ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი ვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაა. საქართველოს დემოგრაფიული პირამიდა, რომელზეც მოსახლეობა 5- წლიანი სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა წარმოდგენილი, სტაციონარული ფორმით გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის განაწილება სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დაახლოებით თანაბარია.

გრაფიკი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 5-წლიანი ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით, ათასი კაცი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; „ფაქტ-მეტრის“ გამოთვლები

დემოგრაფიულ პირამიდაზე წარმოდგენილი მონაცემები სამუშაო ბაზრისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, შედარებით შემცირებული მოსახლეობა 10-14, 15-19 და 20-24 ასაკობრივ ჯგუფებში, სამუშაო ბაზარზე ნაკლებ მოსალოდნელ მიწოდებას ნიშნავს. მნიშვნელოვანი ინდიკატორებია დამოკიდებულების თანაფარდობა და მოსახლეობის აქტიურობის დონე. დამოკიდებულების თანაფარდობა გვიჩვენებს რამდენი არასამუშაო ასაკის მოსახლე მოდის თითო სამუშაო ასაკის მოსახლეზე და ის შემდეგნაირად გამოითვლება:

დამოკიდებულების თანაფარდობა=((0-14 წლის ასაკის მოსახლეობა )+(65+ასაკის მოსახლეობა))/(14-64 წლის ასაკის მოსახლეობა)

2020 წლის დემოგრაფიული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების კოეფიციენტია 55%, რაც ნიშნავს, რომ ყოველ ერთ არასამუშაო ასაკის ადამიანზე (წლებში 0-14, 64+) დაახლოებით ორი სამუშაო ასაკის ადამიანი მოდის. სამუშაო ძალის აქტიურობის დონის დასათვლელად აქტიურ მოსახლეობას (სამუშაო ძალას) ვაფარდებთ 15+ ასაკის მოსახლეობასთან. სამუშაო ძალაში შედიან დასაქმებულები (თვითდასაქმებულები და დაქირავებით დასაქმებულები) და უმუშევრები (უმუშევრობა განისაზღვრება იმის მიხედვით, ადამიანი ეძებს თუ არა სამუშაოს და არის თუ არა მზად მუშაობის დასაწყებად [1] ).

გრაფიკი 2: აქტიურობის დონე, 2010-2020

წყარო: საქსტატი

აქტიურობის დონე საქართველოში 2015 წლიდან იკლებს და 2020 წლისთვის 50.5%-ია, რაც ნიშნავს, რომ 15 წლის ზემოთ მყოფი მოსახლეობიდან დაახლოებით ნახევარია ჩართული სამუშაო ძალაში, მეორე ნახევარი არ ეძებს სამუშაოს ან/და არ არის მზად დაიწყოს მუშაობა.

მომდევნო გრაფიკზე ჩანს, რომ ბოლო წლებში სამუშაო ძალა მცირდებოდა. კლებადი ტენდენციის შემდეგ, კრიზისულ 2020 წელს უმუშევრობის დონე 18.5%-მდე (2019-ის 17.6%-თან შედარებით) გაიზარდა და უმუშევართა რაოდენობამ 282 ათასი ადამიანი შეადგინა. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია სწორედ ნახსენები სამუშაო ძალის შემცირების გავლენა. კერძოდ, წინა წლებში უმუშევრობის დონე მხოლოდ „ქაღალდზე“ მცირდებოდა სწორედ სამუშაო ძალის შემცირების, მისგან ე.წ „იმედდაკარგული“ მუშახელის გადინების ხარჯზე. შედეგად, უმუშევრობის დონე არა დასაქმების ზრდის, არამედ უმუშევართა სამუშაო ძალიდან გასვლის ხარჯზე მცირდებოდა. აღნიშნული მიზეზით უმუშევრობის დონის შემცირება, შინაარსობრივად დადებით მოვლენას არ წარმოადგენს და რეალობაში მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ უმუშევარი ადამიანები, დიდხნიანი უშედეგო ძებნის შემდგომ, სამუშაოს პოვნის სურვილს კარგავენ და სამსახურის ძიებას წყვეტენ, რითაც უმუშევართა რაოდენობას მხოლოდ ტექნიკურად ამცირებენ.

გრაფიკი 3: სამუშაო ძალის გადანაწილება, 2010-2020

წყარო: საქსტატი

დასაქმების სტატუსის მიხედვით, 2020 წელს დასაქმებულთა უმრავლესობა, 68.1% დაქირავებით დასაქმებული, ხოლო დარჩენილი 31.9% კი თვითდასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან თვითდასაქმებულთა წილის ცვლილების ტენდენცია ძირითადად კლებადია, შესაბამისად, დაქირავებულთა წილი მთლიან დასაქმებაში იზრდება. როგორც მესამე გრაფიკზე ჩანს, თვითდასაქმებულთა რიცხვი რაოდენობრივადაც მცირდება, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი კი გაზრდილია, თუმცა 2019-2020 წლებში შემცირება აღინიშნება.

გრაფიკი 4: დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით, 2010-2020

წყარო: საქსტატი

დასაქმების სტატუსის გარდა მნიშვნელოვანია დასაქმებულთა გადანაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით. ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 23% სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული.

გრაფიკი 5: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით, 2010-2019

წყარო: საქსტატი

სახელმწიფო სექტროში დასაქმების წილმა მინიმუმს 2014 წელს მიაღწია, შემდგომ პერიოდში კი დაბალი ტემპით, თუმცა ისევ ზრდას განაგრძობს და 2019 წლის მდგომარეობით, ჯამურმა ზრდამ - 2.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული გადანაწილება ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ამავდროულად, 2017-2019 წლებში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტური ოდენობის ზრდის ფონზე, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მცირდება. რაც მისაღები სურათი არ არის. სასურველია, დასაქმებულთა ოდენობა კერძო სექტორში ზრდის, საჯარო სექტორში კი - დასაქმების როგორც წილი, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლები, შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდეს.

[1] საქსტატი უმუშევრად თვლის 15+ ასაკის ადამიანს, რომელიც გამოკითხვამდე წინა 7 დღის განმავლობაში, ერთი საათითაც კი არ მუშაობდა, ბოლო 4 კვირაში ეძებდა სამუშაოს და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი