრებულოს სხდომაზე და მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების ან სიტყვით გამოსვლის უფლება ეზღუდებათ. მაგალითად: როდესაც ბათუმის საკრებულო „ბათუმის რივიერას“ საკითხს განიხილავდა, საზოგადოება „ბათომის“ წევრებს სიტყვის თქმის უფლება არ მისცეს. თუმცა მოქალაქეების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. საკრებულომ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნები არც „ამბასადორი ბათუმთან“ დაკავშირებით გაითვალისწინა.

საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს კი საჯაროობა წარმოადგენს. ამის შესახებ სულიკო თებიძესა და უმრავლესობის სხვა წევრებს სხდომაზე ოპოზიციონერმა კოლეგებმა არაერთხელ შეახსენეს და მიუთითეს, რომ ის რეგლამენტს არღვევდა. საზოგადოება „ბათომის“ წევრმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა ირმა ზოიძემ სულიკო თებიძეს პირდაპირ უთხრა, რომ ის, ქალაქისთვის მავნე გადაწყვეტილებების მიღებისას, ცდილობს, დისკომფორტი არავინ შეუქმნას და სხდომებს დახურული წესით ატარებს. საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე თავი ვერ შეიკავა და აქტივისტების მიმართ საკმაოდ შეურაცხმყოფელი რეპლიკები ისროლა.

აჭარის მთავრობა ბულვარის ბათუმის მერიისთვის დაბრუნებას აპირებს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მედიამ შეტყობინება მიიღო, რომ აჭარის მთავრობაში სხდომა გაიმართებოდა. იმთავითვე გაჩნდა მოლოდინი, რომ მთავრობა ბულვარის საკითხის განხილვას აპირებდა. საკრებულოს სხდომაზე კი უმრავლესობის რამდენიმე წევრმა თავმჯდომარეს სთხოვა, შესვენება გამოეცხადებინა.

დარბაზში დაბრუნებულმა სულიკო თებიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ საკითხის განხილვა დროებით გადაიდო და მას აუცილებლად დაუბრუნდებიან, ოღონდ მას შემდეგ, როცა ბათუმის ბულვარის განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდება.

ამასობაში აჭარის მთავრობის სხდომაც დაიწყო. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან განაცხადა: „ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარის, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე ჩვენ მივიღეთ მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბულვარის შემდგომ მართვას და ისიც გასაგებია, რომ ბულვარი, თავისი დანიშნულებით, წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ ვავალებ ეკონომიკის მინისტრს, ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ უმოკლეს ვადებში უზრუნველყონ ბათუმის ბულვარის სამართავად ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომლებიც, შესაძლოა, არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციაა. მისი ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში 2014 წელს დადგა. დროდადრო, როცა ბულვარის დამცველები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტებს აპროტესტებენ, ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნების საკითხი აქტიურდება, მაგრამ დღემდე ის აჭარის მთავრობის სისტემაში რჩება. ბიზნესინტერესები კი იზრდება და როგორც ამ გახმაურებულ სხდომაზე არაერთხელ აღინიშნა, პლაჟის ხანგრძლივი დროით იჯარით აღების სურვილი, „ბათუმი თაუერის“ გარდა, არაერთ კომპანიას აქვს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი