30 აპრილს რეგიონული მაუწყებლის - TV25-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე, სააღდგომო ნობათი დაურიგა. ნობათი ერთ ადამიანზე ერთი პასკისა და ექვსი კვერცხისგან შედგებოდა. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ჰყვება, ნაჩუქარი „პასკა“ გაფუჭდა და გამოსაყენებლად უვარგისი გახდა.

იმავე სიუჟეტში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სააგენტოს უფროსმა მამუკა შამილიშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ სააღდგომო „პასკას“ ერთთვიანი ვადა ჰქონდა, ხოლო რესპონდენტმა, შესაძლოა, შენახვის პირობები ვერ დაიცვა და 6 000 ბენეფიციარიდან, გაფუჭებული მხოლოდ მისი პასკა აღმოჩნდა. მისივე თქმით, დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე დარიგება იმიტომ დაიწყეს, რომ „ამ კონტინგენტში ძალიან ჭირს დისტანციის დაცვა და ყველანაირი ზომების დაცვა“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდათ სხვა ბენეფიციარებსაც პრეტენზია პასკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე ბენეფიციარს დავუკავშირდით. თითოეულმა მათგანმა გვითხრა, რომ საჩუქრად მიღებული პასკა გაფუჭებული იყო. მათი თქმით, პასკას ამჟავებული გემო ჰქონდა და ზოგიერთ შემთხვევაში, დაობებულიც. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გვთხოვა, ვინაობა არ გაგვემხილა. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის ტკბილეულს თვეების განმავლობაში ვერ ყიდულობს და ეშინია, რომ თუ სოციალური სერვისების სააგენტოს წინააღმდეგ პრეტენზიას გამოთქვამს, შესაძლოა, ის პროდუქტიც ვერ მიიღოს, რომელსაც ამ ეტაპზე იღებს: „აი ცომი რომ ამჟავდება და მისგან პურს მაინც გამოაცხობ, ისეთი გემო ჰქონდა. სხვა დროსაც, როცა პროდუქტს გვაძლევენ, ყოფილა შემთხვევა, რომ უხარისხო იყო და საყვედური მითქვამს, მაგრამ მეუბნებიან, თუ არ გაჩუმდები, [უფასო კვების] სიიდან ამოგიღებთ და სხვას ჩავსვამთო. რა ვქნა, ჩემს შვილებს ტკბილეულს კი არა, საჭმელსაც ვერ ვყიდულობ და მართლა რომ აღარ მომცენ, ვინ დამეხმარება?“ სხვა რესპონდენტი კი, მისივე თქმით, მზადაა, ამ შემთხვევაზე სხვა დროს, თუ საჭირო იქნება, ხმამაღლა ისაუბროს. როგორც ის ადასტურებს, მის ოჯახს, რომელიც შვიდსულიანია, შვიდი პასკა მისცეს - შვიდივე უხარისხო და დაობებული. ბენეფიციარები ასევე აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მათთვის გადაცემული პროდუქტი, ზოგჯერ, უვარგისია და საკვებად ვერ იყენებენ. „ვინაიდან სოციალური სასადილოები პანდემიის გამო არ მუშაობს და საკვებ პროდუქტს სახლში გვატანენ, ადგილზე ვერ ვამოწმებთ. შინ მიტანილი პროდუქტი კი ხშირად გაფუჭებული აღმოჩნდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ვერ გამოგვიყენებია. ბავშვი კი არა, დიდი ადამიანიც ვერ შეჭამს და სანაგვეში ვყრი, ან, თუ გამოდგება, სოფელში ვატან ნათესავს, რომ საქონელს აჭამოს. შევცდი, რომ პასკას ფოტოები არ გადავუღე. თუმცა რა აზრი აქვს, გამოცვლით მაინც არავინ გამოგვიცვლიდა“, - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

სააგენტომ სააღდგომო სასაჩუქრე კალათების შესაძენად ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT210005957) მიმდინარე წლის 31 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 064 ლარი იყო. ორ პრეტენდენტს შორის, დაბალ ფასად საქონლის მიწოდება შემსყიდველს შპს „ნიკამ“ შესთავაზა. კომპანიასთან 30 876-ლარიანი ხელშეკრულება 16 აპრილს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს შემდეგი პირობების დაცვა მოეთხოვებოდა:

ტრადიციული მეთოდით დამზადებული სააღდგომო პასკა, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილის, ნატურალური შაქრის (დამატკბობლის გარეშე), ქიშმიშისა და შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით; თითოეული პასკის წონა - არანაკლებ 500 გრ.; ზემოდან მოყრილი შაქრის პუდრით (რესპონდენტებმა გვითხრეს, რომ პასკებს შაქრის პუდრი არ ჰქონდა მოყრილი); გამოცხობისას დაცული უნდა ყოფილიყო რეგულაციებისა და ამ სფეროში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესი, რის შედეგადაც პასკა იქნებოდა ვიზუალურად კარგი, არ იქნებოდა დამწვარი; თითოეული პასკა უნდა ყოფილიყო შეფუთული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ეტიკეტირებული; პასკის ვარგისიანობის ვადა -არანაკლებ 1 თვე მიწოდების დღიდან.

რესპონდენტების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, პასკების ხარისხი ეჭვს ბადებს. როცა ბენეფიციარებმა აღმოაჩინეს, რომ პროდუქტი გაფუჭებულია, ვარგისიანობის ერთთვიანი ვადა გასული არ იყო. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ნიკამ“ ერთი ცალი 500-გრამიანი პასკა შპს „ლუკა 2005-სგან“ 2 ლარად და 49 თეთრად შეიძინა.

ჩვენ „ლუკა 2005-ის“ დირექტორ ნუკრი მეფარიშვილს ტელეფონით ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ პასკები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან, შეკვეთის მიღების საფუძველზე დამზადდა და ასე მალე არ გაფუჭდებოდა. მიზეზი, შესაძლოა, შენახვის პირობები ყოფილიყო, რადგან მათ პროდუქცია სხვა მომხმარებლებსაც მიაწოდეს და ყველა კმაყოფილია. მან არ გვითხრა, რა ჯდება ერთი 500-გრამიანი პასკის დამზადება (თვითღირებულება), რომელიც შემდეგ 2 ლარად და 49 თეთრად სხვა კომპანიას მიჰყიდა. რაც შეეხება ინგრედიენტებს, მეფარიშვილმა გვიპასუხა, რომ ეს მათი საიდუმლოა და ვერ გაგვიმხელს.

საინტერესოა, რომ შპს „ლუკა 2005“ დარეგისტრირებულია 2019 წელს. მისი დირექტორი ნუკრი მეფარიშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი და მმართველი - იაშა ჩაჩუა. მეფარიშვილმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა, ხოლო ჩაჩუამ, იმავე წელს, ზურაბიშვილის სასარგებლოდ, 60 000 ლარი გადარიცხა.

იაშა ჩაჩუას სახელთან კიდევ ორი კომპანიაა დაკავშირებული. ამ კომპანიებში მისი პარტნიორი ლაშა უღრელიძეა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადარიცხული აქვს, ჯამში 110 000 ლარი.

რაც შეეხება თვითონ შპს „ნიკას“, მისი დირექტორი და მესაკუთრე ზვიად ფასანიძეა. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვთხოვეთ, აეხსნა, რა მიზეზით შეიძლებოდა, რომ პასკები ასე ხანმოკლე პერიოდში გაფუჭებულიყო. ზვიად ფასანიძემ გვითხრა, რომ შპს „ლუკა 2005-მა“ პროდუქცია მისი შეკვეთის შემდეგ დაამზადა და ორ ეტაპად მიაწოდა, რაც გამორიცხავს, რომ პასკები ძველი ყოფილიყო. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ნაწარმის დასამზადებლად მაღალი ხარისხის ინგრედიენტები გამოიყენეს. ფასანიძე ვარაუდობს, რომ პასკები თბილ მდგომარეობაში შეფუთეს, რის გამოც დაიორთქლა და შესაძლოა, ამ მიზეზით დაობდა.

სოციალური სერვისების სააგენტოსა და ორივე კომპანიის წარმომადგენლების პასუხი გამორიცხავს, რომ პასკები ძველი ან უხარისხო ინგრედიენტებისგან იყო დამზადებული. შემსყიდველი და მიმწოდებელი მხარეები თვლიან, რომ სოციალურად დაუცველებმა ნაჩუქარი პასკები სათანადოდ ვერ შეინახეს.

ფოტო: TV25


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი